პოეზიაფრიდონ ხალვაში

ძეგლში ყოფნა

ერთი მწუხარე ამბავი მჭირდა, _

სიზმარი ქვაში ჩემს სახეს ჭრიდა,

მცემდნენ უროს და მიქნევდნენ წერაქვს,

კლდე ნამსხვრევებად თავს მეფრქვეოდა,

როგორ ვუძლებდი ამნაირ წერას, _

ნუთუ მისთვის რომ ძეგლი მრქმეოდა?

ვიღაცა თეთრად მადგა შუქივით,

მთხოვდა, _ არ შედრკე, ვიცი გტკენია,

მაგრამ რომ იყო უფრო სრულქმნილი, _

ჩამოგამტვრიონ, რაც ზედმეტია.

ვიდექი ასე, დარტყმას ვუძლებდი,

ეყარა ირგვლივ ქვის ნაფოტებად

ჩემი დღეების მძიმე ფურცლები,

ხვეწნა, ყიჟინი, კვნესა-გოდება.

ბუღში და მტვერში იქვე ცვიოდა

გარბენილ გზათა ხმები ვედრების,

და ქვის თვალებში დრო შედიოდა,

როგორც გვირაბში მატარებლები.

შუბლზე არხები ბევრი ამომჭრეს,

მივხვდი _ წამება უნდა ვითმინო,

რომ ჩემი სახის ყოველ ნაოჭზე

ჩემმა სიცოცხლემ ისევ იდინოს.

უცებ მგლოვარი და ლმობიერი

თავს წამომადგა დედა მშობელი.

_ შვილი! _ შეჰკივლა უხეშ ხელოვანს

და, ვით იციან ჩვენში ქალებმა,

ტიროდა, თხოვდა, ევედრებოდა

გადავერჩინე მე გაქვავებას.

მაშინ კი რაღაც მოხდა ფარული,

მომინდა სიტყვა და სიარული,

დამილბა ყელი და ქვის ლოყები,

მეძგერა ქარი, მტვერი გაწმინდა,

ნაიარევი და ნაჩოქები,

ისევ გავედი გზის დასაწყისთან.

 

1978

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა