ნარკვევებიეპისტოლარულიიაკობ გოგებაშვილი

კალენდრებიც ჩვენ გვბრიყვობენ

მკითხველმა კარგად უნდა იცოდეს, რომ რომელისამე ერის დანაწილება, პატარ-პატარა ლუკმად გადაქცევა, დაქუცმაცება საუკეთესო ხერხს შეადგენს ამ ერის დასუსტებისა, დაქვეითებისა და მიწასთან გასწორებისათვის. სწორედ ამ ვერაგულს ღონისძიებას ხმარობენ ქართველობის წინააღმდეგ ჩვენის ერის დუშმანნი; მაგრამ განა მარტო ესენი? არა, იმისთანანიც, რომელნიც ჩვენის ერის მტერთა რიცხვში არ უნდა ერივნენ.

ამის თვალ-საჩინო მაგალითს გვაძლევს ბ-ნი გერცენშტეინი, შემადგენელი და გამომცემელი “Тифлисский Настольный Календарь”-ისა. ეს ვაჟბატონი თითქოს ჩვენის კეთილისმყოფელია, თავისს კალენდარში ქართველის ლიტერატორების შესახებ თბლს წერილებსაც-კი ჰბეჭდავს; მაგრამ ჩვენის ეროვნების ერთობას და მთლიანობას-კი ძირიან-ფესვიანად არღვევს. გადაშალეთ მისი კალენდარი ამ წლისა მე-60 გვერდზე და ყურადღებით ჩაიკითხეთ: “Статические сведения по горову Тифлису за 1900 год. Общее число жителей Тифлиса и распределение их по национальностям и вероисповеданиям”. აქ ყველა ევროპიელი და აზიელი ერები მოხსენებულნი არიან, როგორც ორგანიულნი ერთეულნი. არც ერთის მათგანის შესახებ მეკალენდრე არა ჰხმარობს პროვინციალურს, სათემო სახელებსა; ყველა მონათლული ჰყავს საზოგადო ეროვნული სახელ-წოდებითა. თბილისში რუსები ამდენნი არიანო, ამბობს, სომხები ამდენნი, ფრანცუზები ამდენნიო, ნემენცები ამდენნი, ლეკები ამდენი, ოსები ამდენი, აისორები ამდენიო და სხვანი. ქართველების შესახებ-კი სრულიად სხვა გვარად იქცევა. ქართთველის ერის შტოები ცალკე ხეებად გარდუქცევია, თემები – ცალკე ხალხებად და ერთი ეროვნული სხეული თორმეტ-ცამეტ პატარა სხეულად მოუჩვენებია. ქართველები ამდენნი არიანო, მეგრელები ამდენნი, იმერლები ამდენნი, ფშავლები ამდენნი, თუშები ამდენნი, ხევსურები ამდენნიო. უყურებთ, რამდენი ნაცია აღმოუჩენია ქართველებში!

ამ უკუღმართი სტატისტიკის წყალობით ჩვენი დედა-ქალაქი – თბილისი გამოდის ორ წილად სომხეთა ქალაქად და ერთ წილად ქართველთა ქალაქად, რადგანაც პირველთა რიცხვი მეკალენდარეს გამოჰყავს 63,003 სული, მეორეთა რიცხვი-კი მხოლოდ 39,398 სული . ნამდვილად-კი ქართველთა რიცხვი თითქმის უდრის სომეხთა რიცხვსა; თუ კარგად ჩაუკვირდებით ცნობიერის თვალით თვითონ ბ-ნის გერცენშტეინის სქემასა და ციფრებსა. საქმე ის გახლავთ, რომ ზემოდ მოყვანილს რაოდენობისას ქართველ-კახელებისას უნდა მიემატოს იმავე კალენდრიდან 6469 თბილელი იმერელი, 1442 მეგრელი, 47 ფშაველი, 133 თუში, 120 ხევსური; შესდგება სულ 48, 375 ქართველი, თბილისში მცხოვრები.

მაგრამ ეს რიცხვი მცირეა ნამდვილზე. სქემის ბოლოს კალენდარში ვკითხულობთ: прочия национальности=4509. ვინ იმალება უმეტესად ამ სახელწოდების ქვეშ? ევროპიელნი? იგინი თითქმის ყველანი არიან ჩამოთვლილნი. აზიელნი? ესენი თითქმის ყველანი არიან მოხსენებულნი სქემაში. მაშ, ვინ უნდა ვიგულისხმოთ? უმთავრესად – სხვა-და-სხვა თემის ქართველები, რომელნიც არ არიან სქემაში მოხსენებულნი, როგორც, მაგალითად, მთიულნი, ინგილონი, ქიზიყელნი, ჯავახნი, რაჭველები, გურულები, მესხნი, სხვანნი, სამურზაყანოელნი, გამაჰმადიანებული ქართველები. ყოველს შემთხვევაში, ამ თითქმის ხუთი ათასს სულში ნახევარი მაინც სხვა-და-სხვა თემის ქართველობა აღმოჩნდება. მიუმატეთ ეს რიცხვი ზემო ჯამს ციფრებისას და მივიღებთ 50,000 ქართველსა თბილისში.

მაგრამ ამ რიცხვსაც აკლია ერთი ბლომა ჯგუფი ქართველებისა. როცა გერცენშტეინი ჰყოფს თბილელებს სარწმუნობის მიხედვით, მოხსენებული ჰყავს რომის კათოლიკენი და სომხის კათოლიკენი. ქართველი კათოლიკენი-კი მას არა სწამს და იგინი გაუქრია; მაგრამ არა, გაუქრია-კი არა, სომეხთა რიცხვისათვის მიუმატებია, თანახმად ანდაზისა: მიეცეს და მიემატოსო. თუ ამ ქართველს კათოლიკებს, რომელნიც უსამართლოდ ჩაუჩხირავს სომეხთა რიცხვში, გამოვრიცხავთ აქედგან და ქართველთა რაოდენობას მიუმატებთ, გამოვა, რომ თბილისში სცხოვრობს 60,000 სომეხი და 50,000 მეტი ქართველი. ეს ცოტაოდენი სიჭარბეც თბილელის სომხობისა მხოლოდ მაინ იქნება ნამდვილი, თუ თვითონ რიცხვები ქართველებისა და სომხებისა სიმართლეს არ ღალატობენ ჩვენის იღბლიანის მეზობლის სასარგებლოდ .

ბ-ნის გერცენშტეინის კალენდრის მრავალი მკითხველი-კი იმ აზრს გამოიტანს, ვითომც თბილელი ქართველობა ერთიორად ნაკლები იყო რაოდენობით თბილელ სომხობაზე. ტყუილად-კი არ არის ნათქვამი:”ყოველი კალენდარი ცრუ არსო”.

მაგრამ ეს უბრალო ფაქტიური ტყუილი როდია, რომელსაც შეუძლიან წარმოშობოს მხოლოდ კერძო უსიამოვნება. იგი შეადგენს დიდად მავნებელს სიცრუეს, რომელიც არამც თუ ძლიერ ამცირებს ქართველობის მნიშვნელობას მისს დედა-ქალაქში, არამედ ძირს უთხრის ეროვნულს ერთიანობას, საბუთს აძლევს ჩვენს მტრებსა სთქვან, რომ ქართველები ერის ხრისხამდე ვერ ასულან და თემების ხარისხზე დარჩენილანო, და ამ მხრივ დაბლა სდგანან არამც თუ სომხებზე, არამედ ლეკებზედაც, ოსებზედაც, აისორებზედაც და ყველა კავკავის ხალხებზედ, რომელნიც მთლიან ერებად იწოდებიანო.

ამითაც არა თავდება მავნებლობა ამ სახელ-გამტეხი ვერაგობისა. იგი ემუქრება თვით ხალხის განათლებასაცა. ამ უკანასკნელს წლებში ზოგნი სულიერნი, გათამამებულნი ხსენებულის ცრუ აზრის გავრცელებით, უკვე გაიძახიან პირითაც და კალმითაც, სიტყვითაც და ბეჭდვითაც: თუშEბს, მთიულებს, ფშაველებს, ინგილოებს, მეგრელებს და სხვებს რად უნდა ვასწავლოთ საგნები ქართულს ენაზე და ქართული წიგნი, როდესაც იგინი ითვლებიან ცალკე ხალხებად; მაშასადამე, თავისი საკუთარი ენა აქვთ, განცალკევებული ქართული ენიდგანო. მაგრამ არც ეს პროვინციალური ენებია სახმარებელიო, რადგანაც მათზე არ არსებობს არც წერა-კითხვა, არც ლიტრატურა და არც წირვა-ლოცვაო. მაშასადამე, გაუმარჯოს მუნჯურს მეთოდს ყველა საგნების სწავლებაში, გაუმარჯოს ჯერ სკოლაში და შემდეგ ეკლესიაშიო.

ხოლო ყველაზე სავალალო ის არის, რომ ჩვენი პერიოდული გამოცემანი, ქართველი ლიტერატორები, ჩაფლულნი უმნიშვნელო წიგნურს საკითხავებში, ვერ უწევენ ჩვენს ეროვნებას ფხიზელსი მეველის სამსახურს, და თითქმის ყურადღებას არ აქცევენ ამ გვარს ფრიად მავნებელს სიცრუეს, რომელიც, კალენდრების და გაზეთების საშუალებით, დაუბრკოლებლივ ვრცელდება მთელს კავკასიაში და ძირს უთხრის ვენის ერის სახელსა, უფლებასა და წარმატებასა.

მაგრამ ამას ახლა თავი დავანებოთ და ერთს წამს კიდევ დავუბრუნდეთ ჩვენს პირდაპირ საგანსა. მეცხრამეტე საუკუნის დამდეგს თბილისში მცხოვრებთა აღწერა მოახდინა მთავრობამა, და აღმოჩნდა ჩვენს დედა-ქალაქში 12 ათასი სომხეი და ორი ათასი ქართველი, ესე იგი ქართველობა შეადგენდა მაშინ მხოლოდ მეშვიდე ნაწილს მცხოვრებლებისას. მოხდა ეს საოცარი შემცირება ქართველთა იმისგამო, რომ აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს თბილელმა ქართველობამ თითქმის მთლად შეაკლა თავი მტერსა, ან ტყვედ იქმნა წაყვანილი. ასეთივე ულმობელი ბედი ჰხვდა ღარიბს სომხობასაც. მაგრამ შემძლებელი სომხობა ადრიანად გაიხიზნა მთებში, საიდგან უვნებლად დაბრუნდა მერმე თბილისში, და გარდა ამისა, ტყვეობიდგან გამოისყიდა თავისიანები, რასაც ღარიბი ქართველობა ვერ ეღირსა. ამ სახით, სპარსელების მიერ აოხრება თბილისისა დიდად დაეხმარა მისს გასომხებასა.

მას უკან მთელის საუკუნის განმავლობაში ნელ-ნელა იზარდა რიცხვი ქართველებისა თბილისში და დღეს იგი თითქმის უდრის რაოდნობით სომხობასა, თუმცა ერთი გარემოება ხელს არ უწყობდა ამ ზრდასა. საქმე ის არის, რომ ჩვენი დედაქალაქის პატრონობა და გამგებლობა, მთელის საუკუნის განმავლობაში, სომეხთა ხელში იყო და ესენი, რასაკვირველია, ნებით, თუ უნებლიედ სასწორს თავისიანებისაკენ ჰხრიდნენ და ხელს უწყობდნენ უფრო მათს გამრავლებასა. თუ მომავალში მაინც ეღირსება თბილელს ქართველობას თანაბარი ზრუვნა, უნდა იმედი ვიქონიოთ, რომ მისი ზრდა კიდევ იმატებს და რაოდენობით მაინც პირველს ადგილს დაიჭერენ ქართველები თბილისში, რაც თავისის სრული სამართლიანობით საამური იქმნება ღვთისთვისაც და კაცისათვისაც, რადგანაც ქართველობას მრავალი საუკუნის განმავლობაში თავისის დედაქალაქის დასაცავად მთელი ოკეანე სისხლი დაუღვრია.

Print Friendly, PDF & Email
Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close