ართურ კონან დოილიდეტექტივიმოთხრობა

ექვსი ნაპოლეონი

სკოტლენდიარდელი მაძებარი, მისტერ ლესტრეიდი, საღამოობით ჩვენი ხშირი სტუმარი იყო. შერლოკ ჰოლმსს სიამოვნებდა ხოლმე მისი მოსვლა. იგი ჩვენთვის იქცა პოლიციაში მომხდარი ყოველნაირი ამბების მაცნედ, რასაც ჰოლმსი დიდად უმადლიდა. ჩემი მეგობარი გულისყურითა და სიამოვნებით ისმენდა ლესტრეიდის მოთხრობებს იმ საქმეებზე, რომლებიც დავალებული ჰქონდა მაძებარს და თან თითქოს უნებურად აძლევდა რჩევა-დარიგებებს, თავისი გამოცდილებისა და ფართო ცოდნის საგანძურიდან.

ერთ საღამოს ლესტრეიდი მხოლოდ ამინდსა და საგაზეთო ცნობებზე ლაპარაკობდა. მერე უეცრად გაჩუმდა და ჩაფიქრებულმა სიგარა დაფერფლა. ჰოლმსი დაჟინებით დააცქერდა:

– ჩემთვის რაიმე საინტერესო საქმე ხომ არა გაქვთ?

– არა, მისტერ ჰოლმს, საინტერესო არაფერი მომხდარა.

– მაინც მომიყევით.

ლესტრეიდმა გაიცინა:

– თქვენ ხომ კაცი ვერაფერს დაგიმალავთ, მისტერ ჰოლმს. მართლაც, მაქვს შენიშნული ერთი შემთხვევა, მაგრამ ისე უმნიშვნელო, რომ თქვენი შეწუხება არ მინდოდა, თუმცა ერთი შეხედვით უბრალო და უმნიშვნელო ამბავია, მაგრამ საკმაოდ უცნაური კია და მე ვიცი, უცნაური და უჩვეულო ყველაფერი გიზიდავთ. სიმართლე რომ ითქვას, ამ საქმემ უფრო დოქტორი უოტსონი უნდა დააინტერესოს, ვიდრე მე და თქვენ.

– ავადმყოფობაა? – ვკითხე მე.

– სიგიჟე. თანაც საკმაოდ უცნაური სიგიჟე. ძნელი წარმოსადგენია, რომ ადამიანს, რომელიც ჩვენს საუკუნეში ცხოვრობს, იმდენად სძულდეს იმპერატორი ნაპოლეონ პირველი, რომ ანადგურებდეს მის ყველა გამოსახულებას, რაც კი ხელთ მოხვდება.

ჰოლმსი სავაოძლის საზურგეს მიეჰრდნო:

– ეს ჩემი საქმე არ არის.

– აი, აკი გეუბნებოდით. მაგრამ ის ადამიანი არ ერიდება ქურდობას, სახლებს ტეხს და ანადგურებს ნაპოლეონის იმ გამოსახულებათ, რომლებიც ეკუთვნიან არა მას, არამედ სხვებს.

ჰოლმსი წელში გაიმართა:

– სახლებს ტეხს და ძარცვავს? ეს ძალიან საინტერესო ამბავია. ბარემ ამ საქმის ყოველივე წვრილმანი კუნჭულებიც გამაცანით.

ლესტრეიდმა სამსახურის საქმეთათვის განკუთვნილი უბის წიგნაკი გადაფურცლა, რათა მეხსიერებაში ყოველი წვრილმანი აღედგინა.

– პირველ შემთხვევაზე ამ ოთხი დღის წინ შეგვატყობინეს, – თქვა მან, – ეს ამბავი მოხდა მორზ ჰადსონის დუქანში. ჰადსონი სურათებითა და ქანდაკებებით ვაჭრობს კენინგტონროუდში. ნოქარი ერთი წუთით გავიდა მაღაზიიდან და უეცრად რაღაც ჭახანი შემოესმა. უკან შებრუნდა თუ არა, ნახა, რომ ხელოვნების სხვა ნაწარმოებებთან ერთად დახლზე მდგარი ნაპოლეონის თაბაშირის ბიუსტი ნამსხვრევებად ქცეული ეყარა იატაკზე. ნობარი ქუჩაში გაიჭრა, და, თუმცა გამვლელები ამტკიცებდნენ, ამ წუთში დუქნიდან ვიღაც კაცი გამოვარდაო, უცნობი ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, მისი ასავალ-დასავალი ვეღარ გაიგო. ეტყობა, ესეც ერთი ისეთი უაზრო ხულიგნობაა, რომლის მსგავსიც დროდადრო ხდება ხოლმე… ასეც მოახსენეს ადგილზე მისულ კონსტებლს. ნაპოლეონის თაბაშირის ბიუსტი სულ რამდენიმე შილინგი ფასობს, და მთელი საქმე ისე წვრილმანი ჩანდა, რომ ძიების წარმოებად არა ღირდა.

ახალი შემთხვევა კი უფრო სერიოზულია და თან არა ნაკებ უცნაური. ეს წუხელ ღამით მოხდა. კენინგტონროუდში, მორზ ჰადსონის დუქნიდან სულ რამდენსამე ასეულ ნაბიჯზე, ცხოვრობს ცნობილი ექიმი, დოქტორი ბარნიკოტი, რომელსაც თემზის სამხრეთ ნაპირზე კარგა გვარიანი პრაქტიკა აქვს. დოქტორი ბარნიკოტი ნაპოლეონის მხურვალე თაყვანისმცემელია. მთელი სახლი საფრანგეთის იმპერატორის წიგნებით, სურათებითა და რელიქვიებით აქვს გამოჭედილი. ამას წინათ მორზ ჰადსონთან შეუძენია ფრანგი მოქანდაკე დევინის მიერ თაბაშირისაგან ჩამოსხმული ნაპოლეონის თავის ორი ერთნაირი ასლი. ერთი თავის ბინაში დაუდგამს, კენინგიონროუდზე, მეორე კი ლაუერ-ბრიქსტონროუდზე მდებარე ქირურგიულ კაბინეტში ბუხრის თავზე. დღეს დილით შინ დაბრუნებულ დოქტორ ბარნიკოტს უნახავს, რომ ღამით მისი სახლი გაუძარცვავთ, ოღონდ არაფერი არ წაუღიათ გარდა თაბაშირის ბიუსტისა, შესასვლელში რომ ედგა. მძარცველს გაუტაცნია ბიუსტი და ბაღის მესერზე დაუმსხვრევია. დილით ღობის ძირას ნამსხვრევთა ზვინი უპოვიათ.

ჰოლმსმა ხელები მოიფშვნიტა.

– შემთხვევა მართლაც არაჩვეულებრივია! – თქვა მან.

– დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს შემთხვევა დაგაინტერესებდათ. მაგრამ ჯერ არ დამისრულებია. დოქტორი ბარნიკოტი თორმეტ საათზე მისულა ქირურგიულ განყოფილებაში, და წარმოიდგინეთ მისი გაოცება, როცა ქირურგიული კაბინეტის ფანჯარა ღიად დახვედრია და მთელი იატაკი ნაპოლეონის მეორე ბიუტის ნამსხვრევებით მოფენილი უნახავს. ქანდაკება ვიღაცის მსახვრალ ხელს სულ ნაცარტუტად უქცევია. ორივე შემთხვევა გულდასმით გამოვიკვლიეთ, მაგრამ დამნაშავის ვინაობა ვერ დავადგინეთ… გიჟი თუ, ასეთ საქმეებს როგორ სჩადის. მისტერ ჰოლმს, ყოველივე წვრილმანი ამ საქმის გარშემო, რაც გიამბეთ, ესაა.

– ორიგინალური და თან უჩვეულო ფაქტებია, – თქვა ჰოლმსმა. – საინტერესოა, დაადგინეთ თუ არა, რა მსგავსებაა დოქტორ ბარნიკოტსა და ქირურგიულ განყოფილებაში დამსხვრეულ ბიუსტებსა და მორზ ჰადსონის დუქანში გატეხილ ნეპოლეონის ბიუსტს შორის.

– ისინი ერთ ყალიბშია ჩამოსხმული.

– მაშასადამე, უაზრობაა იმის მტკიცება, თითქოს კაცს, რომელმაც ეს ბიუსტები დაამსხვრია, ნაპოლეონის სიძულვილი ამოქმედებდეს. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ ლონდონში დიდი იმპერატორის გამომსახველი რამდენიმე ათასი ბიუსტია, ძნელი წარმოსადგენია, რომ უცნობ ფანატიკოსს შემთხვევით დაეწყო ეს უცნაური თამაში და სამი სრულიად ერთნაირი ბიუსტი გაენადგურებინა.

– ეს მეც ვიფიქრე, – თქვა ლესტრეიდმა. – თქვენ რას ფიქრობთ, დოქტორ უოტსონ?

– სულიერი აშლილობა უსაზღვროდ ნაირსახოვანია, – ვუპასუხე მაძებარს. – არსებობს მოვლენები, რომელთაც თანამედროვე ფსიქოლოგები უწოდებენ “აკვიატებულ იდეებს”. ეს იდეა შეიძლება იყოს სრულიად უმნიშვნელო, და ამით შეპყრობილი ადამიანი ყველა სხვა ურთიერთობაში სრულიად ნორმალური გახლდეთ. დავუშვათ, რომ მანიაკმა ადამიანმა მეტისმეტად ბევრი რამ წაიკითხა ნაპოლეონზე, ან შეიტყო რაიმე წყენის ამბავი, მის წინაპრებს რომ ნაპოლეონის ომების დროს მიაყენეს. ასე შეიქმნება “აკვიატებული იდეა”, და მისი ზეგავლენით გამომუშავდება უნარი უაღრესად ფანტასტიკური ოინების ჩასადენად.

– თქვენი თეორია ჩვენთვის გამოუსადეგარია, ჩემო საყვარელო უოტსონ, – მითხრა თავის ქნევით ჰოლმსმა, – რადგან ვერავითარი “აკვიატებული იდეა” ვერ უკარნახებდა იმ უცნაურ მანიაკს, რომელზეც ლესტრეიდმა მოგვითხრო, თუ სად და ვის ბინებში უნდა ეძებნა ნაპოლეონის ბიუსტები.

– თვითონ როგორღა ხსნით ამ ამბავს?

– მე არცა ვცდილობ კვანძის წინასწარ გამოხსნას. მე მხოლოდ ვხედავ, რომ ამ ჯენტლმენის უცნაურ საქციელში არის რაღაც სისტემა.

შემდგომ მოვლენები უფრო სწრაფად წარიმართა და უფრო ტრაგიკულადაც დასრულდა, ვიდრე ვვარაუდობდით. მეორე დილით, როცა ჩემს საწოლ ოთახში ვიცვამდი, ჰოლმსმა კარზე დამიკაკუნა და შემოვიდა. მას ხელში დეპეშა ეჭირა, რომელიც ხმამაღლა წაიკითხა:

“სასწრაფოდ ჩამოდით კენსინგტონში, პიტსტრიტის 131. ლესტრეიდი”.

– ეს რას ნიშნავს? – ვკითხე მეგობარს.

– არ ვიცი. რაც გნებავთ, ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ მე მგონია, ესაა ბიუსტების ისტორიის გაგრძელება. თუ არ ვცდები, აქედან ჩანს, რომ ჩვენმა მეგობარმა მანიაკმა თავისი საქმიანობა ქალაქის მეორე ნაწილში გადაიტანა… ყავა მაგიდაზეა, უოტსონ, და კები კართან გველოდება.

ნახევარი საათის შემდეგ უკვე პიტსტრიტზე ვიყავით – ვიწრო მოსახვევში, ლონდონის ერთი ყველაზე უფრო მღელვარე მაგისტრალის პარალელურად რომ მიემართება. სახლი №131 აღმოჩნდა ერთი ულაზათო ნაგებობა, რომელშიაც რომანტიკული ვერაფერი შევნიშნე. როცა სახლს მივაღწიეთ, მისი ბაღის ღობესთან უსაქმურების ჯგუფი შემოგვხვდა, ჰოლმსმა დაუსტვინა:

– ეშმაკმა დალახვროს, აქ, მე ვფიქრობ, მკვლელობა უნდა იყოს!

ლესტრეიდი შემოგვეგება და ცხვირჩამოშვებულმა გაგვიყვანა სასტუმრო ოთახში, სადაც არაჩვეულებრივად გაჩეჩილი, თივთიკისხალათიანი ხნიერი კაცი ადგილს ვერ პოულობდა და იქეთ-აქეთ აწყდებოდა. გაგვაცნეს. ოჯახის უფროსი აღმოჩნდა, მისტერ ჰორეს ჰარკერი, ბეჭდვითი სიტყვის ცენტრალური სინდიკატის გაზეთის მუშაკი.

– ნაპოლეონის ბიუსტების ისტორია გრძელდება, – თქვა ლესტრეიდმა. – გუშინ საღამოს თქვენ ამ ამბით დაინტერესდით, მისტერ ჰოლმს, და ვიფიქრე, რომ გესიამოვნებოდათ ამ საქმის ძიებაში მონაწილეობა, მეტადრე ახლა, როცა მას ასეთი სავალალო შედეგი მოჰყვა.

– რა მოხდა?

– მკვლელობა. მისტერ ჰარკე, გეთაყვა, უამბეთ ამ ჯენტლმენს ყველაფერი, რაც მოხდა.

ხალათიანმა, ხნიერმა ჯენტლმენმა თავისი დაბნეული სახე მოგვაპყრო.

– უცნაური ამბავია, – თქვა მან. – მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაზეთებში იმ ამბებწე ვწერდი, რაც თავს სხვებს გადახდენიათ, ხოლო როცა ბოლოს მე თვითონ გადამხდა თავს უცნაური ამბავი, ისე დავიბენი, ორი სიტყვის დაწერაც არ შემიძლია. მაგრამ თქვენი სახელი ჩემთვის ცნობილია, მისტერ შერლოკ ჰოლმს, და თუ შეძლებთ, ამოხსნათ ეს საიდუმლოებით მოცული საქმე, ამით ამინაზღაურებთ ამ ამბის ხელახლა მოყოლის არასასიამოვნო აუცილებლობას.

ჰოლმსი დაჯდა და სმენად იქცა.

– ეს მკვლელობა დაკავშირებულია ნაპოლეონის ბიუსტთან, რომელიც ოთხი თვის წინ, ჰაისტრიტის ვოგზლის ახლოს, ძმები ჰარდინგების მაღაზიაში იაფფასად შევიძინე. საგაზეთო წერილებს ჩვეულებრივ ღამით ვწერ და ზოგჯერ საწერ მაგიდასთან ვათენებ ხოლმე. ასე მოხდა წუხელ ღამითაც. ჩემს სოროში ვიჯექი, როცა დაახლოებით სამ საათზე ქვემოდან რაღაც ხმაური შემომესმა. ყური მივუგდე, მაგრამ ხმაური აღარ განმეორებულა, და მეც ხელი ჩავიქნიე, ალბათ ქუჩიდან თუ მომეყურა-მეთქი. მაგრამ ხუთი წუთის შემდეგ საზარელი გოდება გავიგონე – ჯერ კიდევ არასოდეს არ მსმენია, მისტერ ჰოლმს, ასეთი საშინელი ხმა. ეს გოდება ალბათ სიკვდილამდე არ მოასვენებს ჩემს ყურთასმენას. ერთი თუ ორი წუთი შიშისაგან გარინდებული უძრავად ვიჯექი, შემდეგ გელა ავიღე და დაბლა დავეშვი. ამ ოთახში რომ შემოვედი, ვნახე, რომ ფანჯარა ღიაა და ბუხარზე მდგარი ბიუსტი სადღაც გამქრალიყო. ვერაფრით ვერ გავიგე, რისთვის უნდა დახარბებოდა მძარცველი იმ ბიუსტს. ჩვეულებრივი ნივთი გახლდათ და მოსაპარად არა ღირდა. როგორც თვითონ კარგად ხედავთ, ვინც ამ ფანჯრიდან გადახტება, მოხვდება სადარბაზო შემოსასვლელის კიბის საფეხურებზე. რაკი მძარცველს სწორედ ეს გზა ერჩია, წინა ოთახი გავიარე და გარეთ გავედი. ბნელში რომ მივაბიჯებდი, რაღაცას ფეხი წავკარი და კინაღამ მიცვალებულზე დავვარდი. უკან დავბრუნდი და სანათი წავიღე. მოკლულს ყელზე ღრმად აჩნდა ნაჭრილობევი. ყველა ზედა საფეხური სისხლით იყო მოსვრილი. ზურგზე იწვა, მუხლები აეწია და პირი დაეღო. საშინელი სანახაობა ვიხილე, ალბათ, ყოველღამე დამესიზმრება. ჩემი პოლიციური სასტვენი დავუსტვინე და მაშინვე გრძნობა დავკარგე. მეტი აღარაფერი მახსოვს. გონს რომ მოვედი, შევამჩნიე, წინა ოთახში ვიყავი და გვერდით პოლიციელი მედგა.

– ვინაა მოკლული? – ჰკითხა ჰოლმსმა.

– ეს ვერ დავადგინეთ, – თქვა ლესტრეიდმა. – შეგიძლიათ გვამი თვითონვე დაათვალიეროთ ლაზარეთის მიცვალებულთა ოჯახში გადაიტანეს. ჩვენ უკვე ყველაფერი ვცადეთ, ვიკვლიეთ, მაგრამ ვერაფერი შევიტყვეთ. ტანადი, მზით დამწვარი, ძალიან ღონიერი მამაკაცა, ოცდაათი წლისაც არ იქნება. ღარიბულად აცვია, მაგრამ მუშას არა ჰგავს. მის გვერდით, სისხლის გუბეში, ის დასაკეცი ძვლისტარიანი დანა ეგდო. არ ვიცი, მკვდარს ეკუთვნოდა თუ მკვლელს. მიცვალებულის სამოსელზე არ იყო არავითარი ნიშანი, რითაც შესაძლებელი გახდებოდა მისი სახელის გამოცნობა, გაჩხრეკისას ჯიბეში უპოვეს ვაშლი, თოკი, ლონდონის რუკა და ფოტოსურათი. აი, ეს სურათიც.

ეს იყო, პატარა აპარატით, ნაუცბათევად გადაღებული სურათი. ფოტოზე გამოსახული იყო გამოკვეთილნაკვთებიანი, ხშირწარბება, პავიანივით წინ წამოშვერილი ყბების პატრონი ახალგაზრდა მამაკაცი. საერთოდ მასში იყო რაღაც მაიმუნისებური.

– რა მოუვიდა ბიუსტს? – იკითხა ჰოლმსმა, რომელიც ყურადღებით აკვირდებოდა ფოტოსურათს.

– ბიუსტის აღმოჩენა მხოლოდ თქვენი მოსვლის წინ მოხერხდა. კემპდენჰაუროუდზე, უკაცური სახლის წინ, ბაღში დამსხვრეული იპოვეს. სწორედ იქით მივდივარ, მინდა ჩემი თვალით ვნახო იქაურობა. გნებავთ წამოსვლა?

ადგილი, სადაც ბიუსტის ნამსხვრევები იპოვეს, სულ რამდენიმე იარდით იყო დაშორებული სახლიდან. პირველად ვნახე ისეთი შემთხვევა, როცა დიდი იმპერატორის გამოსახულებამ ასეთი გიჟური სიძულვილი გამოიწვია ვიღაც უცნობის გულში. ბიუსტი ბალახში ეგდო, დაქუცმაცებული. ჰოლმსმა რამდენიმე ნამსხვრევი აიღო და ყურადღებით გასინჯა. მის დაძაბულ სახეზე ამოვიკითხე, რომ კვალს მიაგნო.

– რას იტყვით? – ჰკითხა ლესტრეიდმა.

ჰოლმსმა მხრები აიჩეჩა.

– კიდევ ბევრი ჯახირი მოგვიხდება ამ საქმესთან დაკავშირებით, – თქვა ჰოლმსმა. – და მაინც… ზოგიერთი რამ… გვაქვს კვლევა-ძიების დასაწყისასათვის. ეს რამდენიმეგროშიანი ბიუსტი იმ ახირებული დამნაშავის თვალში ადამიანის სიცოცხლეზე ძვირად ფასობს. აი, პირველი ფაქტი, რაც ჩვენ დავადგინეთ. არის მეორე ფაქტიც, არა ნაკლებ უცნაური. თუ დამნაშავის ერთადერთი მიზანი იყო ბიუსტის დამსხვრევა, რატომ არ დაამსხვრია სახლში ან სადმე სახლის მახლობლად.

– ალბათ თავგზააბნეული იყო იმ კაცთან შეხვედრით, რომელიც შემოაკვდა და თვითონაც არ ესმოდა, რას აკეთებდა.

– ეგ ნათქვამი სიმართლეს ჰგავს. მაგრამ მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო იმ სახლს, ბაღში რომ დგას, იქ, სადაც ბიუსტი დაამსხვრია.

ლესტრეიდმა ირგვლივ მიმოიხედა.

– ეს სახლი უკაცრიელია, – თქვა მან, – და დამნაშავემ იცოდა, რომ აქ ხელს არავინ შეუშლიდა.

– დიახ, – გამოეპასუხა ჰოლმსი, – მაგრამ ამ ქუჩაზე არის მეორე უკაცრიელი სახლი, და იმის წინ უნდა ჩაევლო, რომ აქამდე მოეღწია. რატომ არ დაამსხვრია ბიუსტი პირველ უკაცრიელ სახლთან? ხომ იცოდა, ერთი ზედმეტი ნაბიჯი და შეიძლებოდა ვინმეს გადაჰყროდა!

– ამას კი ვერ მივაქციე ყურადღება, – თქვა ლესტრეიდმა.

ჰოლმსმა თითით ანიშნა ქუჩის ფარანზე, თავზე რომ დაგვნათოდა, და თქვა:

– აქ იმ კაცს შეეძლო დაენახა, თუ რას აკეთებს, იქ კი არ შეეძლო. აი, რამ მოიყვანა სწორედ ამ ადგილზე.

– თქვენ მართალი ხართ, დალახვროს ეშმაკმა! – თქვა მაძებარმა. – ახლა მომაგონდა, რომ დოქტორ ბარნიკოტის კუთვნილი ბიუსტი მისი წითელი ლამპის ახლოს გატეხა. მაგრამ რა ვუყოთ ახლა ამ ფაქტს, მისტერ ჰოლმს?

– დავიმახსოვროთ. შემდეგში შეიძლება ისეთ ამბებს წავაწყდეთ, რაც გვაიძულებს ამ ფაქტს უკანვე დავუბრუნდეთ. რა ზომების მიღებას აპირებთ ახლა, ლესტრეიდ?

– ჩემი აზრით, ახლა ყველაზე უფრო საჭირო ის გახლავთ, რომ მოკლულის ვინაობა დავადგინოთ. ეს საქმე არც ისე ძნელია. როცა გვეცოდინება, ვინ არის და ვინ ჰყავს ამხანაგები, იმასაც გავიგებთ, რას აკეთებდა პიტსტრიტზე, ვის შეხვდა და ვინ მოკლა მისტერ ჰორეს ჰარკერის კიბეზე. არ მეთანხმებით?

– გეთანხმებით. მაგრამ მე ამ ამოცანას სულ სხვა მხრიდან მივუდგებოდი.

– რა მხრიდან?

– მე არ მინდა თქვენზე ზეგავლენა მოვახდინო. თქვენ თქვენებურად წარმართეთ ძიება, მეც ჩემებურად ვიმოქმედებ. შემდეგ ჩვენი ძიების შედეგებს შევაერთებთ და ასე დავეხმარებით ერთმანეთს.

– ჩინებულია! – თქვა ლესტრეიდმა.

– თქვენ ახლა დაბრუნდებით პიტსტრიტზე და, რა თქმა უნდა, მისტერ ჰორეს ჰარკერს შეხვდებით. გადაეცით მას, რომ ჩემი აზრით, წუხელ მისი სახლი ინახულა ნაპოლეონის მძულვარების მანიით შეპყრობილმა სისხლისმსმელმა გიჟმა. ეს გამოადგება მას საგაზეთო სტატიისათვის.

ლესტრეიდმა გაოცებით შეხედა ჰოლმსს.

– ნუთუ ნამდვილად ასე ფიქრობთ?

ჰოლმსმა გაიღიმა:

– იქნებ სრულიად საწინააღმდეგო აზრი მაქვს, მაგრამ ასეთი ვერსია ძალიან საინტერესოდ მოეჩვენებათ მისტერ ჰორეს ჰარკერს და ბეჭდვითი სიტყვის ცენტრალური სინდიკატის ხელისმომწერლებს… აბა, უოტსონ, დღეს დავიდარაბიანი დღე მოგველის. ბედნიერი ვიქნები, ლესტრეიდ, თუ საღამოს ექვსი საათისათვის, ბეიკერსტრიტზე შემოგვივლით. მანამდე კი ფოტოსურათს ჩემთან დავიტოვებ.

მე და შერლოკ ჰოლმსი ფეხით წავედით ჰაისტრიტზე და შევედით ძმები ჰარდინგების დუქანში, სადაც ბიუსტი იყიდეს. ახალგაზრდა ნოქარმა გვითხრა, მისტერ ჰარდინგი მხოლოდ დღის ბოლოს იქნება, მე კი არაფერი ცნობის მიცემა არ შემიძლია, რადგან ძალიან ცოტა ხანია, რაც აქ ვმუშაობო. ჰოლმსის სახეზე იმედგაცუება და უკმაყოფილება გამოიხატა.

– რას იზამთ, უოტსონ, ხომ არ შეიძლება ადამიანს მუდამ წარმატება ჰქონდეს, – თქვა ჩემმა მეგობარმა. – კიდევ მოგვიხდება აქ შემოვლა, რაკი მისტერ ჰარდინგი საღამომდე არ იქნება. ცხადია, მიმიხვდით, ამ ბიუსტების ჩამოსხმის ისტორია მინდა შევისწავლო. უნდა დადგინდეს, იყო თუ არა მათი შექმნისას რაიმე უცნაური გარემოება, რამაც იმპერატორის ბიუსტების საკვირველი ბედი განაპირობა. ჯერ კი კენინგტონროუდზე ვეწვიოთ მისტერ მორზ ჰადსონს და ვნახოთ, მისი დაკითხვა ხომ არ მოჰფენს ცოტაოდენ შუქს ამ თავსატეხს.

სურათებით მოვაჭრის დუქნამდე გზას მთელი საათი მოვუნდით. ჰადსონი ჩია ტანის, სქელი, უცხვირპირო, წითური კაცი აღმოჩნდა.

– დიახ, სერ, ჩემს დახლზე დაამსხვრიეს, – თქვა მან. – რისთვის ვიხდით გადასახადებს, თუ ყოველი არამზადა შემოიჭრება ჩვენს დუქანში და საქონელს გააფუჭებს! დიახ, სერ, დოქტორ ბარნიკოტს ორივე ბიუსტი მე მივყიდე. სირცხვილი და თავის მოჭრა, სერ! ანარქისტული შეთქმულებაა, თუ რა? ჩემი აზრით, მხოლოდ თავზე ხელაღებულ ანარქისტს შეუძლია დაამსხვრიოს ქანდაკება. საიდან ვიშოვე ეს ბიუსტები? არ მესმის, რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ამას საქმესთან. რა გაეწყობა, რაკი გაინტერესებთ, მოგახსენებთ. ჩერჩსტრიტზე, სტეპნიში ჰელდესა და კომპანიისაგან შევიძინე; კარგად ცნობილი ფირმაა, უკვე ოცი წელია არსებობს. რამდენი ცალი ვიყიდე? სამი. ორი მივყიდე დოქტორ ბარნიკოტს, ერთიც დღისით-მზისით დაამსხვრიეს ჩემს საკუთარ დახლზე. ხომ არ ვიცნობ ამ ფოტოსურათზე გამოხატულ ადამიანს? არა, არ ვიცნობ. თუმცა, ვიცნობ. ესაა ბეპო, იტალიელი ხელოსანი. ზოგჯერ ჩემს დუქანში პატარ-პატარა სამუშაოებს ასრულებს. შეუძლია ხეზე ფიგურების ამოკვეთა, ჩარჩოების მოვარაყება, ცოტ-ცოტა ყველაფერი ეხერხება. ერთი კვირის წინ წავიდა ჩემგან და მას შემდეგ მისი ასავალ-დასავალი აღარ ვიცი. არც ის ვიცი, საიდან მოვიდა. სად იმყოფება ახლა? არც ეგ ვიცი. მის წინააღმდეგ არაფრის თქმა არ შემიძლია. ცუდად არ მუშაობდა. ორი დღით ადრე დემათხოვა, ვიდრე ბიუსტს დამიმსხვრევდნენ…

– რა გვეთქმის, მორზ ჰადსონმა იმაზე მეტი ცნობები მოგვცა, ვიდრე ველოდით, – თქვა ჰოლმსმა, როცა დუქნიდან გამოვედით. – ამრიგად, იტალიელი ხელოსანი ბეპო მონაწილეობას იღებდა იმ მოვლენებში, რომლებიც კენინგტონში მოხდა. ასეთი ფაქტის დადგენისათვის ათი მილის გავლას არც ინანებ. ახლა კი, უოტსონ, სტეპნისაკენ გავწიოთ და ბიუსტების სამშობლოს, ჰელდერსა და კომპანიას ვესტუმროთ. ეჭვი არ მეპარება, იქ ბევრს რასმე საგულისხმოს შევიტყობთ.

სწრაფად გადავსერეთ ფეშენებელური სასტუმროების, თეატრალური, ლიტერატურული, კომერციული და საზღვაო ლონდონი, და ბოლოს შევედით სანაპირო რაიონში, რომელიც შემოსავლიანი სახლებით არის დაფარული. აქ ბუზივით ირევა ევროპის ოთხივე კუთხიდან გადმოსროლილი ღარიბი ხალხი. აქ, ფართო ქუჩაზე, ვიპოვეთ ის ქანდაკებათა სახელოსნო, რომელსაც ვეძებდით. სახელოსნო სასაფლაოს ძეგლებით გაჭედილ ფართო ეზოში იყო მოთავსებული. იგი შედგებოდა ერთი დიდი ოთახისაგან, რომელშიაც ამოკვეთასა და დაყალიბებაზე დასაქმებული ორმოცდაათამდე ხელოსანი მუშაობდა.

ტანმაღალმა ქერა მასპინძელმა თავაზიანად მიგვიღო და ჰოლმსის ყველა კითხვაზე, ნათელი, ამომწურავი პასუხები მოგვცა. მისი ჩანაწერების წიგნი მოწმობდა, რომ დევინის ნამუშევარი – ნაპოლეონის თავის მრავალი ასლი იქნა დაყალიბებული, მაგრამ ის სამი ბიუსტი, რომლებიც დაახლოებით ერთი წლის წინ გადაუგზავნეს მორზ ჰადსონს, შეადგენდა ექვსცალიანი ცალკე პარტიის ნახევარს. ამ პარტიის დანარჩენი სამი ცალი კენსინგტონელი ძმები ჰარდინგებისათვის მიეყიდნათ. არა, ის ექვსი ცალი ბიუსტი არაფრით არ განირჩეოდა ყველა დანარჩენისაგან. მან არ იცის, რა მიზეზით შეიძლება თავში მოუვიდეს ვინმეს ბიუსტების განადგურება, მსგავსი აზრი მას უბრალოდ სასაცილოდ მიაჩნდა. ბითუმი ფასი ამ ბიუსტებისა – ექვსი შილინგია, მაგრამ სათითაოდ შეიძლება თითოში თორმეტის და მეტის აღებაც. ეს ბიუსტები ასე მზადდება. ჩამოასხამენ თაბაშირის ორ ტვიფარს სახის ორი ნახევრისაგან და შემდეგ ორსავე პროფილს ერთად შეაკავშირებენ. მთელ ამ სამუშაოს ჩვეულებრივ ასრულებენ იტალიელები აი, ამ ოთახში, როცა ბიუსტი მზადაა, მას დერეფანში დგამენ მაგიდაზე, რომ გამოშრეს, შემდეგ კი საწყობში გზავნიან. მეტი მოსათხრობი არაფერი მაქვსო, თქვა.

მაგრამ, როცა ჰოლმსმა მასპინძელს ფოტოსურათი უჩვენა, ამ ამბავმა შემაძრწუნებელი შთაბეჭდილება მოახდინა. მისი სახე ბრაზისაგან აენთო, ცისფერმა თვალებმა ცეცხლი დააკვესეს.

– აჰ, არამზადა! – შესძახა მან. – დიახ, ამას კარგად ვიცნობ. ჩვენი სახელოსნო საყოველთაო პატივისცემით სარგებლობს, მთელი მისი არსებობის მანძილზე აქ მხოლოდ ერთხელ იყო პოლიცია… აი, ამ ვიგინდარის მიზეზით! ეს ერთ წელზე მეტი ხნის წინათ მოხდა. თურმე, ვიღაც თავის თანამემამულეს დანა ჩასცა, პოლიცია დაედევნა და ის კი ჩემს სახელოსნოში შემოვარდა. აქ დაიჭირეს. ბეპო ჰქვია. გვარი არ ვიცი. სამართლიანად დავისაჯე იმისათვის, რომ სამუშაოზე ავიყვანე კაცი, რომელსაც ასეთი სახე ჰქონდა. თუმცა კარგი მუშა კი იყო, საუკეთესოც.

– რა მიუსაჯეს.

– დაჭრილი გადარჩა და ამიტომ მხოლოდ ერთი წლის პატიმრობა აკმარეს. ეჭვი არ მეპარება, უკვე თავისუფალიც იქნება, მაგრამ აქ ცხვირის შემოყოფას ვერ გაბედავს. ჩემთან მისი ბიძაშვილი მუშაობს. მე მგონია, მისგან შეიძლება გაიგოთ, სადაა ბეპო.

– არა, არა, – შესძახა ჰოლმსმა, – მის ბიძაშვილს არც ერთი სიტყვა არ უნდა ვუთხრათ… არც ერთი სიტყვა! ეს საქმე ძლიერ სერიოზულია. რაც უფრო ღრმად ჩავუკირკიმალდი, მით უფრო სერიოზული მეჩვენება. თქვენს სავაჭრო წიგნში აღნიშნულია, რომ ეს ბიუსტები შარშან სამ ივნისს გაყიდეთ. ხომ ვერ მეტყვით, რომელ რიცხვში დააპატიმრეს ბეპო?

– ეს შემიძლია საგადასახადო უწყისის საშუალებით დავადგინო, – მიუგო მასპინძელმა. – დიახ, – დასძინა თავის ქაღალდებში ჩარგულმა, – უკანასკნელი გასამრჯელო ოც მაისს მიუღია.

– მადლობელი ვარ, – უთხრა ჰოლმსმა. – მეტ დროს აღარ წაგართმევთ და თქვენი მოთმინებით ბოროტად არ ვისარგებლებ.

გამომშვიდობებისას ვთხოვეთ ჩვენი საუბრის თაობაზე არავისთვის არაფერი ეამბნა, შემდეგ სახელოსნოდან გავედით და დასავლეთისაკენ გავუხვიეთ.

შუადღე დიდი ხნის გადასული იყო, როცა საუზმობა მოვახერხეთ. რესტორანში შესასვლელთან გაზეთებს ყიდდნენ. უკანასკნელ ამბებში მსხვილი შრიფტით ეწერა: “დანაშაული კენსინგტონში. შეშლილი მკვლელი”. გაზეთში რომ ჩავიხედეთ, დავრწმუნდით, რომ მისტერ ჰორეს ჰარკერს მაინც მოეხერხებინა თავისი სტატიის დაწერა. ორი სვეტი ეთმობოდა იმ სენსაციური ამბის აღწერას, რაც ჰორეს ჰარკერის სახლში მოხდა. ჰოლმსმა გაზეთი მაგიდაზე გაშალა და კითხვა ისე დაიწყო, რომ ჭამა არ შეუწყვეტია. ერთი-ორჯერ ნელა-ნელა ჩაიცინა კიდეც.

– ყველაფერი რიგზეა, უოტსონ, – თქვა მან. – სასიამოვნოა იმის შეგნება, რომ არ შეიძლება ამ მოვლენაზე ორი აზრი არსებობდეს, რადგან პოლიციის ერთი ყველაზე გამოცდილი მაძებარი მისტერ ლესტრეიდი და საქვეყნოდ ცნობილი კონსულტანტი და ექსპერტი მისტერ შერლოკ ჰოლმსი იმაზე შეთანხმდნენ, რომ ასე ტრაგიკულად დამთავრებული უცნაური მოვლენების ჯაჭვი მოწმობს სიგიჟეს და არა დანაშაულს. ჩვენ მიერ მოთხრობილი ფაქტები, თუ არა შეშლილობით, სხვანაირად ვერ აიხსნება. ბეჭდვითი სიტყვა ძიებაში ნამდვილი საგანძურია, უოტსონ, თუ ადამიანი მას უნარიანად გამოიყენებს. ახლა კი, თუ უკვე ისაუზმეთ, კენსინგტონში დავბრუნდეთ და მოვისმინოთ, რას გვეტყვის “ძმები ჰარდინგების” პატრონი.

ამ დიდი სავაჭრო სახლის დამაარსებელი აღმოჩნდა მკვირცხლი, მოუსვენარი, მოსაზრებული და ყბედი კაცი.

– დიახ, სერ, საღამოს გაზეთებიდან უკვე ყველაფერი ვიცი. მისტერ ჰორეს ჰარკერი – ჩვენი მუდმივი მუშტარია. საფრანგეთის იმპერატორის ბიუსტი მას რამდენიმე თვის წინ მივყიდეთ. სამი ბიუსტი ჰელდერსა და კომპანიისაგან მივიღეთ სტეპნიში. უკვე გავყიდეთ. ვინ და ვინ იყიდა? ერთი ჩავიხედო ჩემს სავაჭრო წიგნში და მაშინ გიპასუხებთ. აგერ, ყველაფერი წერია. ერთი ბიუსტი – მისტერ ჰორეს ჰარკერისათვის მიგვიყიდნია, მეორე – მისტერ ჯოზაიე ბრაუნისათვის, ჩიზიკში რომ სახლობს, მესამე კი – რედინგში, ლაუერგროვროუდზე მცხოვრებ მისტერ სენდფორდისათვის.

ვიდრე მისტერ ჰარდინგი ლაპარაკობდა, ჰოლმსი რაღაცას იწერდა. მეტისმეტად კმაყოფილი სახე ჰქონდა. მაგრამ ახსნით კი არაფერი უახსნია ჩემთვის და მხოლოდ მითხრა, უნდა ვიჩქაროთ, რადგან ლესტრეიდი გვიცდისო. მართლაც, როცა ბეიკერსტრიტზე მივედით, მაძებარი მოუთმენლად სცემდა ბოლთას ოთახში. მის საქმიან გამომეტყველებაზე შევნიშნე, რომ იმდღევანდელი დღე უნაყოფოდ არ დაეკარგა.

– როგორაა საქმე, მისტერ ჰოლმს? – ჰკითხა ჩემს მეგობარს.

– დაძაბული მუშაობა მოგვიხდა და დრო ფუჭად არც ჩვენ დაგვიკარგავს, – მიუგო ჰოლმსმა. – ორივე მედუქნე და სახელოსნოს პატრონი მოვინახულეთ. ყოველი ბიუსტის ბედი თავიდან ბოლომდე გავიგე.

– ყოველი ბიუსტის ბედი? – შესძახა ლესტრეიდმა. – კარგი, კარგი, მისტერ ჰოლმს, ყველას თავისი მეთოდი აქვს, და თქვენთან დავას არ ვაპირებ, მაგრამ მეჩვენება, რომ ამ საქმის ძიებაში თქვენზე მეტს მივაღწიე. მე დავადგინე მოკლულის ვინაობა.

– რასა ბრძანებთ!

– და გავარკვიე დანაშაულის მიზეზი.

– ჩინებულია!

– ერთი ინსპექტორი გვყავს, ლონდონის იტალიურ უბნებს თავისი ხუთი თითივით იცნობს. მოკლულს ყელზე კათოლიკური ჯვარი აღმოაჩნდა. ამას გარდა, მისი კანის ჩამუქებულმა ფერმა უნებურად გვაფიქრებინა, რომ სამხრეთელი უნდა ყოფილიყო. ინსპექტორმა ჰილმა მოკლულს დახედა თუ არა, იმწამსვე იცნო. იგი აღმოჩნდა პიეტრო ვენუჩი, წარმოშობით ნეაპოლელი, ლონდონის ერთი ყველაზე უფრო თავზე ხელაღებული ავაზაკი. როგორც ხედავთ, ყველაფერს შუქი ეფინება. ალბათ მკვლელიც იტალიელი იქნება. პიეტრო მკვლელს გადარაჯებია, როცა ის სახლში შესულა, თან კი მისი ფოტოსურათი ჰქონია, რომ მის მაგიერ სხვა ვინმე არ შემოკვდომოდა. დიახ, პიეტრო ვენუჩიმ თავისი მტრის კვალს მიაგნო, დაინახა სახლში შესული, გარეთ დაელოდა, თავს დაესხა და შეტაკების დროს სასიკვდილოდ დაჭრა… რას ფიქრობთ ამაზე, მისტერ შერლოკ ჰოლმს?

ჰოლმსმა აღელვებით ჩამოართვა ხელი.

– ჩინებულია, ლესტრეიდ, ჩინებული! – შესძახა მან, – მაგრამ ნათლად ვერ გავიგე, ბიუსტების გატაცებას, დამტვრევას და განადგურებას როგორღა ახსნით.

– ისევ ბიუსტები! ვერაფრით ვერ გამოგიგდიათ თავიდან ეს ბიუსტები. ბოლოს და ბოლოს მათი ისტორია რა საყურადღებო ამბავია. ეგ ხომ წვრილმანი ქურდბაცაცობაა, რისთვისაც დამნაშავეს, სულ დიდი, ექვსი თვის პატიმრობას მიუსჯიან. აი, მკვლელობის საქმე კი ღირს ხელის მოკიდებად, და როგორც ხედავთ, საქმის გახსნას ბევრი არაფერი მიკლია.

– რას აპირებთ, რა უნდა მოიმოქმედოთ?

– ძალიან უბრალო გეგმა მაქვს. ჰილს გავყვები იტალიურ უბანში, ვიპოვით სურათზე გამოსახულ კაცს, დავაპატიმრებთ და მკვლელი ხელში გვეყოლება, თან ხომ არ წამომყვებით?

– რა მოგახსენოთ. მგონი, ვერ გამოგყვებით. მე მგონია, ჩვენ უფრო იოლად მივაღწევთ წარმატებას. დაბეჯითებით თქმა არ შემიძლია, რადგანაც ეს დამოკიდებულია… ერთი სიტყვით, ეს დამოკიდებულია ერთ გარემოებაზე, რაც ჩვენს ხელთ არ არის. ჩემი აზრით, მკვლელი ამაღამ მახეში თავისი ფეხით უნდა გაებას. თუ თქვენ გამომყვებით, ამაღამვე შევიპყრობთ.

– იტალიურ კვარტალში?

– არა. ჩემი აზრით, იგი ჩიზიკში უნდა ვეძიოთ. თუ დღეს ღამით ჩიზიკში გამყვებით, ლესტრეიდ, ხვალ იტალიურ კვარტალში მე გეახლებით. დამერწმუნეთ, იტალიურ კვარტაში დღევანდელი წაუსვლელობა არავითარ ზიანს არ მოიტანს. ახლა კი ცოტა წავიძინოთ, რადგანაც თერთმეტ საათზე ადრე გასვლას აზრი არა აქვს, ხოლო დაბრუნება კი ალბათ, დილით მოგვიწევს. ისადილეთ ჩვენთან ერთად, ლესტრეიდ, და ამ დივანზე დაწექით. თქვენ კი, უოტსონ, დარეკეთ და შიკრიკი იხმეთ. წერილის გაგზავნა აუცილებელია და დაუყოვნებლივ უნდა გავაგზავნოთ.

ჰოლმსი მთელი საღამო იქექებოდა ძველ გაზეთებში, რითაც სავსე გვქონდა ერთ-ერთი საკუჭნაო. როცა საკუჭნაოდან გამოვიდა, თვალები საზეიმოდ უბრწყინავდა, მაგრამ თავისი ძიების შედეგებზე სიტყვა არ დასცდენია. ჩემი მეგობრის მეთოდებს ისე კარგად ვიყავი დაუფლებული, რომ უკვე ვხვდებოდი, რა გზით ფიქრობდა დამნაშავის შეპყრობას, თუმცა იმ წუთას მის ახალ ჩანაფიქრს ვერ ჩავწვდი. ეს ახირებული დამნაშავე ახლა ალბათ შეეცდებოდა დანარჩენი ორი ბიუსტი მოესპო, რომელთაგანაც ერთი, როგორც დავიმახსოვრე, ამჟამად ჩიზიკში იდგა. უეჭველია, ჩვენი ღამის ლაშქრობის მიზანი ის იყო, რომ ბოროტმოქმედი ადგილზე შეგვეპყრო. ჩემი მეგობრის ეშმაკობით აღტაცებული ვიყავი. მან ხომ განზრახ გამოაქვეყნა საღამოს გაზეთში სრულიად შემცდარი ვარაუდი, რათა დამნაშავე დაერწმუნებინა, ყოველგვარი რისკის გარეშე შეგიძლია მოქმედებაო. თვითონ კი თავის საყვარელ იარაღს – მონადირის არგანს წამოავლო ხელი, რომლის ტარში ტყვია იყო ჩასხმული.

თერთმეტ საათზე ჩვენს კართან ეტლი გაჩერდა, რომელმაც ჰამერსმითის ხიდით თემზის მეორე ნაპირზე გაგვიყვანა. მეეტლეს იქ დავაცდევინეთ, ჩვენ კი ფეხით განვაგრძეთ გზა და მალე კოხტა სახლებით გარემოცულ უდაბურ გზაზე აღმოვჩნდით. პატარ-პატარა სახლები მზრუნველ ხელს წალკოტში ჩაესვა. ქუჩის ფარნის შუქზე ერთი მათგანის ჭიშკარზე ასეთი წარწერა ამოვიკითხეთ: “ვილა ლაბურნუმი”. სახლის პატრონებს ალბათ უკვე ეძინათ, რადგან მთელი სახლი წყვდიადს მოეცვა. მხოლოდ შესავალი კარის თავზე მრგვალი პატარა ფანჯრიდან ბჟუტავდა შუქი და ბაღის ბილიკზე ეფინებოდა. ჭიშკარში შევედით და ბაღსა და გზას შორის მესერის ხშირ ჩრდილს ამოვეფარეთ.

ჩვენი მოლოდინი ხანგრძლივი არ აღმოჩნდა და სრულიად მოულოდნელად და უცნაურად დამთავრდა. ანაზდად, ყოველგვარი სიფრთხილის გარეშე, ბაღის კარი გაიღო და მაიმუნივით მოქნილი, შავი სხეული ბილიკს სირბილით გაჰყვა. ყველამ დავინახეთ, როგორ გაიელვა იმ სხეულმა ფანჯრიდან გამომავალ შუქზე და შავ ჩრდილში გაქრა. ხანგრძლივი დუმილი ჩამოწვა. ყველანი სუნთქვაშეკრულნი ვიდექით. ბოლოს ჩვენამდე სარკმლის ანჯამების სუსტმა ჭრიალის ხმამ მოაღწია. ამას ისევ დუმილი მოჰყვა. დამნაშავე უკვე სახლში დაძვრებოდა. უეცრად დავინახეთ, როგორ გაანათა ოთახში მისი ჯიბის ფარნის შუქმა. რასაც ეძებდა, ეტყობოდა, იქ არ აღმოჩნდა, რადგან წუთის შემდეგ შუქმა მეორე ოთახში გადაინაცვლა.

– ფანჯარასთან მივიდეთ და როცა გადმოხტება, მაშინვე შევიპყრობთ, – ჩურჩულით თქვა ლესტრეიდმა.

მაგრამ დამნაშავე ფანჯრიდან უფრო ადრე გადმოხტა, ვიდრე ადგილიდან დავიძროდით. იგი სინათლის შუქზე შეჩერდა. იღლიის ქვეშ რაღაც თეთრი საგანი ამოეჩარა. გარემო ქურდულად შეათვალიერა, მაგრამ უდაბური ქუჩის დუმილმა სიმშვიდე მოჰგვარა. ზურგი შემოგვაქცია, ტვირთი მიწაზე დაუშვა, და ერთი წამის შემდეგ ჩვენს სმენას ჯერ ძლიერი დარტყმის ხმა მოსწვდა, მერე კი კაკუნისა და მსხვრევის ხმაც გავიგონეთ. იგი თავისი საქმიანობით იმდენად იყო გატაცებული, რომ ჩვენი მიმპარავი ნაბიჯის ხმაც არ გაუგონია. ჰოლმსი ვეფხვივით დაახტა ზურგზე, მე და ლესტრეიდმა კი ხელები გავუკარით და ზედ ხელბორკილები ჩამოვაცვით. როცა შემოტრიალდა, გონჯი, ფერწასული, დაღრეჯილსახიანი ადამიანი წარმოგვიდგა. მე იმწამსვე დავრწმუნდი, რომ ეს იყო სწორედ ფოტოსურათზე გამოსახული მამაკაცი.

მაგრამ ჰოლმსმა შეპყრობილ მძარცველს თავი ანეა და უაღრესად გულდასმით გამოიკვლია ის, რაც ჩვენმა ტყვემ სახლიდან გამოიტანა. ეს იყო ნაპოლეონის დამსხვრეული ბიუსტი, ტყუპის ცალი იმისა, რაც იმ დილით ვნახეთ. ჰოლმსს რიგრიგობით მიჰქონდა შუქზე ყოველი ნამუსრევი, ერთიც არ დაუტოვებია უყურადღებოდ, მაგრამ ისინი არაფრით არ განირჩეოდნენ თაბაშირის სხვა ნატეხებისაგან. ჩემმა მეგობარმა თავისი კვლევის დამთავრება ძლივს მოასწრო, რომ კარი გაიღო და ჩვენ წინ წარმოდგა სახლის პატრონი – პერანგითა და შარვლით შემოსილი გულკეთილი მსუქანი მამაკაცი.

– მისტერ ჯოზაია ბრაუნი, თუ არ ვცდები? – თქვა ჰოლმსმა.

– დიახ, სერ. თქვენ კ, უეჭველად, მისტერ შერლოკ ჰოლმსი უნდა იყოთ? შიკრიკმა მომიტანა თქვენი წერილი, და ისე მოვიქეცი, როგორც მირჩიეთ. ყველა კარი დავკეტეთ და ველოდით, რა მოხდებოდა. მოხარული ვა, რომ არამზადა ვერ გაგექცათ. გთხოვთ, მეწვიოთ, ჯენტლმენებო, ვიდრე გზას გაუდგებით, ცოტა გადავკრათ.

მაგრამ ლესტრეიდს დროზე უნდოდა პატიმრის მიყვანა საიმედო ადგილზე, და რამდენიმე წუთის შემდეგ კები ოთხივეს ლონდონისაკენ მიგვაქროლებდა. შეპყრობილს სიტყვაც არ დაუძრავს, თუმცა ავი თვალით კი შემოგვცქეროდა.

საპოლიციო უბანში გულმოდგინედ გაჩხრიკეს, მაგრამ რამდენიმე შილინგისა და გრძელი ხანჯლის გარდა, რომლის ტარზეც სისხლის ლაქები აღმოჩნდა, ვერაფერი უპოვეს.

– ყველაფერი რიგზეა, – თქვა ლესტრიედმა, როცა გვემშვიდობებოდა, – ჰილი იცნობს ამ ხალხს და არ გაუჭირდება მისი ვინაობის დადგენა. აი, ნახავთ, თუ ჩემი ვარაუდი მთლიანად არ დადასტურდება. მაგრამ მე დიდი მადლობელი ვარ თქვენი, მისტერ ჰოლმს, რომ დამნაშავეს ასე მოხერხებულად დაუგეთ მახე. მე ახლაც ვერ მივმხდარვარ, როგორ მოგივიდათ ეს თავში.

– ვგონებ, ძალიან გვიანაა და ახლა არა ღირს ახსნა-განმარტების მოცემა, – – თქვა ჰოლმსმა. – ამას გარდა, ზოგიერთი წვრილმანი ჯერაც არ არის დადგენილი. ამასთან ეს საქმე ისეთია, რომ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. თუ ხვალ ექვსი საათისათვის ბეიკერსტრიტზე შემოიხედავთ, დაგიმტკიცებთ, რომ ეს თავისებური საქმე ჩვენთვის ჯერ კიდევ ბნელითაა მოცული.

მომდევნო საღამოს რომ გვინახულა, ლესტრეიდმა შეგვატყობინა, დაპატიმრებულის ვინაობა დავადგინეთ. გვარი უცნობია, სახელად ბეპო ჰქვიაო. თურმე იტალიური კოლონიის არამზადებში თავზეხელაღებულობით გამოირჩევაო. ოდესღაც დახელოვნებული მოქანდაკე ყოფილა, მაგრამ შემდეგ გზას აცდენია და ციხეში ორჯერ მოხვედრილა: ერთხელ ბაცაცობისათვის დაუპატიმრებიათ, მეორედ – თავისი თანამემამულე დაუჭრია. ინგლისურად ჩინებულად ლაპარაკობს. დღესაც გაურკვეველია, რისთვის ამსხვრევდა ბიუსტებს. შეუპოვრად დუმს და იმის თაობაზე ლაპარაკის გაგონებაც არ უნდა. მაგრამ პოლიციამ შეძლო იმის დადგენა, რომ თვითონ შეუძლია ბიუსტების კეთება და უკეთებია კიდეც, როცა ჰელდერისა და კომპანიის სახელოსნოში უმუშავნია.

ლესტრეიდის მონათხრობი ამბებიდან უმრავლესობა ჩვენთვის უკვე ცნობილი იყო, თუმცა ჰოლმსმა დიდი თავაზიანობით მოუსმინა, მაგრამ მე კარგად ვიცნობდი ჩემს მეგობარს და იოლად შევნიშნე, რომ რაღაცას ელოდა, ცმუკავდა და მოუსვენრობდა. ბოლოს თვალებგაბრწყინებული, სკამიდან წამოვარდა. სწორედ ამ დროს ჩემამდე ზარის ხმამ მოაღწია. წუთსაც არ გაუვლია, რომ ნაბიჯის ხმა შემოგვესმა და ოთახში ხნიერი, წითურქილვაშიანი კაცი შემოვიდა, რომელსაც მარჯვენა ხელში ძველებური პატარა ჩემოდანი ეჭირა. მოსულმა ჩემოდანი მაგიდაზე დადგა და ხმადაბლა იკითხა:

– შეიძლება შერლოკ ჰოლმსის ნახვა?

ჩემმა მეგობარმა თავი დაუკრა და სახეზე ღიმილმა გადაურბინა.

– თუ არ ვცდები, რედინგელი მისტერ სენდფორდი უნდა ბრძანდებოდეთ, არა? – ჰკითხა სტუმარს.

– დიახ, სერ. მგონი, ცოტა შემაგვიანდა, მაგრამ მატერებლების განრიგება ისე მოუხერხებლადაა შედგენილი… თქვენ ნაპოლეონის ბიუსტზე მწერდით ხომ?

– მართალი ბრძანდებით.

– თქვენი წერილი თან წამოვიღე. თქვენ მწერთ: “მსურს შევიძინო დევინის ნამუშევარი ნაპოლეონის ბიუსტის ტვიფარი და მზად ვარ გადავიხადო ათი სტერლინგი იმ ასლისათვის, რომელიც თქვენ გაქვთ”. ასეა?

– დიახ, ასე გახლავთ.

– თქვენმა წერილმა პირდაპირ განმაცვიფრა. ვერანაირად ვერ მივხვდი, საიდან გაიგეთ, რომ ეს ბიუსტი მქონდა.

– სავაჭრო სახლის “ძმები ჰარდინგების” პატრონმა მისტერ ჰარდინგმა მითხრა, რომ ამ ბიუსტის უკანასკნელი ცალი თქვენ მოგყიდათ და თქვენი მისამართიც მომცა.

– მესმის. ის თუ გითხრათ, რამდენი გადავუხადე ამ ბიუსტში?

– არა, არ უთქვამს.

– მე პატიოსანი კაცი ვა, თუმცა არცთუ ისეთი მდიდარი გახლავართ. ამ ბიუსტში მხოლოდ ხუთმეტი შილინგი მივეცი, და ეს მინდა გაუწყოთ უმალ, ვიდრე თქვენგან ათ გირვანქას მივიღებ.

– ასეთი კეთილსინდისიერება პატივსა გდებთ, მისტერ სენდფორდ, მაგრამ თვითონვე აღგითქვით ეს ფასი და სიტყვას არ გადავალ.

– ეს, თქვენი მხრივ, მეტისმეტად კეთილშობილური საქციელია, მისტერ ჰოლმს. აი, ბიუსტიც, იგი თან წამოვიღე. – მისტერ სენდფორდმა ჩემოდანი გააღო. ბოლოს და ბოლოს გვეღირსა და დამსხვრეული ბიუსტისა და მისი ნატეხების ნაცვლად, სრულიად მთელი ბიუსტი ვიხილეთ.

ჰოლმსმა ჯიბიდან ქაღალდის ნაგლეჯი და ათგირვანქიანი საკრედიტო ბილეთი ამოიღო.

– კეთილ ინებეთ, მისტერ სენდფორდ და მოწმეთა თანდასწრებით ხელი მოაწერეთ ამ ქაღალდს. აქ ნათქვამია, რომ მითმობთ ამ ბიუსტის მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგულების, ერთი სიტყვით, ყველა უფლებას. როგორც ხედავთ, წინდახედული კაცი ვარ. შეუძლებელია წინდაწინ იმის ცოდნა, თუ რა მოხდება შემდეგში, როგორ იცვლებიან გარემოებანი… გმადლობთ, მისტერ სენდფორდ. ინებეთ თქვენი ფული. გისურვებთ ყოველივე კარგს.

როცა ჩვენი სტუმარი გაგვეცალა, შერლოკ ჰოლმსმა ხელახლა გაგვაკვირვა. განჯინიდან გაქათქათებული სუფრა გადმოიღო და მაგიდას გადააფარა. შემდეგ ახლად ნაყიდი ბიუსტი ზედ შუა სუფრაზე დადგა. მერე ასწია თავისი სანადირო არგანი და მძიმე ტარი ნაპოლეონს შიგ კეფაში ჩაჰკრა. ბიუსტი ნამსხვრევებად იქცა და ჰოლმსმა მთელი გულმოდგინებით გასინჯა მისი ყოველი ნატეხი. ბოლოს საზეიმო შეძახილით გამოგვიწოდა ერთი ნატეხი, რომელშიაც პუდინგში ჩარეული ქიშმიშის მარცვლის მსგავსი რაღაც მუქი მრგვალი საგანი აღმოჩნდა.

– ჯენტლმენებო! – შესძახა მან, – ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ ბორჯიების სახელგანთქმული მარგალიტი.

მე და ლესტრეიდი გაოცებული ვდუმდით. შემდეგ, უეცრად აღგზნება დაგვეუფლა და ტაშის ცემას მოვყევით ისე, როგორც ეს თეატრებში დრამის კარგად გახსნილი კვანძის პატივსაცემად ხდება ხოლმე. ჰოლმსს ფერმკრთალი ლოყები აუვარდისფერდა და თავი ისე დაგვიკრა, როგორც დრამატურგმა, რომელსაც ტაშის ქუხილით კვლავ სცენაზე იწვევენ.

– დიახ, ჯენტლმენებო, – თქვა მან, – ეს დედამიწის ზურგზე ყველაზე უფრო სახელგანთქმული მარგალიტია და საბედნიეროდ, ჩემი მეთოდის წყალობით მოვახერხე მისი ბედის კვალდაკვალ მიყოლა თავად კოლონას საწოლი ოთახიდან სასტუმრო “დაკრში”, სადაც დაიკარგა, ვიდრე ნაპოლეონის იმ მეექვსე ბიუსტამდე, რომელიც ჰელდერისა და კომპანიის სახელოსნოში დამზადდა, და თქვენმა მონამორჩილმა, თქვენს თვალწინ დავამსხვრიე.

თქვენ, რა თქმა უნდა, გახსოვთ, ლესტრეიდ, ამ ძვირფასი ქვის დაკარგვის სენსაციური ამბავი და ლონდონის პოლიციის ამაო ცდა ეპოვათ იგი. – მაშინ დახმარებისათვის მეც მომმართეს, მაგრამ მეც უძლური აღმოვჩნდი. ეჭვი თავადის ქალის პირისფარეშზე ჰქონდათ, რომელიც ჩამომავლობით იტალიელი იყო. მას ლონდონში ჰყავდა ღვიძლი ძმა, მაგრამ, იმხანაჟ, მათ შორის ნათესაური კავშირი ვერ დაადგინეს. იმ მოსამსახურე გოგოს ერქვა ლუკრეცია, გვარად ვენუჩი და ეჭვი არ მეპარება, რომ პიეტრო ვენუჩი, რომელიც ამ ორი დღის წინ მოკლეს, მისი ძმა იყო. ძველი გაზეთები გადავსინჯე და აღმოჩნდა, რომ მარგალიტი ბეპოს დაპატიმრებამდე ორი დღით ადრე გაქრა. ბეპო კი ჰელდერისა და კომპანიის სახელოსნოში სწორედ იმ დროს დააპატიმრეს, როცა ეს ბიუსტები მზადდებოდა.

ახლა თქვენთვის ნათელია ამბავთა თანმიმდევრობა. მარგალიტი ბეპოს ჰქონდა. შეიძლება პიეტროს მოჰპარა. შეიძლება პიეტრო ბეპოს თანამონაწილეც იყო. ან პიეტსროსა და მის დას შუამავლობდა. არსებითად, ჩვენთვის არ არის მთავარი, რომელი ამ ვარაუდთაგანია სწორი. ჩვენთვის მთავარია, რომ მარგალიტი თან ჰქონდა სწორედ მაშინ, როცა პოლიცია მისდევდა.

ბეპომ თავი შეაფარა სახელოსნოს, სადაც მუშაობდა. მან მშვენივრად იცოდა, რომ სადაცაა გაჩხრეკდნენ და თუ ძვირფასი ნადავლის გადამალვას ვერ მოასწრებდა, უდავოდ უპოვიდნენ. ამ დროს სახელოსნოში ნაპოლეონის თაბაშირის ექვსი ბიუსტი შრებოდა. ერთი მათგანი ჯერ კიდევ სრულიად რბილი იყო. დახელოვნებულმა ოსტატმა ბეპომ ელვის სისწრაფით ჩადო ჯერ კიდევ სველ თაბაშირში შავი მარგალიტი და ბიუსტს კარგა ხნის ჩამოსხმულის სახე მისცა. ეს იყო შესანიშნავი საცავი და მარგალიტს იქ ვერავინ იპოვნიდა. მაგრამ ბეპოს ერთი წლის ციხე მიუსაჯეს, ამასობაში კი ექვსივე ბიუსტი გაყიდეს. ბეპომ არ იცოდა, რომელ მათგანში იყო მისი მარგალიტი. ამიტომ განიზრახე ყველა მათგანის დამტვრევა და განძის აღმოჩენა.

ბეპო ძებნას შეუდგა შთაგონებით და თანმიმდევრულად. ჰელდერთან მომუშავე ბიძაშვილის დახმარებით გაიგო, რომელ ფირმებს მიჰყიდეს ბიუსტები. მორზ ჰადსონთან მოეწყო და მოახერხა გაეგო სამი ბიუსტის ბედი. ამ სამში მარგალიტი არ აღმოჩნდა. ნათესავ-თანამემამულეთა დახმარებით დაადგინა, ვის მიჰყიდეს დანარჩენი სამი ბიუსტი. პირველი მათგანი ჰარკერთან იყო. სწორედ აქ ბეპოს კვალს მიაგნო მისმა თანამოზიარემ, რომელიც მას თვლიდა მარგალიტის დაკარგვის მიზეზად, და მათ შორის მოხდა ხელჩართული ბრძოლა.

– თუ პიეტრო მისი თანამზრახველი იყო, რისთვის ატარებდა მის ფოტოსურათს? – ვკითხე მე.

– რათა გარეშეებისათვის გამოეკითხა ბეპოს ამბავი, ეს ყველაზე უფრო სარწმუნო ვარაუდია. ერთი სიტყვით, იმ რწმენამდე მივედი, რომ მკვლელობის შემდეგ ბეპომ არა თუ გადასდო, არამედ დააჩქარა კიდეც თავისი ძიება. იმით შეშინებული, რომ მისი საიდუმლო არ გამომჟღავნებულიყო და მარგალიტი არ დაეკარგა, ის ცდილობდა დაესწრო პოლიციისათვის და, რადაც უნდა დასჯდომოდა, მარგალიტისათვის მიეკვლია. რა თქმა უნდა, მე არ შემეძლო მტკიცება, რომ ჰარკერის კუთვნილ ბიუსტში მარგალიტი არ უპოვია. რას დაეძებდა, არც კი ვიცოდი. მაგრამ ჩემთვის ნათელი იყო, რომ რაღაც ძვირფას საგანს დაეძებდა, რადგანაც მოტაცებულ ბიუსტებს ამსხვრევდა მხოლოდ ისეთ ადგილებში სადაც შუქი იყო. როცა ჰარკერის ბიუსტი დაამსხვრია, ორი ბიუსტიღა დარჩა და აშკარა იყო, დაიწყებდა იმით, რომელიც ლონდონში ეგულებოდა. მე გავაფრთხილე სახლის მცხოვრებნი, რათა თავიდან ამერიდებინა მეორე ტრაგედია, და ბრწყინვალე შედეგებს მივაღწიეთ. ამ დროისათვის უკვე მტკიცედ მჯეროდა, რომ ჩვენ ბორჯიების მარგალიტზე ვნადირობდით. მოკლული პიეტრო ყველა ფაქტს ერთად აკავშირებდა. რჩებოდა მხოლოდ ერთი ბიუსტი – ის, რომელიც რედინგში გაიყიდა და მარგალიტი შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ იმ ბიუსტში. მე ეს ბიუსტი თქვენი თანდასწრებით შევიძინე და მარგალიტიც სწორედ შიგ აღმოჩნდა.

რამდენსამე წამს ვდუმდით.

– დიახ, მისტერ ჰოლმს, – თქვა ლესტრეიდმა, – თქვენი არაჩვეულებრივი ნიჭიერების მოწმე ბევრჯერ ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი ოსტატობით ამოხსნილი საიდუმლოება მაინც გასაოცრად მიმაჩნია.

– გმადლობთ! – თავმდაბლად წარმოთქვა ჰოლმსმა.

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა