ნოველაფრიდონ ხალვაში

ციდან ჩამოვარდნილი სიყვარული

სადურგლო სახელოსნო ანკარა კინტრიშის ნაპირზე იყო გამართული. ჩანჩქერების გაბმული ჩხრიალი მთლიანად ახშობდა, ესე იგი, გამვლელთ უმალავდა ელექტროდანადგარის ხრიწინ-ხმაურს, რაც ალბათ თითქმის ყოველდღე, დილიდან საღამომდე, გამუდმებით გრძელდებოდა, აქ, წაბლის, ცაცხვის, თელების, წიფლის მდიდარი ტყეებია. გზაზე, ოღრო-ჩოღრო, ღორღიან-ხენდეკებიან გზაზე, რომელიც მარტო ერთი დაცოტავებულ-გამეჩხერებულ სოფელ ხინოსკენ მიდის, მთელი დღე ერთი-ორი ავტო თუ გაიჯღაკუნებს. მაგრამ უსტას მაინც, ყოველი შემთხვევისათვის, ხმაურიანი სახერხ-სარანდავი მოწყობილობა მდინარის ქუხილის საფარქვეშ შეუმალავს.
აი, ასეთი და ამნაირი ფიქრებით მიუახლოვდა სახელოსნოს წელამდე სველი, მხარზე ბადეგადაკიდებული თევრათი. რამდენიმე ცალი კალმახი წელზე შემოკოჭებულ აბგაში ჯერ კიდევ ხანდახან შეფართხალდებოდნენ.
კაი ხანს იჯახირა, ქვებზე აბოტა, წვიტ-წვიტ მორევებში, მისი აზრით, ოსტატურად აფინა ბადე, მაგრამ ამის მეტი ვერ დაიჭირა. თავად კი დასველდა, დაიღალა, ამიტომ გადაწყვიტა `იუსტასთან~ შევივლი, ცოტას დავისვენებ, გავშრები, იქნებ მჭადის ნატეხიც თუა, წავიხემსებო.
კვირადღე იყო. სათევზაოდ მარტო წამოსვლა ამჯობინა, რათა ეს სასიამოვნო საიდუმლო, _ ამ წყალში კალმახის არსებობა, სხვისთვის არ გაემხილა, თორემ მერე ალბათ, მის გარდა აქაურობას სხვა ქალაქელი `მოცლილებიც~ შემოეჩვეოდნენ და ამ `წინწკლებიან იბრეთობას~ მუსრს გაავლებდნენ.
ახლოს რომ მივიდა, შიგნიდან ხერხის ხრიალი გარკვევით გაიგონა.
ღრიჭოში ნახერხის კორიანტელიც შენიშნა, სარკმლიდან შემოჭრილ მზის შუქში რომ ციმციმით ირეოდა.
უსტას სხვა დროსაც შეხველრია. ერთგვარად იცნობდა, მაგრამ მთლად გაშინაურებული მასთან მაინც ვერ იყო. სახელიც კი დაუმახსოვრებია. უბრალოდ, ქვემოდან ზევით ან ზემოდან ქვემოთ მიმავალი თუ შემოიხედავდა, მხოლოდ მიესალმებოდა და გზას განაგრძობდა. მაშინ ფიქრობდა, უსტა, ალბათ, აქ მალულად, მოპარულად საქმიანობს და ხელს არ შევუშლიო.
ახლაც უღრანშია ჩაკარგულ კარავში მომუშავა კაცი თავისი მოულოდნელი გამოცხადებით რომ არ შეეფრთხო, თევრათმა კარის გამოღებამდე ერთი ხმამაღლა ჩაახველა, ცალი ხელით ცხვირიც ხმაურიც მოიხოცა, ერთ მოზრდილ ქვასაც სისველით აჭყუმპალებული `ბატინკის~ ტუჩი წაჰკრა და ღელეში გადაუშვა, მაგრამ შიგნით ხერხის ხმა არც შენელებულა.
კარი თავადაც ხმაურით გამოიღო, ისე რომ, იგი გარედან მიეჯახა კედელს. გაწუწული ბადე შემოიძრო და იქვე დიდ ლურსმანზე ჩამოჰკიდა. სალმის მისაცემად ხელი აღმართა და წელზე თევზიანი აბგის შემოხსნა დაიწყო. ამ დროს ხერხი გამოირთო, ნახერხის მტვერში დაზგასთან თევრათმა ქალი დაინახა. ჭრელჩითწაკრულ თავზეც ნახერხი თოვლივით თეთრად დაყროდა. შფოთიანი თვალები უცხო კაცისკენ მოეპყრო და ცლდილობდა მღელვარება, შიში და დაბნეულობა როგორმე დაემალა. მებადურიც დიდ უხერხულობაში ჩავარდა. სველი, ტანზე შემოტმასნილი შარვალი ხელით შეიჩონჩვილა, თევზებიანი აბგაც ძელსკამზე დააგდო, გამარჯობათო, დაბნეულად უთხრა და ისე ღია კარისაკენ შებრუნდა, _ იფიქრა ალბათ უსტაც აგერ, გარეთ იქნება და შევეგებებიო.
გარეთ კი ჯერჯერობით არავინ ჩანდა. კარი, რომელიც ძველ დაჟანგულ ყურებზე ეკიდა, თავისით ქანაობდა, ღრჭიალებდა, ყანყალებდა, ამიტომ იგი ისევ მოხურა და ამით გააჩუმა. სადაა `ხაზეინიო~ ჰკითხა ქალს. ხის მორის მოსატანადაა გასული ბატონოო, წკრიალა ხმით აუხსნა თავპირახვეულმა უცნაურმა დიასაახლისმა. ქალმა სწრაფად გადმოჭრა მთელი სახელოსნო და კარი ისევ ბოლომდე გააღო. თევრათი მიხვდა, ამას რისთვის აკეთებდა ქალი და შერცხვა, იფიქრა, გარეთ გავალ სულაო, მაგრამ ამ დროს ქალმა ჯორკო მიუჩოჩა და დაბრძანდითო, შესთავაზა. თევრათმა ბურბუშელები მოხვეტა, მთელი ბულული მოყარა, _ გარეთ გავიტან, ცეცხლს წავუკიდებ, გავშრებიო, თქვა, თანაც ახლა უკვე ახლოდან შეხედა დიასახლისს. უმალვე დარწმუნდა, მის წინ გოგონა იდგა. ნახერხის მტვერგადაპნეულ ქუთუთოებში დიდრონი შავი თვალები უელავდა.
თევრათმა ბურბუშელები გარეთ მოზრდილ ბულულად დაახოხოლა. დასველებულ. ქვედკიდურებზე შემოსხეპილ შარვალს ხალათის ბოლო გადააფარა, უკან, ქალიშვილისაკენ მიიხედა და ღელის ხმაურმა თითებით ანიშნა, ასანთი ხომ არ იქნებაო. გოგონა ასანთის მოსატანად რომ შებრუნდა. თევრითი გარედან უყურებდა. კაცის ფეშტამალ-ხალათის ძონძებში გამოხვეული სხეული, შადრევანივით აღმა აქნეული, სავსე, მიმზიდველად მიგოგმანობდა სახელოსნოში და თან მიჰქონდა თევრათის აფორიაქებული მზერა. ასანთი რომ წამოიღო, კარებთან მოსვლამდე გოგომ თვალით დაიჭირა მებადურის ცქერა და ცალი ხედით ოდნავ ჩახსნილი გულისპირი შეიკონა, მაგრამ ორი მკვრივად აზიდული ბუჩქი მკერდზე ამან უფრო გამოკვევა, გოგო ზღაპრიდან თუ ლეგენდიდან მოსულს ჰგავდა. ის მსუბუქად გადაბნეული ნახერხის მტვერიც თითქოს უფრო ამშვენიერებდა, რადგან არაამქვეყნიურს ემსგავსებოდა, უცხოს, უცნაურს ჰგავდა, რაც თანდათან აჯადოებდა ბიჭს.
თავადაც შენიშნა, რომ გოგომ მისი ცქერა დაიჭირა და უხერხულად იბრუნა სახე. ასანთი გამოართვა, დაიხარა, გაჰკრა და უმალვე ბურბუშელებს ტკაცანით კვამლი, მერე ალი ავარდა. წაბლის ხის ნარანდავმა ისეთი ტკაცანი გააჩაღა, გეგონებოდა, სროლა ატყდა. ირგვლივ ისვრიდა ნაპერწკლებს და ოქტომბრის შეგრილებულ, დაჩრდილულ ღელისპირებს აღვიძებდა. თევრათი ცეცხლს ჯერ წინიდან მიეცხუნა, მერე შემობრუნდა. მალე თეთრი ორთქლი ნისლად აიჭრა მაღლა.
ამასობაში ქალიშვილს კაცის სამოსელი შემოეძრო ტანზე. ახლა იგი უკვე ჩითის კაბაში, უფრო ნორჩი, უფრო სადა, ბუნებრივი და წარმტაცი ჩანდა.
თევრათს უნდოდა ეკითხა, სად იყო უსტა, მაგრამ ისე დაბმოდა ენა, ამასაც ვერ ახერხებდა. ეს ყველაფერი რაღაც ამოუხსნელ ჯადო-შემთხვევად ეჩვენებოდა, ეგონა, ამაში ღვთის ხელი ერია, ნამეტანი მოულოდნელი და უჩვეულო სურათი იყო. თევრათი არ გახლდათ ცხოვრების ხამი და ამფერებში მთლად ახალბედაც არ იყო, მაგრამ ახლა მაინც ერთგვარ დაბნეულობას განიცდიდა. საპცაა უსტას გამოჩენას ელოდა. უნდოდა იმ კაცს უბრალოდ, საქმიანი რაღაცეების დაკავებული დახვედროდა და არა ისეთი, _ დაძაბული, რადგან გრძნობდა, ამ გოგოს პატრონს შეეძლო რამე სხვანაირი ეფიქრა. ჩვენებური კაცები ხომ ნამეტანი ეჭვიანები ვართ. ამიტომ ყოველ დეტალს, ყოველ სიტყვას თუ გახედ-გამოხედავს, ამნაირ სიტუაციაში, სიფრთხილე გჭირდება. ასე არიგებდა თავს თევრათი. ბურბუშელების აბლადქცეული ნაფლეთები ცეცხლის ალს მაღლა აჰქონდა, მერე კი კორწიალით ცვიოდნენ დაბლა. გოგომ ამ დროს ერთი ხელისშემოჭერა ბურბუშელა კვლავ გამოიტანა და ჩაფერფლილ-გალეულ ცეცხლს დააყარა. რატომ შეწუხდითო, მადლობა დიდიო, ხმის კანკალით წამოაწია სიტყვა უკან მიბრუნებულ გოგოს თევრათმა. რაის შეწუხებააო, სულის ამოთქმასთან ერთად ამოიძახა გოგონამ.
ძალიან უნდოდა ერთხელ კიდევ თვალი დაედევნებინა სახელოსნოში შემავალი გოგოსათვის, მაგრამ თავი აიძულა ახლა ამნაირი განზრახვა როგორმე უკუეგდო. არადა, თითქოს ფიზიკურად გრძნობდა, როგორი მსუბუქი რხევით მიაბიჯებდა, როგორი სილაღით მიჰქონდა თავისი სხეული ქალიშვილს, მაგრამ, არა, არ გაიხედა მისკენ.
ერთადერთი ღარდადქცეული სახორხიალა გზა ჩამოდიოდა ტყიდან. სულ იმ ღარდას შესცქეროდა თევრათი. მოელოდა, რომ უსტა იმ ბილიკზე გამოჩნდებოდა მალე. ციცაბო ბილიკზე ხანდახან წვრილ-წვრილი ქვები მოხრიალებდა. უსტა კი არა და არ ჩანდა.
შარვალი რომ შემოიშრო, ბიჭი სახელოსნოში შევიდა. გოგონას წალდი ეჭირა ხელში და თითქოს წასასვლელად გამზადებული ჩანდა.
-საჭმელი გაცივდა… წავალ, დავუძახებ. თქვენ დაისვენეთ. აქ, აზლო იქნება, დამტია, მალე მოვალო და… _ აღელვებული, შეშფოთებული უხსნიდა ქალიშვილი და ტყისაკენ მიიწევდა.
-მარტო ტყეში რაფრათ გაგიშვათ, მეც რომ წაგყვეთ? _ გაუბედავად სურვილი გაუმხილა თევრათმა.
-ეგ რა ვიცი მე… არ მინდა, არა! _ იდაყვი მოიქნია.
ახლა მართლაც მძიმე და ძნელად გასარკვეთი წუთი დააწვა ბიჭს. რა ჰქნას? წაყვეს. _ უსტა შეიძლება ამაზე მთლად გადაირიოს, მარტო გაუშვას? შესაძლოა, გოგოს ურჩევნია წაყოლა?
თევზებიანი აბგა ნარმაგადაფარებულ კალათთან მიარბენინა, თითქოს ამით თავისი ნანადირევიც გოგოს მიერ ამოტანილ სადილს შეუერთა. მაღლა მიჭედებულ ლურსმანზე ჩამოჰკიდა, რათა თევზი ძაღლს არ მოეპარა, ბადეც საჩქაროდ დაშალა, დაწიწა, დაფერთხა და გასაშრობად ფიცრებზე გაფინა. მზე უკვე საკმაოდ ამაღლებულიყო, ზემოთებში სათევზაოდ ხეტიალი აღარ ღირდა. კარი ღრჭიალით უკანვე მიაბრუნა და თავადაც ტყისკენ გაემართა.
-ბაბი! ბაბი! _ ედებოდა ხეობას ქალიშვილის ძახილი. პასუხი არ ჩანდა.
უკან მომავალი კაცი რომ შენიშნა, ქალიშვილი შეჩერდა. არა, კი არ შეჩერდა, უკან მობრუნდა, რას ნიშნავს ეს? შეჩერდა თევრათიც, ალბათ ჩემთაენ, _ უცხო კაცთან ერთად ეუხერხულება ეჩვენოს მასასო, გაიფიქრა და გაოგნებული ხეს მიეყრდნო ზურგით.
გავეცლები აქაურობას ჯობიაო, გადაწყვიტა. გავეცლები და ქალიშვილსაც ტანჯვისაგან ვიხსნიო.
სახელოსნოსთან თითქმის ერთად დაბრუნდნენ.
-იცი, ჩემი ნანადირევიც მიართვი მამაშენს. იქაა, კედელზე, ? მიუთითა კაცმა, _ მე წავალ, წისქვილთან მანქანა დავტოვე და.
გოგომ გაიღიმა, მაგრამ მაშინვე ოდნავ დაღონდა, თევრათს მოეჩვენა, რომ მისი წასვლა იწყინა.
-კალმახის გაწლვაში გაწაფული ვარ, მოგეხმარები, _ თქვა თევრათმა. მივიდა, აბგა ჩამოიღო, გარეთ გავიდან თევზები ბალახზე დაყარა.
_ რა ლამაზია, ღმერთო! _ კალმახს რომ შეხედა, თითქოს თავისთვის ჩაიჩურჩულა ქალიშვილმა. თევრათმა ფიცრის ჩამონაწერი დაიდო გვერდით, ჯაყვა გახსნა და საქმეს შეუდგა.
-შენსავით ლამაზები… მიფერება სცადა. უცნაურია, _ ქალიშვილმა ისევ გაიღიმა, მალე კიდეც გადაიკისკისა.
_ მე კალმახივით?.. საიდან, რაფერ… სეირია.
დაიბნა თევრათი, გოგონა ისევ კისკისებდა.
-შენ ამბობ, მდინარეში გაჩენილს ვგავარ? ბაბამ კი, იცი, რა თქვა? შენ ციდან ხარ ჩამოვარდნილიო. საბძელთან, თივაზე დაგდებული გნახე, აგიღე და შიგ წაგიყვანეო, _ კვლავ აკისკისდა, _ ჰოდა, ამიზაა ბაბამ ციური დამარქვა.
შენ ჩემი ციდან ჩამოვარდნილი სიყვარულო ხარო, უნდოდა ეთქვა თევრათს, მაგრამ თავი შეიკავა, თუმცა გრძნობდა, გოგო სულ ერთიანად გამოიცვალა, თითქოს სულ სხვა ვიღაცა მოვიდა მის ალაგას. აჰ, სულ სხვა ვიღაცა ღმერთმა ნუ ჰქნას, ვინც დამხვდა, ის ყველას მირჩევნიაო, ასკვნიდა თავისთვის.
იდაყვებამდე დაეკაპიწებინა მკლავები და დასერილ-დაწლულ კალმახებს წაბლის ფიურის ნაჭერზე ფაქიზად ალაგებდა. ციურიმ თუნგით წყაროს წყალი გამოუტანა და დასარეცხად თავადვე დაუსხა. ცივი წყალი არა მარტო თევზებს, თევრაზის ხოროშ შიშველ მკლავებსაც ესხმებოდა.
-რაია, ჩემთან ერთად ტყეში ასვლა არ ჰქენი? _ ფარული წყენით იკითხა მებადურმა.
ციურიმ ისევ კისკისი დაიწყო;
-არა, თლათ მაგრე არაა. რადგან ასეა, გაგიმხელ. ბაბას, ზემოთ, ტყე-ვაკეში ორასამდე სკა ჰყავს, კოლექტივმა არ გამიგოს და თაფლის ჩაბარება არ დამაძალოსო, ყველას უმალავს.
შვებით ამოისუნთქა თევრათმა. ციურისაგან, ახლა, ასეთი პასუზი ძალიან ბევრს ნიშნავდა მისთვის.
თუნგით ხელში რომ თავზე იდგა, ქალიშვილი თითქოს უფრო მიმზიდველი ეჩვენებოდა, ტყის ფერია იყო ნამდვილი. ღმერთის დაწერილი შეხვედრაა სწორედ. ეს რაღაც საგანგებოა, იღბალია. ციურის თეთრი გრძელთითება ხელი თუნგის გახეხილ-გაწითლებულ ტარს ჩახვეოდა. თუნგის ტუჩიდან მოზომილად, ნება-ნება გადმოიღვრებოდა ხოლმე ანკარა თქვეში, კალმახს თავდაპირველი ფერი და სიცოცხლე უბრუნდებოდა. გარეცხვა რომ მოითავა თევრათმა ხელები შეუშვირა თუნგს. იბანდა, ციურის დასმული წყალი ჟრუანტელს უშლიდა მთელს სხეულს.
მებადურმა ტყისპირიდან მუხის ხმელი ნაფოტები და ტოტები მოიტანა, ცეცხლი გააჩაღა, ბრტყელი ჭალიქვები დაახურა, ზედ დამარილებული კალმახი დააწყო და შესაწვავად ნაკვერცხლებს მიუშვირა. ღარდა ბილიკზე კვლავ არავინ ჩანდა.
ელდასავით შემოაწვა დიდი სათქმელის სურვილი თევრათს.
ეს ხომ ბედისწერის მიერ ნაბოძები ჯილდოა! ციური ჩემთვის გააჩინა ღმერთმა, რამ ამომიყვანა დღეს აქ, რამ შემახვედრა მასთან? რატომ იგვიანებს მამამისი? ეს ყველაფერი განგების ნებად ჩათვალა, თავს მტკიცედ უთხრა, გადადება აღარ შეიძლებაო, ცოლს რომ გაშორდა, მას მერე ოთხი წელი გადის. გოგონა დედასთანაა, მაგრამ უყვარს, შვილია, ბოლოს თავისთან ეყოლება. ბინა დაუთმო, თავად მეგობართან, ნახევრადნაქირავებშია, მერე რა, ბინა იქნება, ქალაქის თავის მოადგილე ორიანში ოცდაათს ღებულობს, ეს კარგად იცის, ბინის სიაში მართალია შორსაა, მაგრამ იმ ოცდაათს მიაცეცხლებს და შორიდან სულ წინ გადაიყვანენ.
შემწვარი კალმახი ქვებით მიიტანა კალათთან. ცხელ ქვებს წაბლის ფოთლები მოახვია. ფოთლებმა საამო სუნი აუშვეს. იმ ტყისა და პირველყოფილების სუნმა თითქოს ბორკილი ახსნა ენას. თევრათმა გაბედა:
_ ციური… _ მღელვარებისაგან გულს მომდგარი ნერწყვი ძლივს ჩაყლაპა, ყელი ჩაიკაფა.
_ თქვენ… მოგშივდათ, ხომ? აგერ, დავსუფრავ, ისადილეთ, დატრიალდა ციური.
_ მე შენ მოგიტაცო უნდა, ციური, _ მოულოდნელად ამოცდა თევრათს და მოგუდულად ჩაიცინა. შენობაზე, რომ გადავიდა, ესეც მოეწონა.
ციური შედგა. სერიოზულად შეათვალიერა თევრათი, მერე წეღანდებურად გადაიკისკისა.
_ ველოდი რაღაც ამნაირს მეტყოდით, ერთხელ უკვე მომიტაცეს…
_ აჰა, გათხოვილი ხარ.
_ არა, ბაბაი დაედევნა და დამაბრუნა
თევრაზი მიხვდა, რას ნიშნავდა ეს. ოდნავ მოიშალა. შუბლი შეეჭმუხნა.
_ იგი, ვინც ეს ჰქნა, ციხეშია.
~ვინც ეს ჰქნა~… დაუშაშრა მთლად გული ამ ნათქვამმა. ციური ტყისკენ იცქირებოდა, ანთებულ სანთელივით იდგა, ხევის ნიავი უთამაშებდა თმებს, როგორც შავად მოსრიალე ცეცხლის ალს. თვალები სხვაგან იყურებოდნენ. გოგოს თითქოს მიწიდან აწევა, ზევით, სადღაც სიმაღლეში ასვლა და აქ ყოფნა ერჩია, როცა იმ წარსულ მწარე ამბავს იგონებდა.
ნატკენი გულით შესცქეროდა თევრათი. სწორი, თხელი, მაღალი გოგო… ვინ გაუშვებდა ამისთანას, დაწყევლა ის უცნობი თევრათმა და გულზე თავისი გრილი ხელი დაიფარა.
მერე ადგა, ბადე აკალთა, გამოკოჭა, ზურგზე მოიგდო და დაღმა დაეშვა.
_ ჩემი სადილი აღარ იკადრეთ? _ წყენით თქვა ციურიმ.
_ მაგვიანდება ძალიან და…
_ აბა თქვენს კალმახებს გაგატან. ახლავე, _ გაიქცა, გაზეთის ნაფრეწები მოყარა, ქვებზე თევზები ააძრო, შეახვია და უკანვე მოირბინა, მაგრამ თევრათი უკვე წყლისპირას ჩასულიყო.

მარტოდ მიტოვებული `მოსკვიჩი~ ვიღაცეებს ლურსმნით დაეჩხაპნათ. წყენას და ტკივილს ახალი მიემატა. ძრავა აამოძრავა. მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა. იჯდა საჭესთან და წისქვილისქვემოთ მიმქუხარ, თეთრ ჩანჩქერს მიშტერებოდა. მირბის, მიჩქეფს ყველაფერი. იცვლება, იკარგება, ქრება.
თეთრი ჩანჩქერი, ქვებს რომ გადავლებოდა ქარში მოფრიალე კაბასავით…
ციური თვალწინ კი არა, კაკალ გულში იდგა თითქოს. ეს რაღაც უჩვეულო საოცრება იყო. ციური… ჩემი ციდან ჩამოვარდნილი სიყვარული!.. მანქანა დაძრა, მაგრამ უმალვე გამორთო, კარი გამოაღო, უკანვე მძაფრად მოაჯახუნა და წეღან ჩამორჩენილ ბილიკს აღმა აუყვა.

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also

Close
Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა