ართურ კონან დოილიდეტექტივიმოთხრობა

ბრიუს პარტინგოს ნახაზები

1895 წლის ნოემბრის მესამე კვირაში ლონდონს ისეთი ხშირი ყვითელი ნისლი ჩამოაწვა, რომ ორშაბათიდან ხუთშაბათამდე ბეიკერ-სტრიტზე, ჩვენი ბინის ფანჯრებიდან მოპირდაპირე მხარეს, შენობების სილუეტების გარჩევა შეუძლებელი იყო. პირველ დღეს ჰოლმსი თავის სქელ ცნობარს უჯდა, აწესრიგებდა, შესატყვისი ცნობებითა და საძიებლებით ავსებდა. მეორე და მესამე დღეს მთელი დრო მიუძღვნა შუა საუკუნეების მუსიკას – საგანს, რომელიც ბოლო დროს ამოიჩემა და ჩემი ჰობი ახლა ეს არისო გაიძახოდა. მაგრამ მეოთხე დღეს, როცა ნასაუზმევს წამოვდექით, სკამები მივდგი-მოვდგით და ვნახეთ, რომ ფანჯრის მიღმა ისევ ისე მიცურავს თვალშეუდგამი რუხი ბურუსი, ზეთოვანი წვეთების სახით რომ ჯდებოდა მინებზე, ჩემი მეგობრის მოუთმენელი და მოქმედი შინაგანი სამყარო გადაჭრით აღუდგა წინ დედაბუნების ჭირვეულობას. უმოქმედობის გამო განაწყენებული წინ და უკან მიმოდიოდა ოთახში, ძლივს იოკებდა ენერგიას, ფრჩხილებს იკვნეტდა და გვერდზე ჩავლისას თითებს უკაკუნებდა ავეჯს.

– არის გაზეთებში რაიმე საინტერესო? – მკითხა.

ვიცოდი, “საინტერესოდ” ჰოლმსს მიაჩნდა დანაშაულობათა სამყაროში მომხდარი ამბები. გაზეთებში იყო ცნობები რევოლუციაზე, ომის შესაძლებლობაზე; მთავრობის მოსალოდნელ შეცვლაზე, მაგრამ ყველაფერი ეს ჩემი მეგობრის გონების არეს გარეთ რჩებოდა. ისეთი ვერაფერი აღმოვაჩინე, რაც სისხლის სამართლის სფეროს განეკუთვნებოდა და ჩემი მეგობრის დაინტერესება შეეძლო. გაზეთებში, გარდა ჩვეულებრივი პატარ-პატარა სამართალდარღვევებისა, არაფერი ეწერა. ჰოლმსმა ღრმად ამოიოხრა და ნერვიული ბოლთის ცემა განაგრძო.

– ლონდონელი დამნაშავე ზარმაცი და ჩლუნგია, – თქვა ბუზღუნით, როგორც მონადირემ, რომელსაც მსხვერპლი ხელიდან დაუსხლტა. – გაიხედეთ ფანჯარაში, უოტსონ. ხედავთ, როგორ წამოიმართებიან და ისევ ქრებიან ნისლებში ბუნდოვანი ფიგურები? ასეთ დღეს ქურდსა და მკვლელს შეუძლია თავისუფლად, შეუმჩნევლად იწანწალოს ქუჩებში, როგორც ვეფხვმა ჯუნგლებში, ნახტომისათვის რომ ემზადება. და მხოლოდ მაშინ… მხოლოდ მაშინ დაინახავს ხოლმე მისი მსხვერპლი.

– ბევრი წვრილმანი ქურდობა მომხდარა, – შევნიშნე მე.

ჰოლმსმა ზიზღით ამოიხვნეშა.

– ამ დიდებულსა და სიბნელით მოცულ სცენაზე უფრო ღირსეული ამბები უნდა თამაშდებოდეს, – თქვა მან. – ბედი ჰქონიათ ლონდონელებს, რომ ბოროტმოქმედი არა ვარ.

– ოღონდაც! – ვთქვი გულწრფელად.

– წარმოვიდგინოთ, რომ მე ვარ ერთი-ერთი იმ ორმოცდაათთაგანი, რომელთაც აქვთ საფუძველი, რომ სიკვდილით დამემუქრონ. როგორ ფიქრობთ, დიდხანს დავრჩებოდი ცოცხალი, საკუთარი თავის დევნას დავაღწევდი თავს? მოულოდნელი ზარი, მიწვევა, შეხვედრის თხოვნა და მორჩა. კარგია, რომ ნისლიანი დღეები არაა სამხრეთის ქვეყნებში, სადაც დაუფიქრებლად კლავენ ხოლმე ადამიანს… ოჰ, ღმერთო! როგორც იქნა, გამოჩნდა რაღაც ისეთი, რაც ჩვენი ცხოვრების აუტანელ ერთფეროვნებას დაარღვევს.

მოახლე გოგო შემოვიდა დეპეშით ხელში. ჰოლმსმა გახსნა ტელეგრაფის ბლანკი და გადაიხარხარა.

– არა, ერთი მოისმინეთ. ჩემთან ჩამოსვლა უნებებია მაიკროფტს, ჩემს ძმას!

– მერე, რა არის ამაში განსაკუთრებული?

– რა არისო განსაკუთრებული? ეს ხომ იგივეა, რომ ტრამვაიმ ლიანდაგიდან გადაუხვიოს და თემშარაზე გასრიალდეს. მაიკროფტი წრეში მოძრაობს: ბინა პელ-მელზე, კლუბი “დიოგენი”, უაიტჰოლი – აი, მისი უცვლელი გზა-კვალი. აქ მხოლოდ ერთხელ იყო. რა სასწაულმა გადაახვევინა გზიდან?

– არაფერს არ განმარტავს?

ჰოლმსმა დეპეშა გამომიწოდა. მე წავიკითხე:

“აუცილებლად უნდა გნახო კადოგენ უეისტის საქმეზე. ჩამოვდივარ დაუყოვნებლივ. მაიკროფტი”.

– კადოგენ უეისტი? ეს სახელი სადღაც გამიგონია.

მართალი გითხრათ, მე არ ვიცნობ და არც მის შესახებ გამიგონია რამე, მაგრამ მაიკროფტმა რომ უეცრად ასეთი ახირებული ნაბიჯი გადადგას …წარმოუდგენელია! უფრო იოლია პლანეტა ორბიტიდან გამოვარდეს. სხვათა შორის, თქვენ იცით, ვინაა მაიკროფტი?

ბუნდოვნად მომაგონდა, რომ ჰოლმსმა თავის ძმაზე რაღაც მიამბო, როცა “თარჯიმანის შემთხვევას” ვარკვევდით.

– მგონი, ამბობდით, რომ ბრიტანეთის მთავრობაში რაღაც პატარა სახელმწიფოებრივი პოსტი უჭირავსო.

ჰოლმსმა გაიცინა.

– იმ დროს ჯერ ისე ახლოს არ გიცნობდით. საჭიროა კაცმა ენას კბილი დააჭიროს, როცა ლაპარაკია სახელმწიფოებრივ მასშტაბებზე. მართალია, ჩემი ძმა ბრიტანეთის სახელმწიფოს სამსახურშია. ასევე სწორია ისიც, რომ ზოგჯერ ის თვითონ წარმოადგენს ბრიტანეთის მთავრობას.

– მაგრამ, ჰოლმს, მაპატიეთ…

– ასეც ვიცოდი, რომ გაგიკვირდებოდათ. მაიკროფტი ღებულობს წელიწადში ოთხასორმოცდაათ გირვანქას. უჭირავს ხელქვეითის ადგილი, პატივმოყვარე არ არის, უარს ამბობს ტიტულებსა და წოდებებზე, ყველაზე უფრო შეუმჩნეველი კაცია ინგლისში.

– მაგრამ რანაირად?

– იცით, ნამდვილად უნიკუმია და ასეთი გამორჩეული მდგომარეობა მთავრობაში თავის თავს თვითონ შეუქმნა. არასოდეს ყოფილა და არც იქნება ის თანამდებობა, რასაც მაიკროფტი დაიჭერდა. უმაგალითოდ ზუსტად აზროვნებს და ფაქტების დამახსოვრების უჩვეულო უნარი გააჩნია; ის კოლოსალური ენერგია, რასაც მე დანაშაულობათა მხილებას ვახმარ, მან სახელმწიფოს სამსახურში ჩააყენა. მას ანდობენ მოხსენებაზე დასკვნების დაწერას. იგი გახლავთ ცენტრი, საანგარიშო პალატა, სადაც ჯამდება ყველა საერთო ბალანსი. დანარჩენები ამა თუ იმ სფეროში კარგად გათვითცნობიერებული სპეციალისტები გახლავან. მისი სპეციალობა კი ყველაფრის ცოდნაა. ჩვენ ვერც კი წარმოგვიდგენია, რომ ყოველდღიურად სამინისტროებსა და მის თავკაცებს სჭირდებათ გარკვეული ცნობები, ვთქვათ, სამხედრო ფლოტსა და მის საქმიანობაზე, ინდოეთზე, კანადაზე, ბიმეტალიზმის პრობლემებზე და ათასი, ვინ იცის რა. ჩემი ძმა თანმიმდევრობით დაჰკითხავს ხოლმე შესაბამის დეპარტამენტებს და იღებს ყველა საჭირო ცნობას, მაგრამ მხოლოდ მაიკროფტს შეუძლია იმ ცნობების მოპოვება, მათი ანალიზი და ურთიერთკავშირის დადგენა. პირველად მის უნარსა და შესაძლებლობებს აფასებდნენ, როგორც გარკვეული სახის მოხერხებულ სამსახურს, მიზნის მისაღწევად უმოკლეს გზას. თანდათანობით მაიკროფტმა თავი დაიფასა და ცენტრალურ ფიგურად იქცა. მის ძლიერ გონებაში ყველაფერი თავის ადგილზეა დალაგებული და ნებისმიერ დროს შეიძლება გამოვლინდეს. არაერთხელ გადაუწყვეტია მის ერთ სიტყვას სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ესა თუ ის საკითხი – ეს კაცი მთლიანად ამ საქმით ცოცხლობს, მისი ყოველი აზრი იმითაა შთანთქმული. როცა ხანდახან რაიმე რჩევას ვეკითხები, თავს არ იშურებს ხოლმე, რომ ჩემს რომელიმე პრობლემას შუქი მოჰფინოს. ამას იგი თავისი გონების ვარჯიშად რაცხს. მაგრამ რამ აიძულა დღეს იუპიტერი, ოლიმპოდან რომ დაშვებულიყო? ვინაა კადოგენ უიესტი და რა საერთო აქვს მას მაიკროფტთან?

– მომაგონდა! – შევძახე მე და დივანზე დაყრილ გაზეთებში ქექვა დავიწყე. – ჰო, რა თქმა უნდა, აგერ ისიც! კადოგენ უიესტი ის ახალგაზრდა კაცია, რომელიც ორ რიცხვში დილით მეტროპოლიტენის ხაზზე მკვდარი იპოვეს.

ჰოლმსი სავარძელში გასწორდა და მთლიანად სმენად იქცა. ხელი, რომლითაც ჩიბუხი ეჭირა, პირამდე არ მიუტანია.

– მაშ, რაღაც სერიოზული ამბავი მომხდარა, უოტსონ. სიკვდილი კაცისა, რამაც ჩემი ძმა აიძულა თავისი ჩვეულებებისათვის ეღალატა, უბრალო რამ არ იქნება. მაგრამ რა საერთო უნდა ჰქონდეს მასთან მაიკროფტს, დალახვროს ღმერთმა? შემთხვევა, რამდენადაც მახსოვს, სრულიად ჩვეულებრივი და არაფრით გამორჩეული არ იყო. ახალგაზრდა კაცი, ეტყობა, ვაგონიდან გადმოვარდა და სასიკვდილოდ დაშავდა. არც ძარცვის ნიშნები, არც რაიმე ძალადობის კვალი – მგონი, ასე იყო, არა?

– მოკვლევამ ბევრი ახალი ფაქტი გამოავლინა, – მივუგე მე, – შემთხვევა, თუ მას უფრო დაკვირვებულად შევხედავთ, უაღრესად უცნაურია.

– იმ ზემოქმედების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რაც მას ჩემს ძმაზე მოუხდენია, ჭეშმარიტად არაჩვეულებრივი ამბავი უნდა იყოს. – ჰოლმსი გასწორდა და სავარძელში მოხერხებულად მოკალათდა. – აბა, უოტსონ, გადმოალაგეთ ფაქტები რაც ხელთ გვაქვს!

– ახალგაზრდა კაცის სრული სახელია ართურ კადოგენ უიესტი. ოცდაშვიდი წლისაა, უცოლშვილო, უილვიჯის არსენალში უმცროს კლერკად ყოფილა.

– სახელმწიფო სამსახურში იყო? ახლა გასაგებია, რატომაა ჩემი ძმა დაინტერესებული.

– ორშაბათ საღამოს ის მოულოდნელად წასულა სამსახურიდან. უკანასკნელად საკუთარ დანიშნულს, მის ვაიოლეტ უესტბარის უნახავს; ისინი იმ საღამოს ერთად ყოფილან. რვის ნახევარზე ართურ კადოგენ უიესტს ქალიშვილი უეცრად მიუტოვებია ქუჩაში. ხშირი ნისლი მდგარა. დავა ან წალაპარაკება არ ჰქონიათ და ქალიშვილს ვერაფრით აუხსნია მისი მოქმედება. შემდეგი ცნობა ართურზე მოუტანია გზის მუშას მეისონს, რომელსაც მისი გვამი მეტროპოლიტენ ოლდგეიტის სადგურის მახლობლად უპოვნია.

– როდის?

– სამშაბათს, დილის ექვს საათზე. სხეული თითქმის ზედ გაჩერებასთან გდებულა, სწორედ იქ, სადაც ლიანდაგი გვირაბიდან გამოდის, მარცხენა მხარეს, თუ დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გავიხედავთ, და ოდნავ განზე. თავის ქალა გახეთქილი აღმოაჩნდა, ალბათ ვაგონიდან გადავარდნის დროს გაუსკდა. კაცმა რომ თქვას, სხვას ვერაფერს ვივარაუდებთ, გვამი ხომ გვირაბში მხოლოდ ამნაირად შეიძლებოდა მოხვედრილიყო. რომელიმე მეზობელი ქუჩიდან იქ ვერ წაათრევდნენ: ვერანაირად ვერ მიიტანდნენ იქ ისე, რომ კონტროლიორებს არ შეენიშნათ. მაშასადამე, საქმის ეს მხარე ეჭვს არ იწვევს.

– ძალიან კარგი. დიახაც, შემთხვევა ერთობ უბრალოა. კაცი, მკვდარი ან ცოცხალი, გადავარდა ან გადააგდეს ვაგონიდან. ჯერ ყველაფერი ნათელია. განაგრძეთ.

– რკინიგზის იმ ხაზზე, რომელზედაც კადოგენ უიესტი იპოვნეს, ის მატარებლები მიმოდიან, რომელნიც დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიემართებიან. ამ ხაზზე მოძრაობენ მეტროს მატარებლებიც და ქალაქგარეთ მიმავალი მატარებლებიც, რომელნიც უილსდენიდან და სხვა პუნქტებიდან მოდიან. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდა კაცი ღამის მატარებლით მგზავრობდა, მაგრამ სახელდობრ რომელ სადგურში ჩაჯდა ვაგონში, ვერ გაარკვიეს.

– ბილეთის მიხედვით ვერ გაიგებდნენ?

– ბილეთი ვერ უნახეს.

– დახეთ, როგორ ყოფილა საქმე! უცნაურია! საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, მეტროს ბაქანზე უბილეთოდ გასვლა შეუძლებელია, ბილეთი ხომ უნდა ეჩვენებინა. უნდა ჩავთვალოთ, რომ ახალგაზრდა კაცს ბილეთი ჰქონდა, მაგრამ ვიღაცამ ააცალა, რათა მისი მეტროში ჩაჯდომის ადგილი არ გამჟღავნებულიყო. იქნებ ვაგონში დაუვარდა? ესეც ადვილი შესაძლებელია. მაგრამ თვითონ ფაქტი, ბილეთი რომ არ ამოაჩნდა, უაღრესად საგულისხმოა. ამ შემთხვევაში გაძარცვის მიზნით მკვლელობაც გამორიცხულია?

– მეც ასე მგონია. გაზეთებში აღწერილია ყველაფერი, რაც კადოგენ უიესტს ჯიბეში უპოვეს. საფულეში ორი გირვანქა და თხუთმეტი შილინგი აღმოაჩნდა. ჯიბეშივე უპოვნეს ერთ-ერთი დიდი ბანკის უილვიშის განყოფილების საჩეკო წიგნაკი. ალბათ სწორედ ამის მიხედვით დაადგინეს დაღუპულის ვინაობა. იპოვეს, აგრეთვე, უილვიჯის თეატრის ბენუარის ორი ბილეთი იმავე ორშაბათისათვის. ნაპოვნი ნივთების ჩამოთვლაში, რაღაც ტექნიკური ხასიათის საბუთების შეკვრაცაა აღწერილი. ამის გაგონებაზე ჰოლმსმა კმაყოფილებით შესძახა: როგორც იქნა! ახლა ყოველივე გასაგებია. ბრიტანეთის მთავრობა – უილვიჯის არსენალი. ტექნიკური დოკუმენტები – ძმა მაიკროფტი. ახლა ყველაფერი ხელთა მაქვს. დანარჩენს კი, თუ არ ვცდები, აგერ, მაიკროფტი მოდის და ის აგვიხსნის. წუთიც და ჩვენს წინაშე იდგა ზორზოხი მაიკროფტ ჰოლმსი. იგი ტანმაღალი იყო, ზორბა, მკვრივი აგებულებისა, მეტად მძიმეც კი და, ერთი სიტყვით, უზარმაზარი პოტენციური ფიზიკური ძალის განსახიერება გახლდათ. ასეთი ტანადობის კაცს მოაზროვნის გადაშლილი შუბლი, ფოლადისფერი, გამჭრიახი, ღრმად ჩამჯდარი თვალები და მტკიცედ გამოკვეთილი პირი ამშვენებდა. მაიკროფტის მნახველს, ალბათ, მაშინვე დაავიწყდებოდა მისი გარეგნული მოუხეშაობა და მხოლოდ ყოველივეს დამჩრდილავ ძალუმ ინტელექტს იგრძნობდა, რაც ამ პიროვნებაში ასე თვალშისაცემად მჟღავნდებოდა; მას თან ახლდა სკოტლენდ-იარდელი ჩვენი ძველი ნაცნობი, გამხდარი, ასკეტური ფიგურის პატრონი ლესტრეიდი. მათი დაფიქრებული გამომეტყველება აშკარად ლაპარაკობდა, რომ მოსალოდნელი იყო ძალზე სერიოზული საუბარი. მაიკროფტ ჰოლმსმა პალტო გაიხადა და სავარძელში ჩაჯდა. მაძებარმა ხელი ჩამოგვართვა და სიტყვა კი არ დაუძრავს.

– ძალიან არასასიამოვნო ამბავია, შერლოკ, – თქვა მაიკროფტმა. – ჭირივით მძულს ჩვეულების ღალატი, მაგრამ ხელისუფალნი ხომ იცი, ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს, ასე რომ უარი არ გამივიდა. იმ კონფლიქტის დროს, რაც ახლა სიამში წამოიჭრა, სამინისტროში ჩემი ყოფნა თითქმის აუცილებელია. მაგრამ ვითარება დაძაბულია, პირდაპირ კრიტიკული. არასოდეს არ მინახავს პრემიერ-მინისტრი ასე აღელვებული. საადმირალოში ხომ ყველაფერი ისე გუგუნებს, როგორც გადაბრუნებულ სკაში. საქმეს გაეცანი?

– სწორედ ამ საქმით ვიყავით ახლა გართული. რა დოკუმენტები უპოვეს კადოგენ უიესტს?

– ო, სწორედ ეს არის ახლა მთავარი. საბედნიეროდ, არ გამომჟღავნებულა, თორემ პრესა ერთ ამბავს ასტეხდა. ქაღალდები, რომლებიც იმ უბედურ ახალგაზრდა კაცს ჯიბეში ედო, ბრიუს-პარტინგტონის წყალქვეშა ნავის ნახაზებია.

ეს ის საზეიმო იერით თქვა, რომ ჩვენ მაშინვე მივხვდით, რა დიდ მნიშვნელობასაც აძლევდა მაიკროფტი იმას, რაც მოხდა. მე და ჩემი მეგობარი სმენად ვიყავით ქცეულნი, რას იტყოდა კიდევ ეს კაცი.

– თქვენ, რა თქმა უნდა, იცით, ვინაა ლორდი ბრიუს-პარტინგტონი? მე მეგონა, ყველამ იცის-მეთქი მისი ამბავი.

– მხოლოდ სახელი გაგვიგონია.

– თქმაც კი ძნელია იმისა, თუ რა მნიშვნელობისაა სამხედრო საიდუმლოება, რომელიც გასცეს. ყველა სახელმწიფო საიდუმლოს შორის ეს ერთი განსაკუთრებით გულმოდგინედ იყო ცხრაკლიტულში ჩაკეტილი. შეგიძლიათ ჩემს სიტყვას ენდოთ: ბრიუს-პარტინგტონის ნავის მოქმედების არენაზე ზღვიდან თავდასხმა შეუძლებელია. ამ გამოგონების უფლებაზე გასულ წელს უზარმაზარი თანხაა გადახდილი. ყველაფერი კეთდებოდა, რომ ეს მონოპოლია ხელშეუხებელი დარჩენილიყო. ნახაზები უაღრესად რთულია, ოცდაათამდე ცალკეულ პატენტს შეიცავს და ყოველი მათგანი აუცილებელია მთლიანი კონსტრუქციისათვის. ისინი საიდუმლო განყოფილების საიმედო სეიფში – არსენალის მახლობლად ინახებოდა. კარებსა და ფანჯრებზე ისეთი საკეტები იყო, რომ მძარცველი ვერას გახდებოდა. დოკუმენტების გამოტანა ყოველგვარი საბაბით იკრძალებოდა. თვითონ ფლოტის მთავარ კონსტრუქტორს რომ მოესურვებინა დოკუმენტების შემოწმება, პირადად უილვიჯში მოუხდებოდა ჩასვლა. და უეცრად ნახაზები ერთი წვრილი მოხელის გვამის ჯიბეში და ისიც შუა ქალაქში აღმოჩნდა. პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს თუ მეტი არა, შეიძლება ითქვას, პირდაპირ საშინელია!

– მაგრამ ნახაზები ხომ იპოვეთ?

– არა, ძმაო, არა! გაჭირვება სწორედ ეგაა, რომ არა. სეიფიდან გატაცებულია ათივე ნახაზი, კადოგენ უიესტის ჯიბეში კი მხოლოდ შვიდი აღმოჩნდა. უმთავრესი სამი ნახაზი კი მოპარულია, გაქრა, დაიკარგა. შერლოკ, შენ ყველაფერს თავი უნდა მიანებო, დროებით მთელი შენი წვრილმანი პოლიციური თავსატეხი ამბები გადადო და გადაწყვიტო პრობლემა, რასაც საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს. რა მიზნით წაიღო უიესტმა დოკუმენტები სეიფიდან? რა გარემოებაში მოკვდა? როგორ მოხვდა გვამი იქ, სადაც ნახეს? სადაა სამი ნახაზი, რომლებიც გვაკლია? როგორ გამოვასწოროთ ჩადენილი ბოროტება? აი, რა კითხვებს უნდა მოუძებნო პასუხები, თუ გინდა, რომ სამშობლოს თვალსაჩინო სამსახური გაუწიო.

– შენ თვითონ რატომ არ უნდა მოჰკიდო ხელი ძიებას, ანალიზის უნარი ჩემზე ნაკლები გაქვს თუ რა?

– შეიძლება, შერლოკ, მაგრამ ძიებისას მრავალი წვრილმანის გარკვევა იქნება საჭირო. მოუყარე თავი იმ წვრილმანებს ჩემს ხელში და მე სავარძლიდან არც კი წამოვიწევ ისე გამოგიცხობ ექსპერტის ზუსტ დასკვნას. მაგრამ აქეთ-იქით სირბილი, რკინიგზის მოსამსახურეების ჯვარედინი დაკითხვა, პირქვე წოლა და გამადიდებელი შუშით ნივთებისა და საგნების ჭვრეტა და შესწავლა ნამდვილად არაა ჩემი საქმე. შენ და მხოლოდ შენს ერთს შეგიძლია ამ დანაშაულის ასავალ-დასავალს ნათელი მოჰფინო. და თუ გინდა შენი საკუთარი სახელი იხილო დაჯილდოებულთა მომდევნო სიაში…

ჩემმა მეგობარმა გაიღიმა და თავი გადააქნია.

– მე ყოველთვის სიამოვნებისათვის ვერევი ასეთ საქმეებში, – თქვა მან. მაგრამ ეგ საქმე ნამდვილად საინტერესო ჩანს და მე მზადა ვარ ძიება დავიწყო. შენ კი, ჩემო ძმაო, ფაქტები უფრო დაწვრილებით უნდა ჩამომიყაჭო.

– მე მოკლედ ჩამოვწერე, ქაღალდის ნაგლეჯზე, ყველაფერი მთავარი. რამდენიმე მისამართიც დავუმატე – შეიძლება გამოგადგეს. დოკუმენტების მოვლა-შენახვაზე ოფიციალური პასუხისმგებელი ცნობილი სახელმწიფო ექსპერტი სერ ჯეიმს უოლტერია. საცნობარო ლექსიკონში მისი საჩუქრების, ტიტულებისა და წოდებების ჩამოთვლას ორი სტრიქონი უჭირავს. იგი სახელმწიფო სამსახურში გაჭაღარავდა, ნამდვილი ინგლისელი ჯენტლმენია, ყველაზე უფრო წარჩინებულთა სახლებში მიღებული საპატიო სტუმარი, და, რაც მთავარია, მისი პატრიოტიზმი ეჭვს არ იწვევს. ის ერთ-ერთია იმ ორთაგან, ვისაც სეიფის გასაღები ჰქონდათ მინდობილი. შემიძლია კიდევ მოგაწოდო ერთი ცნობა, ორშაბათს, მთელი სამუშაო დღის განმავლობაში დოკუმენტები თავის ადგილზე იყო, სერ ჯეიმსმა გასაღები ჯიბეში ჩაიდო და დღის სამ საათზე ლონდონში წავიდა. მთელი საღამო ადმირალ სინკლერის სახლში ბარკლი-სკვერზე იმყოფებოდა.

– ეს შემოწმებულია?

– დიახ. მისმა ძმამ, პოლკოვნიკმა ვალენტაინ უოლტერმა აჩვენა, რომ სერ ჯეიმსი მართლა გაემგზავრა უილვიჯიდან, და ადმირალმა სინკლერმა დაადასტურა, რომ ორშაბათი საღამო მასთან გაატარა. ამრიგად, სერ ჯეიმს უოლტერს მომხდარ ამბავში უშუალო როლი არ უთამაშია.

– ვისთან ინახება მეორე გასაღები?

– სიდნეი ჯონსონის კონტორის უფროს კლერკთან. იგი ორმოცი წლისაა, ცოლიანი, ხუთი შვილი ჰყავს. ჩუმი, მკაცრი კაცია. სამსახურში მასზე ჩინებული აზრისანი არიან. კოლეგებს დიდად არაფრად ეპიტნავებათ, მაგრამ ბრწყინვალე თანამშრომელია. ჯონსონის პირად ჩვენებას მხოლოდ მისი ცოლი ადასტურებს, “ორშაბათს სამსახურს შემდეგ მთელი საღამო შინ ვიყავი, გასაღებიც თავის ადგილზე იყო და საათის ძეწკვზე მეკიდაო”.

– გვითხარი კადოგენ უიესტის ამბავი.

– ჩვენთან ათი წელი იმუშავა, იმსახურა უმწიკვლოდ. ფიცხი, თავშეუკავებელი, მაგრამ პირდაპირი და პატიოსანი კაცის რეპუტაცია ჰქონდა. მის შესახებ ურიგოს ვერაფერს ვიტყვით. უმცროს კლერკად ითვლებოდა, სიდნეი ჯონსონის ხელქვეითად და მის მერე მეორე კაცად. სამსახურებრივი მოვალეობის გამო ყოველდღე ჰქონდა საქმე ამ დოკუმენტებთან, ნახაზებთან. მის გარდა არავის ჰქონდა უფლება ეს ნახაზები ხელში აეღო.

– ვინ დაკეტა უკანასკნელად სეიფი?

– უფროსმა კლერკმა სიდნეი ჯონსონმა.

– ჰო, ვინც აიღო დოკუმენტები, ცნობილია. ისინი იპოვეს უმცროსი კლერკის კადოგენ უიესტის ჯიბეში. ამის თაობაზე საფიქრალიც აღარაფერია, ყოველივე ნათელია.

– მხოლოდ ერთი შეხედვით, შერლოკ. სინამდვილეში ბევრი რამ რჩება გაურკვეველი. უწინარეს ყოვლისა, რისთვის გაიტაცა უიესტმა ნახაზები?

– ვფიქრობ, მათი ღირებულება დიდი უნდა იყოს?

– იმ ნახაზებით რამდენიმე ათასის “გაიმასქნება” შეეძლო.

– ნახაზების გაყიდვის გარდა კიდევ თუა რაიმე მოტივი?

– არა.

– ამ შემთხვევაში მივიღოთ ეს, როგორც სამუშაო ჰიპოთეზა. ამრიგად, ნახაზები გაიტაცა ახალგაზრდა კადოგენ უიესტმა. ამისი ჩადენა მას მხოლოდ ყალბი, მორგებული გასაღებით შეეძლო.

– ამ შემთხვევაში მას რამდენიმე ყალბი გასაღები უნდა ჰქონოდა. ჯერ შენობაში უნდა შესულიყო, მერე ოთახში და შემდეგ სეიფი გაეღო.

– მაშასადამე, მას ჰქონდა რამდენიმე ყალბი გასაღები. გატაცებული ნახაზები მან ლონდონში წაიღო, რათა სამხედრო საიდუმლო გაეყიდა და უთუოდ ვარაუდობდა დედნების დაბრუნებას უმალ, ვიდრე ქურდობას მიუხვდებოდნენ. ამ მიზნით, ლონდონს ჩასულმა მოღალატემ, იქ თავისი აღსასრული ნახა.

– მაგრამ როგორ და რანაირად მოხდა ეს ამბავი, აი, ესაა საკითხავი?

– ჩემი ვარაუდით უკან, უილვიჯში რომ ბრუნდებოდა, მოკლეს და ვაგონიდან გადააგდეს.

– მაშინ როგორ მოხდა, რომ მისი გვამი ოლდგეიტში აღმოჩნდა? ოლდგეიტი ხომ “ლონდონის ხიდის” იქითაა და თუ უიესტი უილვიჯში მიდიოდა, მაშინ იგი “ლონდონის ხიდის” გაჩერებაზე უნდა ჩამოსულიყო.

– შეიძლება ვივარაუდოთ რამდენიც გნებავთ იმდენი გარემოება, რომელთაც ის აიძულეს თავისი სადგურის “ლონდონის ხიდის” გაჩერებაზე არ ან ვერ ჩამოსულიყო. აი, მაგალითად, წაელაპარაკა ვიღაცას, რაც ცხარე შეტაკებითა და მოღალატის სიკვდილით დასრულდა. მეორე, კადოგენ უიესტს ვაგონიდან გასვლა ეწადა, ლიანდაგებზე დავარდა და დაიმტვრა, იმ მეორემ კი კარი მიუხურა. ისეთ ხშირ ნისლში ვერავინ ვერაფერს დაინახავდა.

– რაკი ჯერჯერობით უკეთესი ვერაფერი მოგვიფიქრებია, ასეთი ვარაუდებით დავკმაყოფილდეთ, მაგრამ მიაქციე ყურადღება, შერლოკ, რამდენი რამ რჩება გაურკვეველი. დავუშვათ, კადოგენმა განიზრახა გატაცებული, დოკუმენტების ლონდონში წაღება. მაშინ, ბუნებრივია ისიც, რომ იქ უცხოელ აგენტთან შეხვედრა ექნებოდა დანიშნული. საამისოდ კი აუცილებლად დასჭირდებოდა იმ საღამოსთვის სამსახურიდან გათავისუფლება. ამის ნაცვლად მან ორი ბილეთი აიღო თეატრში წასასვლელად და დანიშნულთან ერთად იქით გაეშურა. უეცრად ქალი ქუჩაში მიატოვა და თვითონ უგზოუკვლოდ გაქრა.

– თვალის ასახვევად, – ჩაურთო ლესტრეიდმა, რომელიც უკვე დიდი ხანია ადგილზე ცქმუტავდა და მოუსვენრობდა.

– რაღაც უცნაური, განსაკუთრებული ხერხია, მეტი რომ არაფერი ვთქვა. და ეს პირველი შესიტყვებაა. ამ ვარაუდს ნამდვილად აკლია დამაჯერებლობა. მეორე: დავუშვათ უიესტი ჩავიდა ლონდონში და აგენტს შეხვდა. რაც არ უნდა მომხდარიყო, საჭირო იყო დოკუმენტების თავის ადგილზე დაბრუნება. სეიფიდან მან ათი ნახაზი წაიღო, უნახეს მხოლოდ შვიდი. დანარჩენ სამს რა მოუვიდა? საეჭვოა უიესტს ნახაზები თავისი ნებით დაეთმო. ბოლოს, სადაა ფული, რაც სამხედრო საიდუმლოს გაცემისათვის მიიღო? ლოგიკური იქნებოდა იმისი მოლოდინი, რომ ჯიბეში ძალიან დიდი თანხა აღმოჩენოდა.

– ჩემი აზრით, აქ ყველაფერი ძალზე ნათელია, – თქვა ლესტრეიდმა. – ეჭვიც არ მეპარება, რომ ყოველივე ისე მოხდა, როგორც ახლა მე გეტყვით. უიესტმა ნახაზები მოიპარა, რომ გაეყიდა. შეხვდა კიდეც აგენტს ლონდონში. ფასში ვერ მორიგდნენ. უიესტი შინისაკენ მოეშურება, აგენტი უკან აედევნება. ვაგონში აგენტი მას სიცოცხლეს გამოასალმებს, ყველაზე უფრო საჭირო, ძვირფას ნახაზებს წაიღებს, გვამს კი ვაგონიდან გადმოაგდებს. თქვენი აზრით, ყოველივე, რაც მოგახსენეთ, ხომ ყველაფერ გაუგებრობას და კითხვას გვაცილებს თავიდან.

– კადოგენ უიესტს რატომ არ აღმოაჩნდა ბილეთი?

მაგაზეც მოგახსენებთ ჩემს საკუთარ აზრს: ბილეთით შეიძლებოდა იმის გამოცნობა, თუ რომელ სადგურთან იქნებოდა უფრო ახლოს აგენტის სამყოფელი. ამიტომ აგენტმა მოკლულს ჯიბიდან ბილეთი ამოაცალა.

– ყოჩაღ ლესტრეიდ, ძალიან კარგად ჩამოაყალიბეთ ყველაფერი, – თქვა ჰოლმსმა. – თქვენს თეორიასა და ვარაუდს თუ გავიზიარებთ, შეიძლება ძიება შევწყვიტოთ, რაკიღა ყველაფერი მომთავრებულია. გამცემი და მოღალატე უკვე მკვდარია. ბრიუს-პარტინგტონის წყალქვეშა ნავის ნახაზები ალბათ უკვე კონტინენტზეა. რაღა რჩება?

– მოქმედება, შერლოკ, მოქმედება! – შესძახა მაიკროფტმა და სავარძლიდან წამოვარდა. – ინსტინქტურად ვგრძნობ, რომ, რაც მოვისმინეთ, სწორი არაა და იქ რაღაც სხვა ამბავი იფარება. მოუხმე შენს გონიერებას. შერლოკ, ნახე და დაათვალიერე მომხდარი დანაშაულის ადგილი, ნახე საქმეში გარეული ადამიანები, ქვა-ქვაზე არ დატოვო და ყველაფერი თავდაყირა გადააბრუნე! არასოდეს არა გქონია ამდაგვარი შემთხვევა, რომ სამშობლოს ეგზომ დიდი სამსახური გაუწიო და გამოადგე.

– ეჰ, რა გაეწყობა, – თქვა ჰოლმსმა და მხრები აიჩეჩა. – წავიდეთ, უოტსონ. ნურც თქვენ დაიზარებთ, ლესტრეიდ, რომ ორიოდე საათი ჩვენთან ერთად იყოთ. ჩვენ სადგურ ოლდგეტიდან დავიწყებთ. ნახვამდის, მაიკროფტ. ვფიქრობ, საღამოსთვის ჩვენგან უკვე ახალ ცნობებს მიიღებ, მაგრამ წინასწარ გაფრთხილებ, ბევრს ნურაფერს ელი.

აღწერილი ამბიდან ერთი საათიც არ იქნებოდა გასული, რომ ჩვენ სამნი – ჰოლმსი, ლესტრეიდი და მე, – ვიდექით მეტროში სწორედ იმ ალაგას, სადაც გაჩერებასთან მიახლოებული მატარებელი გვირაბიდან გამოდის. ჩვენი მხლებელი, წითური და ძალზე დაუზარელი მოხუცი ჯენტლმენი რკინიგზის კომპანიის წარმომადგენელი იყო.

– ახალგაზრდა კაცის სხეული ეგერ აქ ეგდო, – გვიჩვენა ადგილი, რაც ლიანდაგიდან სამიოდე ფუტის მანძილზე იყო. – სხვა სიმაღლიდან გადმოვარდნა არც ცოცხალსა და არც მკვდარს არანაირად არ შეეძლო: ხომ ხედავთ, ყველგან ყრუ კედლებია აღმართული. მაშასადამე, იგი მხოლოდ მატარებლიდან უნდა იყოს გადმოვარდნილი და სწორედ იმ მატარებლიდან, რომელმაც აქ ორშაბათს შუაღამისას ჩაიარა.

– ვაგონში ბრძოლისა და ძალადობის არავითარი კვალი არ აღმოჩნდა?

– არავითარი. არც ბილეთი.

– არც ერთი ვაგონიდან არ შეუმჩნევიათ ღია კარი?

– არა.

– დღეს დილით რაღაც ახალი ცნობები მივიღეთ, – თქვა ლესტრეიდმა. – მეტროს მატარებლის მგზავრმა, რომელსაც ორშაბათს ღამით ოლდგეტის სადგურის მახლობლად ჩაუვლია დაახლოებით 11.40-ზე, განაცხადა: მომეჩვენა, რომ გზაში, ზედ გაჩერებასთან თითქოს რაღაც მძიმე საგანი გადმოვარდა, მაგრამ სქელ ნისლში ვერაფერი გავარჩიეო. მაშინ ეს არ განუცხადებია. მაგრამ რა ემართება მისტერ ჰოლმსს?

ჩემს მეგობარს თვალები მიეშტერებინა იმ ადგილისათვის, სადაც ლიანდაგები მრუდე ხაზით გამოდიან გვირაბიდან. ოლდგეტი – საკვანძო სადგურია და ამიტომ აქ მრავალი ისარია. სწორედ მათკენ მიემართა ჰოლმსს ფხიზელი, მაძიებელი მზერა და მის ჩაფიქრებულ, მოძრავ სახეზე შევამჩნიე ჩემთვის კარგად ცნობილი გამომეტყველება: მჭიდროდ მოკუმული ბაგეები, მოცახცახე ნესტოები და მაღლა აზიდული მძიმე, ხშირი წარბები.

– ისრები, – დუდუნებდა იგი, – ისრები…

– ისრები? რას გულისხმობთ?

– ამ გზაზე, მგონი, ბევრი ამდაგვარი ისარი არაა?

– სულ ცოტა.

– ისრები და მოსახვევი… არა, ვფიცავ… ეს რომ ნამდვილად ასე ყოფილიყო…

– რა მოხდა, მისტერ ჰოლმს? რაიმეს მიაგენით?

– ჯერ მხოლოდ ვარაუდები, მინიშნება, მეტი არაფერი. მაგრამ საქმე, უეჭველია, სულ უფრო მეტ ინტერესს იწვევს. უნიკალური, ნამდვილად უნიკალური საქმეა… თუმცა, რატომაც არა? სისხლის კვალი არსად არ შემინიშნავს.

– თითქმის არც ყოფილა.

– მაგრამ თავში, მგონი, ძალიან დიდი ჭრილობა ჰქონდა?

– თავი გაპობილი ჰქონდა, მაგრამ გარეგნულად დაზიანება უმნიშვნელო იყო.

– მაინც უცნაურია – მთლად უსისხლოდ ხომ ვერ ჩაივლიდა! მითხარით, გეთაყვა, – მიმართა მან ლესტრეიდს, – ხომ არ შემიძლია დავათვალიერო მატარებელი, რომლითაც ის მგზავრი მიდიოდა, რაღაც მძიმე საგნის გადმოვარდნა რომ მოეჩვენა?

– მგონი ეს შეუძლებელი ამბავი უნდა იყოს, მისტერ ჰოლმს. იმ მატარებლის ვაგონები სხვა შემადგენლობაში მოხვდა.

– შემიძლია დაგარწმუნოთ, მისტერ ჰოლმს, რომ ყოველი ვაგონი დათვალიერებული და გამოკვლეული გახლავთ, – ჩაერია ლესტრეიდი. – პირადად მე ვხელმძღვანელობდი ამ საქმეს.

ჩემი მეგობრის ნაკლი გახლდათ აშკარა მოუთმენლობის გამოხატვა იმ ადამიანებთან, რომელთაც არ გააჩნდათ მისებრი ინტელექტი, მოქნილობა და გონების გამჭრიახობა.

– უნდა ვივარაუდოთ, – თქვა და მიბრუნდა, – მაგრამ მე, სხვათა შორის, ვაგონების დათვალიერებას არც ვაპირებდი. უოტსონ, ჩვენ აქ მეტი აღარაფერი გვესაქმება. რაც საჭირო იყო, ყველაფერი გაკეთდა. მეტად აღარ დაგაყოვნებთ, მისტერ ლესტრეიდ. ახლა ჩვენი გზა უილვიჯში მიდის.

სადგურ “ლონდონის ხიდზე” ჰოლმსმა დატოვა დეპეშა, რომელიც გაგზავნამდე წამაკითხა. ტექსტი ასეთი იყო:

“სიბნელეში შუქმა გაიკიაფა, მაგრამ შეიძლება ჩაქრეს. გთხოვთ ჩვენი დაბრუნების დროისათვის შიკრიკის ხელით გამოგვიგზავნოთ ბეიკერ-სტრიტზე სრული სია უცხოელი ჯაშუშებისა და აგენტებისა, რომელნიც ამჟამად ინგლისში იმყოფებიან, მათი სრული მისამართებით.

შერლოკი”.

– ეს შეიძლება გამოგვადგეს, – მითხრა ჰოლმსმა, როცა მატარებელში ჩავჯექით და უილვიჯის გზას დავადექით. ჩვენ მადლობელნი უნდა ვიყოთ მაიკროფტისა. მან დაგვაყენა იმ საქმის კვალზე, რომელიც შეიძლება ძალზე საინტერესო გამოდგეს.

ჰოლმსს ცოცხალსა და ჭკვიანურ სახეზე, თითქოს ჯერ კიდევ ეფინა დაძაბული ყურადღებისა და დაჭიმული ენერგიის გამომეტყველება, და მე მივხვდი, რომ რაღაც ახალმა, ჩემთვის შეუმჩნეველმა, მჭევრმეტყველმა ფაქტმა მისი მახვილი გონება განსაკუთრებული ძალით აამუშავა. წარმოიდგინეთ მწევარი, როცა საძაღლეში წევს გაშხლართული, ყურები და კუდი ძირს დაუშვია, და შემდეგ, როცა დაძაგრული და გეშაღებული ცხელ კვალზე გარბის, – სწორედ ასეთი ცვლილება განიცადა ჰოლმსმა. ახლა ჩემს თვალწინ იდგა სულ სხვა ადამიანი. როგორ არ ჰგავდა იგი იმ დუნე, მომჩვარულ კაცს, სულ რამდენიმე საათის წინ თაგვისფერი ხალათი რომ ეცვა და ოთახში ბოლთას სცემდა.

– ო, როგორ იდუმალებით აღსავსე საქმეა და მოქმედების რა ფართო ველი იშლება, – თქვა ჰოლმსმა. გამჭრიახობა ვერ გამოვიჩინე და მაშინვე ვერ შევნიშნე, თუ რა შესაძლებლობანი იშლება ჩვენს თვალწინ.

– მე კი ახლაც ვერაფერში ვერკვევი.

– ბოლო ჩემთვისაც ბნელითაა მოცული, მაგრამ ერთი ვარაუდი მაქვს, მას შეუძლია წინ წაგვწიოს. დარწმუნებული ვარ, რომ კადოგენ უიესტი სადღაც სხვა ადგილას მოკლეს და მისი სხეული ვაგონის შიგნით კი არა, სახურავზე ეგდო.

– სახურავზე?

– დაუჯერებელია, ხომ მართალია?! მაგრამ ყოველივე ავწონ-დავწონოთ და კარგად გავაანალიზოთ. განა შეიძლება უბრალო შემთხვევითობად ჩავთვალოთ ის, რომ გვამი გადმოვარდა იმ ადგილას, სადაც მატარებელი ისარს ჩაუვლის, ინჯღრევა, ირყევა და საგნებს მაღლა ისვრის? ხომ იქ უნდა გადმოვარდეს საგანი, რომელიც ვაგონის სახურავზეა? შიგნით ვაგონში მდებარე საგნებზე ისარი ვერავითარ ზემოქმედებას ვერ მოახდენს. ან სხეული მაღლიდან ჩამოვარდა, ან აქ რაღაც საოცარი დამთხვევაა. ახლა მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ სისხლის კვალი არსად არაა. ცხადია, არც გზაზე იქნება, თუ მკვლელობა სხვაგან მოხდა. ყოველი ეს წვრილმანი ფაქტი ცალ-ცალკე ადასტურებს ჩემს ვარაუდს, ერთად კი უკვე სამხილია.

– ახლა კიდევ ბილეთი! – შევძახე მე.

– სრული სიმართლეა. ჩვენ ეს ვერ აგვეხსნა. ჩემი ვარაუდი კი ამასაც ხსნის. ყველაფერი ერთიმეორეზე კარგად ლაგდება.

– დავუშვათ, ასეა, და ჩვენ მაინც შორსა ვართ უიესტის საიდუმლო მკვლელობის ამოუხსნელი გარემოებების გამომჟღავნებისაგან. მე ვიტყოდი, რომ საქმე კი არ გამარტივდა, კიდევ უფრო დაიხლართა.

– შეიძლება, – ჩაილაპარაკა ფიქრით მოცულმა ჰოლმსმა. – შეიძლება…

შემდეგ გაჩუმდა და საკუთარ ფიქრებში წასული დუმდა იმ მომენტამდე, ვიდრე მატარებელმა, როგორც იქნა, უილვიჯის სადგურს არ მიაღწია. კებში ჩავჯექით და ჰოლმსმა ჯიბიდან მაიკროფტის დატოვებული ფურცელი ამოიღო.

– რამდენიმე ვიზიტი მოგველის, – თქვა მან. – ჩვენს ყურადღებას პირველად მგონი სერ ჯეიმს უოლტერი ითხოვს.

ამ ცნობილი სახელმწიფო მოღვაწის სახლი მდიდრული ვილა აღმოჩნდა. მისი მწვანე გაზონები თემზამდე აღწევდნენ. ნისლი უკვე იფანტებოდა, მის ქუსლებში სუსტი, თხევადი შუქი ცრიატებდა. ზარი დავრეკეთ და მსახური გამოვიდა.

– სერ ჯეიმსი? – ჩაგვეკითხა და მისმა სახემ მკაცრი, საზეიმო გამომეტყველება მიიღო. – სერ ჯეიმსი ამ დილით გარდაიცვალა, სერ.

– ღმერთო ჩემო! – შესძახა ჰოლმსმა, ერთობ გაოცებულმა. – როგორ, რითი?

– იქნებ შინ შემობრძანდეთ, სერ და ნახოთ მისი ძმა, პოლკოვნიკი ვალენტაინი?

– დიახ, თქვენ მართალი ხართ, მეტი გზა არცა გვაქვს.

გაგვატარეს სუსტად განათებულ სასტუმროში და ერთი წუთის შემდეგ იქ ძალიან მაღალი, ლამაზი, ორმოცდაათიოდე წლის, ქერა, წვერმოშვებული კაცი შემოვიდა. ეს გახლდათ სერ ჯეიმსის უმცროსი ძმა. თვალებში გამოხატული დაბნეულობა, ცრემლით სველი ლოყები, აჩეჩილი თმა – ყველაფერი მოწმობდა, რომ ოჯახს მძიმე უბედურება დაატყდა. ამბავს რომ ჰყვებოდა, პოლკოვნიკს ცრემლები ახრჩობდა.

– ყველაფერი იმ საშინელ სკანდალს მოჰყვა, – თქვა, – ჩემი ძმა მაღალი პატიოსნების განსახიერება გახლდათ, ასეთი სირცხვილი ვერ გადაიტანა. ამან დაღუპა. ყოველთვის ამაყობდა მის დეპარტამენტში დამყარებული წესრიგით და უეცრად ისეთი დარტყმა…

– ჩვენ იმედი გვქონდა, რომ მისგან მივიღებდით ზოგიერთ ცნობას, რაც საქმის გახსნას ხელს შეუწყობდა.

– გარწმუნებთ, ის, რაც მოხდა, მისთვისაც ისევე ყოვლად გაუგებარი იყო, როგორც თქვენთვის, ჩემთვის და ყველასათვის. მან იჩქარა და უკვე მოახსენა პოლიციას ყველაფერი, რაც მისთვის ცნობილი იყო. რა თქმა უნდა, ეჭვი არც შეჰ-პარვია, რომ კადოგენ უიესტია დამნაშავე. მაგრამ სხვა ყველაფერი სრულ საიდუმლოდ უნდა დარჩეს.

– პირადად თქვენ არაფრის დამატება არ შეგიძლიათ?

– მე ვიცი მხოლოდ ის, რაც სხვებისაგან მსმენია და გაზეთებში წამიკითხავს. არ მინდა იფიქროთ, თავაზიანობა აკლიაო, მისტერ ჰოლმს, მაგრამ თქვენ უნდა გაგვიგოთ, ჩვენ ახლა დიდი და სამწუხარო ამბავი შეგვემთხვა და იძულებული ვარ, გთხოვოთ რომ ეს ლაპარაკი მალე დავასრულოთ.

– აი, მართლაც მოულოდნელი შემობრუნება საქმისა, – მითხრა მეგობარმა, როცა კებში ისევ ჩავსხედით, – საწყალი მოხუცი. როგორ მოულოდნელად მოკვდა. – ნეტავ, ბუნებრივი აღსასრულით წავიდა ამ ქვეყნიდან თუ თავი მოიკლა? თუ ეს თვითმკვლელობაა, სამშობლოს ღალატის გამო სინდისის ქენჯნის შედეგად ხომ არ მოხდა? მაგრამ ეს კითხვა შემდეგისათვის გადავდოთ. ახლა კი კადოგენ უიესტს მივხედოთ.

შვილის დამკარგავი დედა ცხოვრობდა გარეუბანში, ერთ პატარა სახლში, სადაც სამაგალითო წესრიგი სუფევდა. მოხუცი ქალი სრულიად განადგურებული იყო დარდისაგან და ვერაფრით დაგვეხმარა. სამაგიეროდ, მის მეზობლად აღმოჩნდა ერთი ძალზე ფერმკრთალი ახალგაზრდა ქალიშვილი. იგი გაგვეცნო, როგორც მის ვაიოლეტ უესტბარი, განსვენებულის საცოლე და უკანასკნელი, ვინც იმ საბედისწერო საღამოს უიესტი ნახა.

– მომხდარი ამბავი ვერაფრით ამიხსნია, მისტერ ჰოლმს, – თქვა მან, – მას მერე, რაც უბედურების ამბავი გავიგეთ, თვალი არ მომიხუჭავს, სულ ვფიქრობ, ვფიქრობ და სიმართლეს ვეძებ. ართური კეთილშობილი კაცი იყო, გულღია, თავისი საქმის ერთგული, ჭეშმარიტი პატრიოტი. უმალ მარჯვენას მოიჭრიდა, ვიდრე მისდამი მინდობილ სახელმწიფო საიდუმლოს გაყიდდა. ყველასათვის, ვინც მას იცნობდა, ეს აზრი დაუშვებელი და უაზროა.

– მაგრამ ფაქტები, მის უესტბარი…

– დიახ, დიახ. მე არ შემიძლია მათი ახსნა, ამას ვაღიარებ.

– ფულის გასაჭირს ხომ არ განიცდიდა?

– არა. არცთუ დიდი მოთხოვნილების კაცი იყო, ჯამაგირი კი საკმარისი ჰქონდა. დანაზოგებიც რამდენიმე ასეულ გირვანქას აღწევდა და საახალწლოდ ჯვარი უნდა დაგვეწერა.

– ხომ არ შეგიმჩნევიათ, რომ ღელავდა და ნერვიულობდა? გთხოვთ, მის უესტბარი, ჩვენთან აბსოლუტურად გულახდილი იყოთ.

ჩემი მეგობრის მახვილმა თვალმა ქალიშვილს რაღაც ცვლილება შეატყო, – იგი თითქოს ყოყმანობდა, წამოწითლდა.

– კი, მეჩვენებოდა, რომ რაღაც აშფოთებდა.

– დიდი ხანია, რაც ეს დაეწყო?

– ერთი კვირის წინ. ზოგჯერ ღრმად ჩაფიქრდებოდა ხოლმე. მოიწყენდა. ერთხელ ვცადე გამოტეხვა, ჩავეძიე, ხომ არაფერი მომხდარა-მეთქი. გამომიტყდა, მოსვენება დამეკარგა და ეს სამსახურის საქმეს ეხებაო. “ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ შენც კი ვერაფერს გეტყვიო”, თქვა. მეტს ვერაფერს გავხდი.

ჰოლმსის სახემ სერიოზული გამომეტყველება მიიღო.

– განაგრძეთ, მის უესტბარი. თუნდაც ერთი შეხედვით თქვენი ჩვენება მის სასარგებლოდ არ მეტყველებდეს, მხოლოდ სიმართლე ილაპარაკეთ. წინასწარ ჩვენ არასოდეს არ ვიცით, სად მიგვიყვანს სიმართლე.

– მერწმუნეთ, მეტი არაფერი დამრჩენია სათქმელი. ერთი ორჯერ მომეჩვენა თითქოს სათქმელ-საფიქრალი ჩემთვის უნდა გაეზიარებინა. როგორღაც ერთ საღამოს ლაპარაკი იმაზე ჩამოაგდო, თუ რა დიდი მნიშვნელობისაა დოკუმენტები, რომელნიც სეიფში ინახება. შემდეგ, მახსოვს, დაუმატა, რომ უცხოელი ჯაშუშები, ცხადია, ამ სამხედრო საიდუმლოსათვის დიდძალ თანხას გაიღებდნენ.

ჰოლმსის გამომეტყველება კიდევ უფრო სერიოზული გახდა.

– მეტი არაფერი უთქვამს?

– მხოლოდ ის დასძინა, რომ ჩვენ რამდენადმე დაუდევრად ვექცევით სამხედრო საიდუმლოების შენახვის საქმეს, სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევთ მას და რომ მოღალატესა და გამცემს ამითშეუძლია ისარგებლოს.

– ასეთ თემებზე ლაპარაკი მხოლოდ ამ ბოლო დროს დაიწყო?

– დიახ, მხოლოდ უკანასკნელ დღეებში.

– მიამბეთ, რა მოხდა იმ საღამოს.

– ჩვენ თეატრში წასასვლელად მოვემზადეთ. ისეთი სქელი ნისლი ჩამოწვა, რომ კების დაქირავებას აზრი არა ჰქონდა. ფეხით გავუყევით. ჩვენი გზა არსენალის მახლობლად გადიოდა. უეცრად ართურმა მიმატოვა, განზე გადახტა და ნისლში მიიმალა.

– სიტყვა არ უთქვამს?

– მხოლოდ რაღაც შესძახა და მორჩა. ვიდექი, ველოდი, მაგრამ არ დაბრუნდა. მაშინ მე შინ წავედი. მეორე დღეს დილით დეპარტამენტიდან მოვიდნენ და მისი ამბავი იკითხეს. დაახლოებით თორმეტ საათზე საშინელი ცნობები შევიტყე. მისტერ ჰოლმს, გაფიცებთ: თუ ეს თქვენს ხელთ არის, გადაარჩინეთ მისი პატიოსანი სახელი. იცით, რა ძვირად უღირდა პატიოსნება?

ჰოლმსი შეწუხდა, თავი გადააქნია.

– აბა, უოტსონ, დროა დავიძრათ და სხვაგან წავიდეთ, – თქვა. – ახლა იქ მივალთ, საიდანაც დოკუმენტები გაიტაცეს.

– თავიდანვე ახალგაზრდა კაცის წინააღმდეგ ბევრმა სამხილმა მოიყარა თავი. დაკითხვების შემდეგ კი მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა, – შენიშნა ჰოლმსმა, როცა კები დაიძრა. – მოახლოებული ქორწინება – საკმარისი მოტივია დანაშაულისათვის. კადოგენ უიესტი, ბუნებრივია, ფულს საჭიროებდა. ნახაზების მოტაცების აზრი ჰქონია თავში, რაკი საცოლეს ამაზე ლაპარაკი დაუწყო. თითქმის კინაღამ თანამზრახველადაც გაუხდია, განზრახვა ქალისათვის ლამის გაუმხელია. საძაგელი ამბავია.

– მაგრამ მომისმინეთ, ჰოლმს, ნუთუ კაცის რეპუტაციას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს? მერე და რა აუცილებელი იყო საპატარძლოს ქუჩაში მიტოვება და თავკისრის ტეხვით დოკუმენტების მოსაპარავად გაქცევა?

– თქვენ სწორად მსჯელობთ, უოტსონ. საპირისპირო აზრი, რაც თქვენ გამოთქვით, ძალზე არსებითია. მაგრამ ბრალდების უარყოფა ძალიან ძნელი იქნება.

მისტერ სიდნეი ჯონსონი შეგვხვდა ისეთი პატივით, რასაც გამოხატავდა ყველა, ვინც ჩემი მეგობრის სადარბაზო ბარათს ნახავდა. უფროსი კლერკი აღმოჩნდა გამხდარი, პირქუში მამაკაცი, შუახნის სათვალიანი ჯენტლმენი. მომხდარი ამბისაგან ცოტა მოკუნტულიყო და ხელები უკანკალებდა.

– არასასიამოვნო ამბავია, მისტერ ჰოლმს, ძალზე არასასიამოვნო. თქვენ გაიგეთ შეფის გარდაცვალება?

– ჩვენ ესაა მისი სახლიდან მოვდივართ.

– ჩვენთან დიდი არეულობაა. დეპარტამენტის მეთაური მოკვდა, კადოგენ უიესტი მოკვდა, საბუთები გატაცებულია. ხოლო ორშაბათ საღამოს, როცა სახლს ვკეტავდით, აკი ყველაფერი თავის რიგზე გახლდათ – დეპარტამენტი დეპარტამენტს ჰგავდა. ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! ფიქრიც კი საშინელია. ასეთი დანაშაული რომ სახელდობრ უიესტს ჩაედინა!

– მაშ, თქვენ დარწმუნებული ხართ მის უდანაშაულობაში?

– სხვა არავინაა, რომ ეჭვი მივიტანოთ. მე კი მას ისე ვენდობოდი, როგორც საკუთარ თავს.

– რომელ საათზე დაკეტეთ სახლი ორშაბათს?

– ხუთ საათზე.

– სად ინახებოდა დოკუმენტები?

– სეიფში. თვითონ მე ჩემი ხელით შევაწყე ისინი.

– შენობას დარაჯი არა ჰყავს?

– დარაჯი არის, მაგრამ მარტო ჩვენს განყოფილებას კი არ იცავს. ძველი ჯარისკაცია, აბსოლუტურად სანდო. არაფერი უნახავს. იმ საღამოს, მართალია, საშინელი ნისლი იყო, დაუჯერებლად ხშირი.

– დავუშვათ, კადოგენ უიესტმა განიზრახა შენობაში შესვლა არასამუშაო დროს. მას სამი გასაღები დასჭირდებოდა, რომ საბუთებამდე მიეღწია, ხომ ასეა?

– სწორედ ასე გახლავთ: შემოსასვლელის გასაღები, კონტორის გასაღები და სეიფის გასაღები.

– გასაღებები მხოლოდ თქვენ და სერ ჯეიმს უოლტერს გქონდათ?

– შენობაში შემოსასვლელის გასაღები მე არა მაქვს, მხოლოდ სეიფისა მაბარია.

– სერ ჯეიმსი ხასიათის სიმტკიცითა და დისციპლინის მოყვარულობით თუ გამოირჩეოდა?

– წესრიგის მოყვარული კაცი იყო. მხოლოდ ის ვიცი, რომ სამივე გასაღები ერთ რგოლში ჰქონდა. ხშირად მინახავს მის ხელში ის აცმა.

– ეს რგოლი თან მიჰქონდა ხოლმე, როცა ლონდონში მიდიოდა?

– მუდამ თან დამაქვსო, იტყოდა ხოლმე.

– არც თქვენ ტოვებთ სადმე თქვენს გასაღებს?

– არასოდეს.

– მაშასადამე, უიესტს, თუ დამნაშავე მართლა ისაა, მეორე მორგებული გასაღები გაუკეთებია. მაგრამ მას გასაღები არ აღმოაჩნდა. მე მაინც ის უნდა ვთქვა, რომ, თუ ამ სახლში მომუშავე რომელიმე კლერკი სამხედრო საიდუმლოს გაცემას მოინდომებდა, მისთვის უფრო მოხერხებული იქნებოდა ნახაზების ასლის გადაღება, ვიდრე ორიგინალების გატაცება, როგორც სინამდვილეში მოხდა.

– ასლების რიგიანად გადაღებას დიდი ტექნიკური ცოდნა უნდა.

– ასეთი ცოდნა, ეტყობა, სერ ჯეიმსსაც ჰქონდა და კადოგენსაც. ასეთი ცოდნა თქვენც ხომ გაგაჩნიათ?

– რასაკვირველია. მაგრამ მე გთხოვთ ამ ამბავში ცუდ-უბრალოდ მე ნუ მიმატმასნით, მისტერ ჰოლმს, ან რა საჭიროა ფუჭად მარჩიელობა, როცა ცნობილია, რომ ნახაზები კადოგენ უიესტს უპოვეს ჯიბეში!

– მაგრამ, სიმართლე რომ ითქვას, ძალიან უცნაური კია, რომ ასეთ რისკზე წავიდა, ორიგინალები წაიღო, როცა შეეძლო დამშვიდებით დამჯდარიყო, გადაეღო ასლები და ისე გაეყიდა.

– რა თქმა უნდა, უცნაურია, მაგრამ დედნებია წაღებული.

– რაც მეტს იკვლევ, ამ საქმეში მით უფრო მეტი თავსატეხი ჩნდება. სამი ნახაზი რომ აკლია, ჯერაც არაა ნაპოვნი. რამდენადაც ვიცი, სწორედ ის სამი ნახაზია მთავარი!

– დიახ.

– ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ვის ხელშიაც ის სამი ნახაზი მოხვდა, შეუძლია ააგოს ბრიუს-პარტინგტონის წყალქვეშა ნავი, ისე რომ დანარჩენი შვიდის გარეშე იოლად გავა?

– სწორედ ამაზე მოვახსენე საადმირალოს. მაგრამ დღეს ისევ გადავსინჯე ნახაზები და დავეჭვდი. ერთ-ერთ დაბრუნებულ დოკუმენტზე მოცემულია ნახაზი სარქველებისა და ავტომატური საკეტებისა. ვიდრე იქ, უცხოეთში, მათ თვითონ არ გამოიგონებენ, ბრიუს-პარტინგტონის ნავს ვერ ააგებენ. მართალია, ასეთი დაბრკოლების გადალახვა განსაკუთრებულ სიძნელეს არ წარმოადგენს.

– მაშ სამი დაკარგული ნახაზი მაინც მთავარია?

– უეჭველად.

– თუ საწინააღმდეგო არაფერი გექნებათ, შენობაში ცოტაოდენ კვლევა-ძიებას ჩავატარებ. მეტი კითხვა არ მექნება.

ჰოლმსმა სეიფის საკეტი დაათვალიერა, მთელი ოთახი დაიარა და ბოლოს ფანჯრებზე რკინის დარაბები შეამოწმა. მხოლოდ მაშინ, როცა შენობის წინ გაზონზე აღმოვჩნდით, ინტერესი ისევ გაუცხოველდა. ფანჯრის ქვეშ დაფნის ხე იზრდებოდა, – ზოგი მისი ტოტი დაღუნული ამოჩნდა, ზოგიც მოტეხილი. ჰოლმსმა ისინი გულმოდგინედ გამოიკვლია, ძლივს შესამჩნევი კვალიც კი გასინჯა მიწაზე. ბოლოს უფროს კლერკს სთხოვა დაეკეტა რკინის დარაბები და ჩემი ყურადღება მიაქცია იმას, რომ საგდულები შუაში მჭიდროდ არ უერთდებოდა ერთმანეთს და ქუჩიდან შეიძლებოდა იმის შემჩნევა, რაც შიგნით ხდებოდა.

– კვალი, ცხადია, თითქმის გამქრალია, სამი დღის დაყოვნებამ ცხელ კვალზე მიყოლა შეუძლებელი გახადა. აბა, უოტსონ, უილვიჯში ჯერჯერობით ყველაფერს მოვრჩით, თუმცა ბევრი ვერაფერი დავიჭირეთ. ვნახოთ, იქნებ ლონდონში გაგვიღიმოს ბედმა.

და მაინც, ვიდრე უილვიჯს დავტოვებდით, ჩვენს ბადეში რაღაც გაება. მოლარემ სადგურში უყოყმანოდ განაცხადა, რომ ორშაბათ საღამოს მან ნახა კადოგენ უიესტი, რომელსაც სახით კარგად იცნობდა. ახალგაზრდა კაცმა მესამე კლასის ბილეთი მომთხოვა მატარებელზე, რომელიც 8 საათსა და 15 წუთზე გადიოდაო. მოლარეს ისიც ახსოვდა, რომ უიესტმა ბილეთი სადგურ “ლონდონის ხიდამდე” აიღო. იგი სრულიად მარტო იყო, მე მისმა ნერვულმა, მოუსვენარმა განწყობილებამ შემაშფოთაო. უიესტი კი იმ ზომამდე იყო აღელვებული და შეშფოთებული, რომ ვერანაირად ვერ მოუყარა თავი ხურდას და მე მისი შველა მომიხდაო; განრიგის მიხედვით გავარკვიეთ, რომ ეს მატარებელი იყო ფაქტიურად პირველი, რომლითაც უიესტს შეეძლო ლონდონს გამგზავრება მას შემდეგ, რაც რვის ნახევარზე ქუჩაში დანიშნული მიატოვა.

– ვცადოთ მოვლენების აღდგენა, – ოცდაათიოდე წუთის დუმილის შემდეგ მითხრა ჰოლმსმა. – არა, ღმერთმანი, მე და თქვენ ჯერ ასეთი საძნელო საქმე არ შეგვხვედრია. ყოველ ნაბიჯზე ახალ წყალქვეშა მეჩეჩებს ვაწყდები და მაინც საგრძნობლად წავიწიეთ წინ.

უილვიჯში დაკითხვის შედეგი, ძირითადად, უიესტის წინააღმდეგ მეტყველებს, მაგრამ ის, რაც კონტორის ფანჯრის ქვეშ შევამჩნიე, ნებას გვაძლევს, ზოგი რამ ბრალდებულის სასარგებლოდაც ვივარაუდოთ. დავუშვათ, რომ მას უშუალოდ მიმართა უცხოელმა აგენტმა. იგი ისეთი ფიცით დაამუნათებდა უიესტს, რომ ეს უკანასკნელი იძულებული გახდებოდა ხმა აღარ ამოეღო. ეტყობა, ამ აზრმა უიესტი დააინტერესა, მისი დანიშნულის ნაწყვეტ-ნაწყვეტი შენიშვნები და მინიშნებანი საიმისო საბაბს გვაძლევენ, რომ ასე ვიფიქროთ. კეთილი. შემდეგ დავუშვათ, რომ თეატრში მიმავალმა უიესტმა ნისლში შენიშნა ის აგენტი, რომელიც არსენალის შენობისაკენ მიდიოდა. უიესტი იმპულსური ახალგაზრდა კაცი იყო, მოქმედებდა დაუფიქრებლად. როცა საქმე მის მოქალაქეობრივ მოვალეობას ეხებოდა, ყველაფერი სხვა მისთვის მნიშვნელობას კარგავდა. იგი აგენტს კვალდაკვალ მიჰყვა, ფანჯრის ქვეშ დადგა, ნახა, როგორ იპარავდა აგენტი, ქურდი, დოკუმენტებს და აედევნა. ამრიგად იხსნება კითხვა, რატომ აიღეს დედნები და არა გადაღებული ასლები. გარეშე კაცი ამას ვერ გააკეთებდა. ხედავთ, თითქოს ლოგიკურია.

– მერე?

– აქ მაშინვე ვაწყდებით დიდ სიძნელეს. შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს, რომ უიესტის მდგომარეობაში მოხვედრილი კაცისათვის უმჯობესი იყო, განგაში აეტეხა და არამზადისათვის მაგრად ჩაევლო ხელი. ბუნებრივად იბადება კითხვა. რატომ არ მოიქცა ასე? იქნებ გამტაცებელი მასზე თანამდებობრივად მაღლა მდგომი პირია, მისი უფროსი? მაშინ უიესტის მოქმედების ახსნა იოლი საქმეა, ან ასე: ქურდმა მოახერხა ნისლში გაუჩინარება. უიესტი მაშინვე მიეშურება მისი სახლისაკენ ლონდონში, რომ დოკუმენტების გატაცებაში როგორმე ხელი შეუშალოს, რაღა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ აგენტის მისამართი ეცოდინებოდა. ერთი რამ ცხადია, მხოლოდ რაღაც განსაკუთრებულმა, რაც გადადებას არ ითმენდა, აიძულა, რომ საცოლე ქუჩაში მიეტოვებინა. მერე ქალიშვილს ვეღარც თავისი ამბავი შეატყობინა. შემდეგ ყოველგვარი კვალი იკარგება და ვიდრე უიესტის გვამი ვაგონის სახურავზე არ აღმოჩნდება, ჩვენ წინ სრული წყვდიადია. ახლა ძიება მეორე ბოლოდან დავიწყოთ. თუ მაიკროფტმა უკვე გამოგზავნა სახელები და მისამართები, იქნებ მათ შორის აღმოჩნდეს ის, ვინც ჩვენ გვინდა და მაშინვე ორ კვალს მივყვებით.

ბეიკერ-სტრიტზე ნამდვილად გველოდა სია, რომელიც საგანგებო შიკრიკს მოეტანა. ჰოლმსმა თვალი გადაავლო და მე მომიგდო. მე წავიკითხე:

“ცნობილია მრავალი წვრილმანი თაღლითი, მაგრამ – ცოტა ისეთი, ვისაც ასეთი დიდი საქმის “გაიმასქნება” შეეძლო. ყურადღების ღირსია სამი: ადოლფ მაიერი – გრეიტ-ჯორჯსტრიტი, 13, ვესტმინსტერი; ლუი ლა როტიერი – კემდენ-მენშენზი, ნოტინგ-ჰილი; ჰუგო ობერშტაინი, კოლფილდ-გარდენსი, 13, კენსინგტონი. ამ უკანასკნელის შესახებ ცნობილია, რომ ორშაბათს ის ლონდონში იყო, ახალი ცნობით – წავიდა. მოხარული ვარ, რომ გავიგონე: “ბნელში შუქი ბჟუტავსო”. მინისტრთა კაბინეტი უდიდესი მღელვარებით ელის შენს დასკვნით მოხსენებას. მიღებულია მითითებანი უმაღლესი სფეროებიდან. თუ საჭირო გახდება, მთელი ინგლისის პოლიცია შენს განკარგულებაში იქნება

მაიკროფტი”.

– მე აგრე მგონია, რომ “მთელი სამეფოს ცხენოსანთა ჯარი და დედოფლის ლაშქარი” ამ საქმეში ვერაფერს დამეხმარება, – ღიმილით თქვა ჰოლმსმა. ლონდონის დიდი გეგმა გაშალა და უდიდესი ინტერესით დაჰყურებდა – კარგია! კარგი! ჩაილაპარაკა ცოტა ხნის შემდეგ კმაყოფილმა. – ჩანს, ბედი გვქონია, იცით, უოტსონ, აზრად მომდის, რომ ამ საქმეს ჩვენ ბოლოს მივადევნებთ. – მოულოდნელად გამხიარულებულმა ჰოლმსმა მხარზე ხელი დამკრა. – ახლა მე დაზვერვაზე წავალ. ვფიცავ ზენას, არაფერ სერიოზულს არ მოვიმოქმედებ, ვიდრე ჩემს გვერდით არ იქნებით. თქვენ აქ დარჩით და ერთი ან ორი საათის შემდეგ შემოგივლით. თუ დროის სიმძიმე იგრძნოთ, აგერ ქაღალდების დასტა და კალამი: დაწერეთ მკითხველთა გულის მოსაფხანად და სალბუნად, თუ როგორ დავიხსენით გასაჭირიდან სახელმწიფო. რამდენადმე მისი აწეული გუნება-განწყობა მეც გადმომედო. კარგად ვიცოდი, რომ საკმარისი საფუძვლის გარეშე ჰოლმსი ჩვეული თავშეკავების საზღვარს არ გადავიდოდა და ცუდ-უბრალოდ აღტაცებას არ გამოხატავდა. ნოემბრის გრძელი საღამო მეგობრის ლოდინში გავლიე. ცხრიდან უკვე გადასული იყო, როცა შიკრიკმა მისი ასეთი ბარათი მომიტანა:

“ვსადილობ გოლდინის რესტორანში გლოსტერ-როუდზე, კენსინგტონში. გთხოვთ გაუყოვნებლივ მოხვიდეთ აქ. თან წამოიღეთ პატარა ძალაყინი, დახურული ფარანი, ხვეწი და რევოლვერი.

შ.ჰ.”

ვერაფერს იტყვი, ალბათ ღირსეულმა და პატივცემულმა მოქალაქემ ბნელსა და დანისლულ ქუჩებში ასეთი აღჭურვილობა უნდა ატაროს. რა გაეწყობოდა, ყველა დასახელებული საგანი პალტოს ჯიბეებში ჩავიტენე და ჰოლმსის ნაჩვენებ ადგილს მივაშურე. ჩემი მეგობარი ამ მყვირალა, მორთულ-მოკაზმულ იტალიურ რესტორანში, შესასვლელის მახლობლად, მრგვალ პატარა მაგიდასთან იჯდა.

– მოგშივდათ? არა? მაშინ ყავა მაინც დალიეთ. ერთი სიგარაც მოსინჯეთ აქაურობის მფლობელისა. არც ისე საძაგელია, როგორც წარმომედგინა. ყველაფერი მოიტანეთ?

– ყველაფერი. პალტოში მაქვს დამალული.

– ჩინებულია. ახლა მოდით, ორი სიტყვით გადმოგცემთ იმას, რაც ამ ხანში გავაკეთე და კიდევ რა გვაქვს გასაკეთებელი. ვფიქრობ, უოტსონ, თქვენთვის აშკარა უნდა იყოს, რომ ახალგაზრდა კაცის გვამი სახურავზე ვინმემ დააგდო. ამაში მაშინვე დავრწმუნდი, როგორც კი დავადგინე, რომ ის ვაგონიდან არ გადაუგდიათ.

– რომელიმე ხიდიდან ხომ არ ისროლეს სახურავზე?

– ჩემი აზრით, ეს შეუძლებელია. ვაგონების სახურავები მომრგვალებული და დამრეცია, არავითარი სახელური და მოაჯირი მას არ გააჩნია, ზედ გვამი ვერ გაჩერდებოდა. მაშ, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ის სახურავზე დადეს.

– მერე, როგორ?

– ამ კითხვაზე პასუხი უნდა გავცეთ. არის მხოლოდ ერთი შესაძლებლობა, რაც სიმართლეს ჰგავს. თქვენთვის ცნობილია, რომ მეტროს მატარებლები უესტ-ენდის ზოგიერთ ადგილას გვირაბიდან გამოდიან. მე ბუნდოვნად მახსოვს, ამ გზით რომ მივემგზავრებოდი, სახლების სახურავები პირდაპირ ჩემს თავს ზემოთ მოჩანდა. ახლა წარმოიდგინეთ, რომ მატარებელი გაჩერდა ერთ-ერთი ასეთი სახლის ფანჯარასთან. განა ისე ძნელი იქნება გვამის დადება ფანჯრიდან ვაგონის სახურავზე?

– ჩემი აზრით, ეს სრულიად წარმოუდგენელია.

– ძველი აქსიომა უნდა გავიხსენოთ: როცა ყველა შესაძლებლობა გამორიცხულია, ერთი გარდა, მაშინ ეს ერთი, რაც არ უნდა დაუჯერებელი გვეჩვენოს, უდავო ფაქტია. ყველა სხვა შესაძლებლობა გამოვრიცხეთ და ეს ერთი დარჩა. როცა მე გავარკვიე, რომ ერთ-ერთი დიდი საერთაშორისო ჯაშუში, რომელიც ეს-ეს არის ლონდონიდან წავიდა, ცხოვრობდა ერთ-ერთ იმ სახლში, რომლის ფანჯარა პირდაპირ მეტროს ხაზზე გადის. ეს ამბავი იმდენად გამეხარდა, რომ უბრალო ზომიერებაც კი დავკარგე, ფამილარულად მოგექეცი და მხარზე ხელი დაგკარი.

– აი, თურმე რა ყოფილა!

– საერთაშორისო ჯაშუში, ჰუგო ობერშტაინი, რომელსაც ბინა კოლფილდ-გარდენსზე ჰქონდა ნაქირავები, ცამეტ ნომერში, ჩემი სათვალთვალო ობიექტი შეიქნა. მე გლოსტერ-როუდის სადგურიდან დავიწყე ზვერვა. იქ ერთი ძალიან თავაზიანი რკინიგზელი თან გამყვა. დათვალიერებისას დავრწმუნდი, რომ კოლფილდ-გარდენსზე კიბის ფანჯრების უკანა გასასვლელი პირდაპირ ხაზზე გადის. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რაც ადგილზე გავიგე: სწორედ იქაა გზაჯვარედინი, უფრო დიდი სარკინიგზო შტო გადის და მეტროს ვაგონები ხშირად რამდენიმე წუთით იმ ალაგას ჩერდებიან.

– ბრწყინვალეა, ჰოლმს! თქვენ შეაღწიეთ ცხრაკლიტულში!

– ჯერჯერობით შეღწევისა რა მოგახსენოთ, უოტსონ, შედეგი შორსაა, მაგრამ ჩვენ წინ მივიწევთ. მე დავათვალიერე უკანა კედელი მეცამეტე სახლისა კოლფილდ-გარდენსზე, შემდეგ მისი ფასადი, და დავრწმუნდი, რომ ჩიტი მართლა გაფრინდა. სახლი ერთობ დიდია, ზედა სართულზე ცალკე ბინებია. ობერშტაინი სწორედ იქ ცხოვრობდა, თან ჰყოლია მხოლოდ ერთი ლაქია, ალბათ თანამზრახველი, რომელსაც სავსებით ენდობოდა. ამრიგად, ობერშტაინი კონტინენტზე გაემგზავრა, რათა ნადავლი გაასაღოს, მაგრამ ეს არაა გაქცევა – არავითარი საფრთხე არ მოელოდა, რომ დაპატიმრებისა შინებოდა. ხოლო თუ კერძო დეტექტივი შემოიჭრებოდა მის საკუთარ სახლში, ამ ჯენტლმენს ასეთი აზრი არც მოსვლია. მაგრამ მე და თქვენ სწორედ ასეთ რამეს მოვუწყობთ.

– განა არ შეიძლება ოფიციალური ჩხრეკის ორდერი ავიღოთ, რომ ყველაფერი კანონიერად მოხდეს?

– ჩვენი მონაცემების მიხედვით – გაგვიჭირდება.

– მაგრამ რას მოგვცემს ჩხრეკა?

– იქნებ ხელთ რაიმე კორესპონდენცია მოვიგდოთ.

– ჰოლმს, ეგ ამბავი მე არ მომწონს.

– ჩემო ძვირფასო, თქვენ მოგიხდებათ მხოლოდ ქუჩაში დგომა და თვალთვალი, რომ უცებ თავს არავინ წამოგვადგეს, ყოველგვარ უკანონობაზე პასუხს მე ვაგებ. ახლა ასეთი წვრილმანი ამბების გამო უკან დახევის დრო არაა. გაიხსენეთ, რას წერს მაიკროფტი, გაიხსენეთ შეშფოთებული საადმირალო და მინისტრთა კაბინეტი, და ბოლოს, აღგზნებული ხელისუფალი, რომელიც ჩვენგან ახალ ამბავს ელის. ჩვენ მოვალე ვართ ეს ჩავიდინოთ.

პასუხის ნაცვლად მაგიდიდან წამოვიჭერი. – თქვენ მართალი ხართ, ჰოლმს, ეს ჩვენი მოვალეობაა.

ისიც წამოხტა და ხელი გამომიწოდა.

– ვიცოდი უკანასკნელ წუთს არ გამაწბილებდით, – მითხრა და მის თვალებში სინაზის მსგავსი რაღაც ამოვიკითხე. მომდევნო წუთს იგი ისევ ის ჰოლმსი იყო – თავდაჯერებული, საქმიანი, მბრძანებელი. – იქამდე ნახევარი მილი იქნება, მაგრამ საჩქარო არა არის რა, ფეხით წავალთ, – განაგრძო მან. მთავარია იარაღები არ დაკარგოთ, ხოლო თუ როგორც საეჭვო პირს დაგაპატიმრებენ, ეს ამ აწეწილ-დაწეწილ საქმეს კიდევ უფრო გაართულებს.

კოლფილდ-გარდენსზე ჩამწკრივებული, სვეტებიანი და კარიბჭეებიანი თანაბარფასადებიანი სახლები, ესენი გახლავთ უესტ-ენდში ვიქტორიანული ეპოქის შუა ხანების ტიპიური ნაგებობანი. როგორც იქნა, სახლს მივადექით. მეზობელი ბინიდან მხიარული ახალგაზრდული ხმები და პიანინოს ჟღარუნი მოისმოდა. ჩანს, გახურებული ზეიმი იყო ყმაწვილებისა. ნისლი ჯერ არ გაფანტულიყო და თავისი შეუვალობით გვფარავდა. ჰოლმსმა ფარანი აანთო და მძიმე შესასვლელ კარს მიანათა.

– წინ მძიმე დაბრკოლება გვეღობება, – თქვა. – აქ, ეტყობა, მარტო კლიტე კი არა, ურდულებიცაა. ვცადოთ უკანა შესასვლელით სარდაფში ჩაღწევა. თუ ვინმე, ძლიერ გულმოდგინე წესრიგის დამცველი გამოჩნდება, ეგერ დაბლა ჩვენს განკარგულებაში, ჩინებული ბნელი კუთხეა და იქ შევიყუჟებით. მომეცით ხელი, უოტსონ, ზღუდეზე გადასვლა მოგვიხდება, შემდეგ მე მოგეშველებით.

ერთი წუთიც და უკვე დაბლა ვიყავით, სარდაფში შესასვლელთან. ძლივს მოვასწარით სიბნელეში შესვლა, რომ ჩვენს ზემოთ, ნისლში, პოლიციელის ნაბიჯის ხმა გაისმა. როცა ის ხმა შორს მიიკარგა, ჰოლმსი საქმეს შეუდგა. ვნახე, როგორ დაიხარა, დაიძაბა, კარი ხმაურით გაიღო. ჩვენ ბნელ დერეფანში შევედით და კარი მოვიხურეთ. ჰოლმსი წინ მიდიოდა, ხვეული კიბის შიშველ საფეხურებზე. მისი ფარნის ყვითელი შუქი ძირს, კიბის ქვევით გამოჭრილ ფანჯარას დაეცა.

– ეგერ ის ფანჯარაც. მგონი, ისაა.

ჰოლმსმა ჩარჩო გააღო და იმავე წამს გაისმა დაბალხმიანი, გულის გამაწვრილებელი ზუზუნი, რომელიც სულ იზრდებოდა და ბოლოს გუგუნად იქცა, – სახლის გვერდით სიბნელეში მატარებელმა ჩაიქროლა. ჰოლმსმა ფარნის შუქი დარაბას გააყოლა. იქაურობა ორთქმავლის მილიდან აბოლებული ჭვარტლის ხშირ ფენას დაეფარა. ალაგ-ალაგ ჭვარტლი გადაწმენდილივით იყო. ხედავთ, ეს იმიტომაა, რომ აქ იდო სხეული. შეხედეთ, უოტსონ, ეს რაღაა? ჰო, რა თქმა უნდა, ეს სისხლის კვალია. – ფანჯრის დარაბაზე მუქი, მრუმე ლაქები მიჩვენა. – ასეთები კიბის საფეხურებზეც შევნიშნე. სურათი ნათელია. დავიცადოთ, ვიდრე აქ მატარებელი გაჩერდება.

დიდი ლოდინი არ დაგვჭირდა. მომდევნო შემადგენლობა გვირაბიდან გრიალით გამოვიდა, თანდათან შეანელა სვლა და მუხრუჭების ღრაჭუნით პირდაპირ ფანჯრის ქვეშ გაჩერდა. ფანჯრიდან სახურავამდე რაღაც ოთხი ფუტი მანძილი იქნებოდა. ჰოლმსმა წყნარად მიხურა ფანჯარა.

– ჯერჯერობით ყველაფერი დასტურდება, – ჩაილაპარაკა, – აბა, რას იტყვით, უოტსონ?

– ეს უკვე უმაღლესი ხელოვნებაა! ამ სიმაღლისათვის თქვენ არ მიგიღწევიათ!

– ამაში ვერ დაგეთანხმებით. აქ საჭირო იყო მარტო იმის მოსაზრება, რომ გვამი მატარებლის სახურავზე იდო, ეს, შესაძლოა, მართლაც კარგი მიხვედრა იყოს, დანარჩენი კი ყველაფერი მისგან გამომდინარეობს. სერიოზული სახელმწიფო ინტერესები რომ სასწორზე არ იყოს დადებული, მთელი ეს ამბავი, რამდენადაც ახლა ჩვენ ის ამოვხსენით და გავშიფრეთ, არაფერი განსაკუთრებული და საინტერესო არ იქნებოდა. სიძნელეები, უოტსონ, წინ არის. მაგრამ ვინ იცის, იქნებ აქ რაღაც ახალი მასალები მოვიპოვოთ.

უკანა კიბით ავედით და მეორე სართულის ბინაში აღმოვჩნდით. ძუნწად გაწყობილი სასადილო ჩვენთვის საგულისხმოს არაფერს შეიცავდა. ვერც საწოლ ოთახში ვნახეთ რაიმე საინტერესო. მესამე ოთახი მეტის აღმთქმელი აღმოჩნდა და ჩემი მეგობარი სისტემატურ ჩხრეკას მოჰყვა. ოთახი, ეტყობა, კაბინეტის მოვალეობას ასრულებდა – ყველგან წიგნები და ქაღალდები ეყარა. სწრაფად და მარჯვედ ყრიდა ჰოლმსი თაროებიდან და საწერი მაგიდის უჯრიდან ქაღალდებსა და წიგნებს, მაგრამ მის მკაცრ სახეს წარმატების სიხარული არ აცისკროვნებდა. მთელი საათი გავიდა, შედეგი კი არ ჩანდა.

– ცბიერი ძაღლი, კვალი დაუფარავს, – თქვა ჰოლმსმა. – არავითარი სამხილი. მამხილებელი მიმოწერა ან განადგურებულია, ან თან წაუღია.

საწერ მაგიდაზე ლითონის პატარა ზარდახშა იდგა. ჩვენი უკანასკნელი იმედი ესააო – თქვა, აიღო, ხვეწით გახსნა. შიგ ციფრებითა და ანგარიშებით შევსებული დაგრაგნილი ფურცლები იპოვა, მაგრამ იქიდან რაიმეს გარკვევა შეუძლებელი იყო. მხოლოდ სიტყვები “წყლის წნევა” და “წნევა კვადრატულ დუიმზე” იძლეოდნენ საშუალებას ვარაუდისათვის, რომ ყოველივე ამას რაღაც დამოკიდებულება ჰქონდა წყალქვეშა ნავთან. ჰოლმსმა მოუთმენლად მოისროლა ფურცლები განზე. კიდევ ნახა რაღაც კონვერტი, რომელშიაც გაზეთიდან ამოჭრილი ცნობები იდო. ჰოლმსმა ისინი მაგიდაზე დააწყო და მის ანთებულ თვალებში ამოვიკითხე, რომ იმედის სხივი აუკიაფდა.

– რა არის ეს, უოტსონ, ჰა? საგაზეთო განცხადებები, და როგორც ქაღალდისა და შრიფტის მიხედვით ჩანს, “დეილი ტელეგრაფიდან” უნდა იყოს – მარჯვენა გვერდის ზედა კუთხიდან. თარიღები არაა ნაჩვენები, მაგრამ, ვფიქრობ, ეს პირველია:

“იმედი მქონდა, ადრე გავიგონებდი. პირობები მიღებულია. დაწერეთ უფრო დაწვრილებით ბარათზე ნაჩვენები მისამართით.

პიეროტ”.

მეორე ასეთია:

“მისი აღწერა ძალიან რთულია. სრული ანგარიშია საჭირო. გადახდა საქონლის ჩაბარების შემდეგ.

პიეროტ”.

მესამე:

“წინადადება მოიხსნება, თუ ხელშეკრულების პირობები არ შესრულდება. წერილში აღნიშნეთ შეხვედრის თარიღი. დავადასტურებთ განცხადებით.

პიეროტ”.

და ბოლოს უკანასკნელი:

“ორშაბათს საღამოს ცხრა საათის შემდეგ. დააკაკუნეთ ორჯერ. ვიქნებით მარტო. ნუ ეჭვიანობთ. გასამრჯელოს მიიღებთ საქონლის ჩაბარებისას

პიეროტ”.

ყველაფერი თავმოყრილია – გამოქვეყნებულია სრულიად ამომწურავი ანგარიში მოლაპარაკების მსვლელობაზე! ახლა ერთი ის გვაცოდინა, მავთულს მეორე ბოლოზე ვინ იყო?

ჰოლმსი, ღრმად ჩაფიქრებული იჯდა და მაგიდაზე თითით აკაკუნებდა. უეცრად წამოიჭრა.

– მგონი ეს არც ისე საძნელო საქმეა. აქ, უოტსონ, ჩვენ აღარაფერი გვესაქმება. წავიდეთ, “დეილი ტელეგრაფის” რედაქციას მივაკითხოთ და ამით დავასრულოთ ჩვენი ნაყოფიერი დღე.

მაიკროფტ ჰოლმსი და ლესტრეიდი, როგორც დათქმული იყო, მეორე დღეს, ნასაუზმევს გამოცხადდნენ და ჰოლმსმა მათ უამბო ის, რაც წინა საღამოს გადაგვხდა. პოლიციის მაძებარმა რომ ბინის გატეხისა და ქურდობის ამბავი გაიგო, თავი გადააქნ-გადმოაქნია.

– ჩვენთან სკოტლენდ-იარდში ასეთი რამეების გაკეთება არ ეგების, მისტერ ჰოლმს, – თქვა ბოლოს, – გასაკვირი როდია, რომ თქვენ ხშირად აღწევთ იმას, რაც ჩვენთვის მიუწვდომელია. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს თქვენ და თქვენი მეგობარი მეტისმეტს იზამთ და მაშინ უსიამოვნებას თავს ვერ დააღწევთ.

– დავიღუპებით “ინგლისისათვის, მშობლიური სახლისათვის და მშვენიერებისათვის”.

– ჩინებულია, შერლოკ! დიდებულია! მაგრამ რას გვაძლევს ეს?

ჰოლმსმა “დეილი ტელეგრაფის” ახალი ნომერი აიღო მაგიდიდან.

– შენ ნახე “პიეროტის” დღევანდელი განცხადება?

– როგორ? კიდევ?

– დიახ. აი:

“დღეს საღამოს. იგივე ადგილი, იგივე საათი. ორჯერ დააკაკუნეთ. საქმე უაღრესად მნიშვნელოვანია. სასწორზეა თქვენი საკუთარი სიცოცხლე.

პიეროტ”.

– ეშმაკმა დალახვროს! – შესძახა ლესტრეიდმა. – თუ პასუხს გასცემს, ჩვენ მას იმწამსვე გავქაჩავთ!

ამ მიზნით მოვათავსე გაზეთში ეს წერილი. თუ ორივე გაირჯებით და არ დაიზარებთ ჩვენთან ერთად რვა საათისათვის კოლფილდ-გარდენსზე წამოსვლას, ჩვენი ამოცანის პასუხს დავაჩქარებთ.

შერლოკ ჰოლმსის ერთ-ერთი შესანიშნავი თვისება იყო მისი უნარი, მოღლილი გონება უფრო იოლ საქმეზე გადაერთო. როგორც კი იგრძნობდა, რომ საქმის წარმატებით დასაგვირგვინებლად გონებრივი ძალა, ძლიერი დაძაბულობის გამო, აღარ ჰყოფნიდა, დროებით სხვა სამუშაოს შეუდგებოდა ხოლმე. მთელი ის ღირსსახსოვარი დღე მან შესწირა ადრევე მოფიქრებულ მონოგრაფიას “ლასუსის პოლიფონიური მოტეტები”. ასეთი ძალა და უნარი ერთი საქმიდან მეორეზე გადართვისა, როცა ის პირველი საქმე მომთავრებული არა გაქვს, მე არ გამაჩნდა და ის დღე ჩემთვის უსაშველოდ გაჭიანურდა. ჩვენი ძიების შედეგების უზარმაზარი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, უმაღლეს სახელმწიფოებრივ სფეროებში გამეფებული დაძაბული ლოდინი, მომავალი სახიფათო ექსპერიმენტი – ყველაფერი მაღიზიანებდა და მანერვიულებდა. ამიტომ გულზე მომეშვა, როცა წავიხემსეთ და, როგორც იქნა, კოლფილდ-გარდენსისაკენ გავეშურეთ. ლესტრეიდსა და მაიკროფტს, როგორც შევთანხმდით, გლოსტერ როუდის სადგურთან შევხვდით. სარდაფის კარი იმ სახლისა, რომელშიაც ობერშტაინი ცხოვრობდა, წინა ღამის შემდეგ ღია იყო, მაგრამ რაკი მაიკროფტ ჰოლმსმა ზღუდეზე გადაძვრომაზე გადაჭრით განაცხადა უარი, წინ წასვლა და სადარბაზო კარის გაღება მე მომიხდა. ცხრა საათისათვის უკვე ოთხივენი ვისხედით კაბინეტში და მოთმინებით ველოდით ჩვენთვის საჭირო პირის გამოჩენას.

გავიდა ერთი საათი, მეორეც მიჰყვა, როცა ეკლესიის კოშკზე თერთმეტმა დაჰკრა, ჩამოკრული ზარის ხმა ჩვენი იმედების დამსხვრევისა და გლოვის ჰანგად გვეჩვენა. ლესტრეიდი და მაიკროფტი სკამებზე ცმუკავდნენ და წარამარა საათს დასცქეროდნენ. შერლოკ ჰოლმსი მშვიდად იჯდა, სანახევროდ თვალდახუჭული, მაგრამ შინაგანად დაძაბული. უცებ თავი ასწია და თქვა:

– მოდის!

ვიღაცამ ქურდული სიფრთხილით ჩაუარა კარს. ნაბიჯის ხმა ისევ მოახლოვდა. გაისმა ფეხების ფლატუნი და კარზე ორჯერ დარტყმის ხმა. ჰოლმსი ადგა და ჩვენ გვანიშნა, უძრავად ისხედითო. გაზის სანათი ჰოლში თითქმის ბჟუტავდა, ჰოლმსმა შემოსასვლელი კარი გააღო და როცა ბნელში მრუმე ფიგურამ ჩაიარა, კარი გასაღებით ჩაკეტა.

– გთხოვთ აქეთ მობრძანდეთ, – გავიგონეთ მისი ხმა და ერთი წამის შემდეგ ჩვენს წინ სრულიად მოულოდნელი სტუმარი იდგა. ჰოლმსი ფეხდაფეხ მოსდევდა და შემოსული კაცი შეცბა, შიშისა და გაოცების წამოძახილი აღმოჰხდა და უკან გავარდნა დააპირა, ჩემმა მეგობარმა ქეჩოში ხელი ჩაავლო და ოთახში შემოაგდო. ვიდრე ჩვენი ტყვე გონს მოვიდოდა, ჰოლმსმა ოთახის კარი ჩაუკეტა და გასასვლელს ზურგით მიეყრდნო. შეპყრობილმა შიშით მოავლო თვალი ოთახს, წაბარბაცდა და მოცელილივით დაეცა. დაცემისას ფართოფარფლებიანი ქუდი დაუვარდა, ტუჩ-პირზე აფარებული შარფიც ძირს დაუცურდა და ჩვენს წინ ჟღალწვერიანი და ნატიფი სახის ნაკვთებიანი პოლკოვნიკი ვალენტაინ უოლტერი წარმოსდგა. ჰოლმსმა გაოცებისაგან შეუსტვინა.

– უოტსონ, – თქვა მან, – ამჯერად შეგიძლიათ თქვენს მოთხრობაში ნამდვილ ვირად მომნათლოთ, რადგან დავიჭირე ის ფრინველი, რომლისთვის მახე სულაც არ დამიგია.

– ვინაა ეს? – მოუთმენლად შესძახა მაიკროფტმა.

– ეს გახლავთ უმცროსი ძმა განსვენებულ სერ ჯეიმს უოლტერისა, წყალქვეშა ფლოტის დეპარტამენტის მეთაურისა. დიახ, დიახ, მე უკვე ვხედავ, როგორ იყო ქაღალდი დაწყობილი. პოლკოვნიკი გონს მოდის. ამ ჯენტლმენის დაკითხვა გთხოვთ მე მომანდოთ.

უძრავი სხეული დივანზე მოვათავსეთ, მაგრამ ჩვენმა ტყვემ წამოიწია, მიმოიხედა, შუბლზე ხელი გადაისვა და გონს მოსვლა სცადა, თითქოს საკუთარ თვალებს არ უჯერებდა.

– რას ნიშნავს ყოველივე ეს? – ჩაილაპარაკა. – მე მოვედი მისტერ ობერშტაინთან.

– ყველაფერი გამოაშკარავებულია, პოლკოვნიკო უოლტერ, – მიუგო ჰოლმსმა. მხოლოდ ის ვერ გავიგე, როგორ შეეძლო ინგლისელ ჯენტლმენს ასე მოქცეულიყო, ჩვენ ვიცით თქვენი მიმოწერისა და შეთანხმების ამბავი ობერშტაინთან, ვიცით, აგრეთვე, კადოგენ უიესტის მკვლელობასთან დაკავშირებული გარემოებების არსი. მაგრამ ზოგიერთი წვრილმანი თქვენგან უნდა გავიგოთ. გთხოვთ, თქვენი გულწრფელი აღიარებით ოდნავ მაინც შეიმსუბუქოთ დანაშაული.

პოლკოვნიკმა ღრმად ამოიგმინა, თავი დახარა, ნიკაპი მკერდზე ჩამოუვარდა და სახე ხელებში ჩარგო. ველოდით, მაგრამ ის დუმდა.

– შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ მთავარი ფაქტები ჩვენთვის ნათელია – უთხრა ჰოლმსმა. – ვიცით, ფული დაგჭირდათ. თქვენ დაამზადეთ ტვიფრები გასაღებებისა, რომლის ორიგინალებიც თქვენს ძმას ჰქონდა, გამართეთ მიმოწერა ობერშტაინთან, რომელიც თქვენს წერილებზე “დეილი ტელეგრაფის” განცხადებების განყოფილებაში მოთავსებული თქვენთვის მისახვედრი ცნობებით პასუხობდა. იმ ორშაბათს, ნისლიან საღამოს, თქვენ შეაღწიეთ იმ შენობაში, სადაც სეიფი იდგა, რომ კადოგენ უიესტმა თქვენს კვალს მიაგნო, – ალბათ უკვე ჰქონდა საფუძველი, რომ თქვენს მოქმედებაში ეჭვი შეეტანა. იგი მოწმე გახდა ნახაზების გატაცებისა, მაგრამ განგაში არ აუტეხია, ალბათ ეგონა, რომ თქვენ დოკუმენტებს სეიფიდან ძმის დავალებით იღებდით. კადოგენ უიესტმა დაივიწყა პირადი საქმე და როგორც ჭეშმარიტი პატრიოტი, თქვენ დაგედევნათ. ამ სახლამდე გდიათ. აქ ის მოგიახლოვდათ და თქვენ, პოლკოვნიკო უოლტერ, ისედაც სახელმწიფო მოღალატემ, ჩაიდინეთ მეორე, უფრო საზარელი დანაშაული – მოკალით ახალგაზრდა კაცი.

– არა! არა! ღმერთმანი მე არ მომიკლავს! – შესძახა უბედურმა ტყვემ.

– მაშინ აგვიხსენით, რანაირად დაიღუპა, რა მოხდა მანამდე, ვიდრე მის გვამს ვაგონის სახურავზე მოათავსებდით?

– მოგიყვებით. ვფიცავ, ყველაფერს გეტყვით. ყველაფერი დანარჩენი ნამდვილად ისე იყო, როგორც თქვენ ბრძანეთ. ვაღიარებ, ვალში ჩავვარდი. უსაშველო ბადეში გავები, როცა ბირჟაზე ვთამაშობდი. ფული ჰაერივით მჭირდებოდა. ობერშტაინმა ხუთი ათასი შემომთავაზა. მინდოდა თავი დამეღწია ვალებისთვის და ფეხზე დავმდგარიყავი. მაგრამ მე არ მომიკლავს, ამაში ბრალი არ მიმიძღვის.

– მაშ რა მოხდა?

– უიესტმა ჩემზე რატომღაც ეჭვი აიღო და მზვერავდა. იმ საღამოსაც კვალზე მომყვებოდა, როგორც თქვენა თქვით. მე ის მხოლოდ სახლის შემოსასვლელთან დავინახე. ისეთი ნისლი იდგა, სამ ნაბიჯზე ვერაფერს გაარჩევდა კაცი. ორჯერ დავაკაკუნე და ობერშტაინმა კარი გამიღო. ახალგაზრდა კაცი ოთახში შემოიჭრა, მოგვვარდა, მოითხოვა აგვეხსნა, თუ რისთვის დაგვჭირდა ნახაზები. ობერშტაინს ყოველთვის თან დააქვს ტყვიის მოკლე ჯოხი, რომელიც კადოგენ უიესტს თავში დაჰკრა. დარტყმა საბედისწერო აღმოჩნდა. კადოგენი ხუთ წუთში გათავდა. ეგდო ჰოლში იატაკზე, ჩვენ სრულიად დავიბენით, აღარ ვიცოდით, რა გვექნა. ბოლოს ობერშტაინს მოაგონდა მატარებლები, რომლებიც სახლის უკანა ფანჯრის ქვეშ ჩერდებოდნენ. მაგრამ ობერშტაინმა ჯერ ნახაზები გასინჯა, სამი ყველაზე მნიშვნელოვანი შეარჩია და თქვა, რომ იმ ნახაზებს თავისთან იტოვებდა.

– არ შემიძლია ნახაზების დათმობა, – ვუპასუხე მე. – თუ დილით ისინი თავის ადგილზე ვერ ნახეს, უილვიჯში საშინელი განგაში ატყდება”.

“არა, ისინი უნდა წავიღო, – გაიძახოდა ობერშტაინი. – ისინი ტექნიკურად იმდენად რთულია, რომ დილამდე ასლის გადაღებას ვერ მოვასწრებ”. “ამ შემთხვევაში ნახაზებს დაუყოვნებლივ უკან დავაბრუნებ”, – ვუთხარი მე. ცოტა იფიქრა და მიპასუხა: “სამ მთავარ ნახაზს მე დავიტოვებ, დანარჩენები ჯიბეში ჩავუტენოთ ამ ახალგაზრდა კაცის გვამს. როცა მიაგნებენ, გატაცებას, ცხადია, მას დააბრალებენ”. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი და დავეთანხმე. ნახევარი საათი ვიცადეთ, ვიდრე ფანჯრის ქვემოთ მატარებელი გაჩერდებოდა. ნისლი გვფარავდა და ჩვენ იოლად დავუშვით ვაგონის სახურავზე კადოგენის გვამი. ესაა სულ, რაც მოხდა და რაც ვიცი”.

– თქვენი ძმა?

– სიტყვა არ დაუძრავს, მაგრამ ერთხელ გასაღებები ჩემთან ნახა და დაეჭვდა. ამას მის გამოხედვაში ვიჭერდი. მას მერე უბედურს თავი მაღლა არ აუწევია. აღარ შეეძლო ხალხისათვის თვალის გასწორება და…

დუმილი გამეფდა. ის მაიკროფტ ჰოლმსმა დაარღვია:

– გსურთ რამდენადმე გამოისყიდოთ თქვენი დანაშაული? რომ შეიმსუბუქოთ სინდისი და იქნებ სასჯელიც?

– რით შემიძლია მისი შემსუბუქება?

– სად არის ახლა ობერშტაინი, საით წაიღო ნახაზები?

– არ ვიცი.

– მისამართი არ დაუტოვებია?

– მხოლოდ ის თქვა, რომ მისი მისამართით გაგზავნილი წერილები, ოტელ “ლუვრში”, ბოლოს მასთან მოხვდებიან.

– მაშასადამე, თქვენ კიდევ გეძლევათ შესაძლებლობა გამოისყიდოთ დანაშაული, – უთხრა შერლოკ ჰოლმსმა.

– მზად ვარ გავაკეთო ყველაფერი, რასაც საჭიროდ ჩათვლით. იმ ვაჟბატონის მიმართ მხოლოდ სიძულვილი მაქვს გულში დაგუბებული. ისაა მიზეზი ჩემი დაცემისა და დაღუპვისა.

– აი, კალამი და ქაღალდი. დაჯექით მაგიდასთან და ჩემი კარნახით წერეთ! კონვერტზე წააწერეთ პარიზის მისამართი, რაც ჯაშუშმა მოგცათ. დაიწყეთ:

“ძვირფასო სერ!

გწერთ ჩვენი შეთანხმების გამო.

თქვენ უეჭველია, შეამჩნიეთ, რომ აკლია ერთი არსებითი დეტალი. მე ვიშოვე აუცილებელი ასლი, რომელიც ხარვეზს ავსებს. ამან მოითხოვა ბევრი ზედმეტი დავიდარაბა და ჯაფა. იმედი მაქვს მორიგი გასამრჯელოს მიღებისა, ხუთასი გირვანქის ოდენობით. ფოსტას ვერ ვენდობი. არც მივიღებ არაფერს, გარდა ოქროსი და ბანკნოტებისა, – შემეძლო მენახეთ საზღვარგარეთ, მაგრამ მეშინია ეჭვს აიღებენ, თუ სწორედ ახლა გავემგზავრები სამშობლოდან. ამიტომ იმედი მაქვს, რომ შევხვდებით ერთმანეთს ჩარინგკროსის მოსაწევ ოთახში შაბათს, დღის თორმეტ საათზე. ვიმეორებ, თანახმა ვიქნები მხოლოდ ინგლისურ ბანკნოტებზე ან “ოქროზე”.

– ჩინებულია, – თქვა ჰოლმსმა. – ძალიან გამიკვირდება, თუ ასეთ წერილს არ გამოეხმაურა.

ჰოდა, ისიც გამოეხმაურა! მაგრამ სხვა ყველაფერი უკვე ისტორიის სფეროს განეკუთვნება, მის იმ საიდუმლო ანალებს, რომელნიც ხშირად ოფიციალურ ქრონიკებზე უფრო საინტერესონი არიან. ობერშტაინი, რომელსაც სწყუროდა, ასე ბრწყინვალედ დაწყებული და თავისი ყველაზე უფრო სარფიანი საქმე ბოლომდე მიეყვანა, მახეში გაება და თხუთმეტი წლით საიმედოდ მოაყუჩეს ინგლისის ციხის კედლებში. მის ჩემოდანში იპოვეს ბრიუს-პარტინგტონის ფასდაუდებელი ნახაზები, რომლებიც სურდა აუქციონზე გაეყიდა. მთელი ევროპის სამხედრო-საზღვაო ცენტრებში.

პოლკოვნიკი უოლტერი დაპატიმრების მეორე წლის ბოლოსვე მოკვდა; რაც შეეხება ჰოლმსს, მან წარმატებით განაგრძო მუშაობა მონოგრაფიაზე “ლასუსის პოლიფონიური მოტეტები”. შემდეგ ის დაიბეჭდა მკითხველთა ვიწრო წრისათვის და სპეციალისტებმა შეაფასეს, როგორც მეცნიერების უკანასკნელი სიტყვა მოცემულ საკითხზე. რამდენიმე კვირის შემდეგ შევიტყვე, რომ აღწერილი მოვლენების მერე, ჩემმა მეგობარმა უინძორის სასახლეში გაატარა ერთი დღე და იქიდან დიდებული ზურმუხტის ქინძისთავით საყელოდამშვენებული დაბრუნდა. როცა ვკითხე, სად იყიდე-მეთქი, მიპასუხა, რომ ესაა საჩუქარი ერთი დიდებული ლედისა, რომელსაც დიდად საყურადღებო სამსახური გაუწია. მეტი აღარაფერი უთქვამს, მაგრამ მივხვდი, რომ ლაპარაკი იყო უავგუსტოესზე და ჰოლმსს ეს ზურმუხტის ქინძისთავი მუდამ მოაგონებს ბრიუს-პარტინგტონის წალქვეშა ნავის გატაცებულ ნახაზებს, რომლებიც მან ბრიტანეთის სამეფოს დაუბრუნა.

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close
ზედა პანელზე გადასვლა